თუ კომენტარებს გადახედავთ, იმ მრავალი მილოცვის გვერდით, რომელიც შიო მესამის არჩეევას მიეძღვნა, შეხვდებით ახალი პატრიარქის მიმართ გამოთქმულ, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურეს სკეპსისსა და მიუღებლობას ჩვენი ქვეყნის მრავალი მოქალაქის მხრიდან, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობს საჯარო ცხოვრებით და რომელსაც ვერანაირ ნიშურ სტატუსს ვერ განუსაზღვრავ.წარსულშიც ბევრი გვინახავს ეკლესიით იმედგაცრუებული, მისით უკმაყოფილო და მასზე გაბრაზებული, მაგრამ პატრიარქზე ამდენის თქმას ახლანდელის უმცირესი ნაწილიც ვერ ბედავდა.
როგორც წესი ეს ბრაზი გადამისამართებული იყო სადღაც გვერდით, პატრიარქის მისტიკური გარემოცვისკენ.
დღეს კი აშკარაა, რომ ტახტზე ღვთაება აღარ ზის და გაბრაზებულ ადამიანს შეუძლია ამავე ტახტზე მჯდომი სხვა პირის სრული პროფანირება იმგვარად, რომ ეს სოციალურ წნეხსა და ნორმატიულ გავლენას გაუძლებს.
ანუ, ნორმალურ ენაზე რომ ვთქვათ, სუფრაზე თუ ვინმე შიო მესამის სადღეგრძელოზე არ ადგება, ნაკლები შანსია გადაულახავ იზოლაციაში აღმოჩნდეს. ზოგგან კი, შესაძლოა, მორალური უპირატესობაც აიღოს. გზნებას გააჩნია.
შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, პატრიარქ ილიას მიმართ არსებული კრძალვა ვერავინ იმემკვიდრა.
ყველაზე უარესი, რაც ახლა ეკლესიას შეუძლია საკუთარ თავს გაუკეთოს, იმის დაჯერებაა, რომ წინა პატრიარქის რეიტინგი ახლანდელისაა და რომ ის ზღვა ხალხი შესვენებულ ილიას რომ გამოემშვიდობა, ჯერ ერთი ქოცია და მეორეც – ყველას ადვილად მიიღებს.
კი, შეიძლება წინამორბედის ექოთი იხეირო, მაგრამ ერთი პატრიარქი ვერ გამოკვებავს ორ პატრიარქატს.
შიო მესამემ პატივისცემა თავად უნდა მოიპოვოს და უნდა მოიპოვოს ის არა სტრატეგიული გაანგარიშებით, არამედ ქრისტიანულ იდეებთან მიბრუნებით.
ცხადი უნდა იყოს რას იცავს ეკლესია, იმისთვის, რომ არც მეტი მოსთხოვოს ვინმემ და არც ნაკლები.
რაც მთავარია, ის, რაც ცხადი უნდა იყოს, უნდა იყოს ცხადად ქრისტიანული და არა რომელიღაც უდაბნოში გამოშტერებული ანტიკანონიკური შარლატანების პოლიტიკური მონაჩმახი. არ სჭირდება საქართველოს სექტარიანული ორთოდოქსია.
ამასთან, მისმა უწმინდესობამ უნდა იცოდეს, რომ თუ პატრიარქი იცავს პარტიას, მას გალანძღავენ ისე, როგორც იმ პარტიას ლანძღავენ.
საქართველოში კი პარტიებს ძალიან ლანძღავენ.
თუ ეკლესია იცავს პრინციპს, მისი გაგება შეიძლება მაშინაც კი, თუ პრინციპს არ ეთანხმები.
პრინციპული ხალხი ყველას უყვარს, აი, პარტიული მიკერძოება – არავის.
თავის მხრივ პრინციპულობა თანასწორ მოპყრობას მოითხოვს. მაგალითად, შენ ვერ მოაწყობ მრავალის მიერ გამოცხადებულ “სოდომიტთა წმენდას” თუ ამას ჯერ შენი მხარდამჭერებიდან არ დაიწყებ. ხოლო “სოდომიტთა წმენდას” ვერ დაიწყებ, სანამ შენ სახელს ყველაზე ხმამაღლა სახელგანთქმული მრუშები და ცოლოსანი ეპისკოპოსები ყვირიან, მათ კი არ სჯი.
შერჩევითი სამართალი საქართველოში კიდევ უფრო ნაკლებ უყვართ, ვიდრე პოლიტიკურად მიკერძოებული იერარქია.
დააკვირდით ქართული ოცნების სპიკერებსა და მხარდამჭერებს: ერიდებათ ეპისკოპოსებისა და არქიმანდრიტების გინება? არა. რატომ? იმიტომ, რომ რა წამსაც ისინი სასულიერო პირს მონიშნავენ პარტიულად, იქვე განძარცვავენ ხოლმე ხარისხიდანაც. და იქვე აეხსნება ხოლმე ენას აღვირი.
მღვდლისა და ეპისკოპოსის გინებას ადრე თავად კრძალავენ, ახლა კი პირველები გარბიან. ხომ ნათელია, რომ ასე იზამდნენ პატრიარქზეც, ის რომ აერჩიათ, ვინც მათ გულზე არ ეხატებათ?
აბა ახლა პერსპექტივა შევაბრუნოთ: განა ასე არ იზამს ყველა, ვინც ტახტზე დაინახავს არა მამას, არამედ პოლიტიკურ ოპონენტს? გაანულებს მის ხარისხს და ენას აუშვებს.
ეს უკვე ხდება, თქვენო უწმინდესობავ.
50 წლიანი მმართველობის შემდეგ ხალხისთვის პატრიარქი იყო ილია მეორე. თითქოს პატრიარქობა იყო ილია მეორის გვარი და არა წოდება. მრავალმა ისიც კი არ იცის, რომ ახალს მისი ტიტული ერგო, არათუ ავტორიტეტი.
არ მოიტყუოთ თავი, თუ არაფერი შეიცვალა, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.
ჩვენ გვჭირდება ძლიერი, ქრისტიანულ საფუძველზე მდგარი, საჯარო ცხოვრებაში მონაწილე, მაგრამ არა პოლიტიკით სრულიად მოცული ეკლესია, რომელიც ერთგულებს ღვთივბოძებულ თავისუფალ ნებას, შესაბამისად, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, პიროვნების ღირსებასა და სხვა ქრისტიანულ მაქსიმებს. თუ ეკლესია ამას შეძლებს, აღმოაჩენს, რომ მხურვალე სიყვარული მან უფრო იცის, ვინც სკეპსისს სძლია, ვიდრე მან, ვინც ამას ინერციით აკეთებდა.
P.S თუ მისი უწმინდესობა აპირებს პირველი ათასწლეულის რიგორიზმით განსაჯოს მესამე ათასწლეულში, ეკლესიაში დარჩება მარტო. ნუ, ბოლომდე მარტო არა, ალბათ დარჩება შალვა კეკელიაც, მაგრამ ვშიშობ, ეს მარტოობას კიდევ უფრო აუტანელს გახდის.
ლევან მნათეუს სუთიძე; “ტაბულას” მთავარი რედაქტორი; სოციალური ქსელი ფეისბუკი;








