ა ბ დ ა ლ ი !
გაცოფებული დრაკონივით ღრიალებს ცა და უშვებს პირიდან ცეცხლს არაერთი მიმართულებით. დაიღრიალებს და მერე… მერე შიშისგან გულწასულ სამყაროს თითქოს ვედრით ასხამსო წყალს სახედახოკილი ღრუბელი. სოროდან ამომძვრალი გველებივით მიიკლაკნება ატალახებულ მიწაზე ნიაღვარი და დაიგუბებს იქ სადაც იპოვის თავის-თავში ,თავისივე მსგავსად მღვრიე სასრულს და ჩაიგუბებს თავისივე ჭუჭყში ვიდრე მზე არ მისწვდება და არ მოახმობს. დედამიწა? დედამიწა გულამდე არ მიუშვებს ნიაღვარს , მხოლოდ მხრებზე გადაიტარებს და ესეც დიდი პატივია. არ მიუშვეს იმიტომ რომ გულში ფესვების საუფლო ტახტი არ წაბილწოს და შემოინახოს მეფური სიდინჯით.
დიახ დინჯია და ბრძენი დედამიწა. ხანდახან გაგიჟდება კიდეც და იძვრის მაგრამ აქაც ზედაპირს დაიმხობს მხრებზე. სიღრმეს ისევ უხილავს და საიდუმლოდ ტოვებს.
და მაინც სადააქვს საწყისი -მზეს და საიდან იღებს სათავეს- მარადიულობა?
-ამ დუნიაზე რომ ყოლიფერი გადელებული და გააბდლებულია აი ქი ჩანა მარა..
აი ცაიც რომ გადაგვიდგა და აღარაა დაზოგვა კაციშვილის აი ნამეტარი გლახათ ხთება გულს ბეჟოია. მიაქ ყოლიფერი აღარც ნათესს ტიეფს და აღარც ნარგავს. თლა მუუშვავებია კოსტაიეს ბახჩა,მისი ღობიანა ეგერაა ეე გადაღმაში ჩაწოლილი.
რამდენჯერ გაახლა ღობე მარა რათ გინდა …..
ბახჩას კიდო ვინ ჩივა მარა…
სახლთანაც მუა რაია შერცხვება თუ?
და რა ქნას მერე კაციშვილმა?
მთელი ცხოვრების ნაჯაფარს ასე რომ წეიღებს და მუარიალებს ტალახი,რაის გული და ნერვები შეგრჩება მითხარი ერთი?
არც მე დუუტიებივარ უპატივცემულოთ, ჩემ საღორესანაც უნახია გზაი ნიაღვარს და დილას რომ გამუაღე კარი საწყალი ღორები მაშველ რგოლს ითხოვდენ,პაწაც და მეზარალებოდა აი ამდენ სიმინდ- ნაჭამი და ნასასუქარი ღორები.
-რაია შე კაცო ენა მუცელში გაქ ჩავარდნილი?
ან კაი მითხარი რაცხა ან გლახა. ან დამამშვიდე და ან გადამრიე თლათ ბარეღამ.
–ჯერ ერთი შენ კიდო გადარევა აღარ გჭირია ისეც გუუდელებიხარ წუხანდელ ავდარს და მერე კიდო რომ ჩივი თქვი რაცხაო?
როის მეთქვა?
არ გაგიჩერებია ენა რაც მოი და მაი სიმღერა კარ აა ორ- სამ ხმაში რომ უფრო კაი მოსასმენი იყოს?
დეითქვი სული,ამოყარე ბოლომდის რაც გინდა სათქმელათ და მერე რომ გაჩერდები მე ჩემსას გეტყვი ასეა აი . -გევიკმინდე ხმაი და გისმენ აბა ახლა ბეჟოია თქვი რაცხა თუ კაცი ხარ .
-რაია ჩემო დომნა და სიმინდი რომ დათესო საზამთრო ხომ არ ამუა? -არა მამფერი აფერი გამიგონია ამ ხნის ქალი ვარ და…
-ვერც გეიგონებდი იმიზა რომე მამფერი არ არსებობს.
ხოდა მაგაშია საქმე ზუსტათ. რომ ჩივი აი ცაიც აღარ გვზოგავსო ,რაფერ გგონია შენ დომნაია ცაი საიდან იწყება?
მიწიდან იწყება დომნა -მიწიდან. კაციშვილი მიწიდან ამოსულ” მზეს “უნდა შეხაროდეს იმიზა რომე იია მისი საწყისი . ჯვარივითაა მიწა! უნდა მიეჯაჭვო,ოფლი და სისხლი დაანთხიო და აღმართო. ხოო შენი მიწა უნდა აღმართო და აღარ გეიქცევა არსა. არც დაშვავდება და არც გაგიუგემურებს ნაშრომს. ნამეტარი დუუმძიმდა კაციშვილს ნაბიჯები.მძიმეა შური და ბოღმა დომნაია ნამეტარი მძიმეა და უჭირს დედამიწას. უჭირს და გაგვირბის ისე რაფერც შეუძლია გაქცევა.
-სა დეინახე შენ ბეჟოია მიწიდან ამოსული მზეი? და თუ დეინახე მეც დამანახე თუ კაცი ხარ.
-სა დევინახე კი არა რასაც უყურეფ ყოლიფერი მიწიდან ამოსული მზეია დომნა . საფლავის ქვაიც კი. ასლა დაბლიდან მაღლა სვლას ქვია დომნა.. აბა პირდაპირ მაღლა მჯდომი ღმერთია მარტო. ცაში რომ მზეია იი არ წაგიკარეფს ისე მიწიდან ამოსულმა მზემ თუ არ მიგაცილა იქობამდე.. ცაი გადელებულია იმიზა რომე ,დედომიწას ხედავს გაბრაზებულს . საწყისი-საწყისოფს და საწყისი ააქ უსასრულობას ,ღრმა და გააზრებული საწყისი. დასასრულსაც საწყისი ააქ და ეე მაია ზუსტათ, მაქით მივექანებით. საწყის-სასრული ნამეტარი ახლო -ახლო ჯდანან ერთიმეორესან, თვალებში უყურებენ თლა ერთიმეორეს. ერთი ჯორკოს აბრუნებაა მანძილი მაგენს შორის და დამთავრებულია საქმე….
სოროდან ამომძვრალი გველებივით მიიკლაკნება ატალახებულ მიწაზე ნიაღვარი და დაიგუბებს იქ სადაც იპოვის თავის -თავში ,თავისივე მსგავს მღვრიე სასრულს და ჩაგუბდევა თავისივე ჭუჭყში ,ვიდრე მზე არ მისწვდება და არ მოახმობს!
მარიამ ბაქანიძე.