გორში სტალინის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარეს

გორში საბჭოთა დიქტატორის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარეს – საუბარია სტალინის იმ მონუმენტზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ პარკში დგას.

ფაქტს სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ რეაბილიტაციის ნაცვლად, ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლი “ახალბაღიდან” საერთოდ უნდა აეღო.

საინიციატივო ჯგუფმა არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ საჯარო სივრცეებიდან სტალინის ძეგლები და მონუმენტები აეღოთ, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ამ ფორმით ცდილობენ სტალინის კულტის გაძლიერებას.

“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ მიიღო, რაც გულისხმობს, რომ ძეგლები, ბარელიეფები, კომუნისტური,  ტოტალიტარული და ფაშისტური ძეგლები და მონუმენტები აღმოფხვრილი უნდა იყოს ქვეყანაში. წლების განმავლობაში, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვთ და მივმართავთ, რომ აღასრულონ კანონი, თავისუფლების ქარტია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით რეაგირება არ არის და ჩვენ ვხედავთ, რომ იმის მაგივრად, რომ კანონი აღასრულონ, პრორუსული ძალები არიან გააქტიურებულები,” – ამბობს საინიციატივო ჯგუფ “მაროს” წევრი, თეონა ფანქველაშვილი.შეგახსენებთ, კანონი “თავისუფლების ქარტია” საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს მიიღო. ამავე წელს აიღეს გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი, რომელიც ცენტრალურ მოედანზე 60 წელზე მეტხანს იდგას. მას შემდეგ აქტივისტები ითხოვენ, რომ ქალაქის მთავარ გამზირს საბჭოთა დიქტატორის სახელი გადაერქვას, თუმცა ხელისუფლება არც ამ მოთხოვნას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share