ოზურგეთელი სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებას მიმართა:
”ქედს ვიხრი ღირსეული ქართველი ლაშქრის წინაშე. ღირსების პირველი ბრძოლა მოგებულია. აბა რა ეგონათ მაგენს? მაგრამ რუჩკებს არ ვენდოთ, სანამ ბოლო ლურსმნებს არ დავაჭედებთ. იმდენი იაბდლენ, იმდენი გვიჩხიკინენ, აი დაძინებული ერი გადაგვრიენ, გამოგვიყვანენ წყობიდან და აგერ ვართ ყველა. გაუმარჯოს სამოქალაქო მოძრაობას.
ქართველის ბუნება არის ასეთი: როდესაც საშიშროება ექმნება მის თავისუფლებას, ის გამოდის დედა-ბუდიანად. ძალიან ბევრი ვუთმინეთ , ბოლოს გავიდნენ თავს.
მე მინდა, ჩემს ძვირფას ახალგაზრდებს ვუთხრა მადლობა. აქ ჩემი მოსწავლეებიც არიან. ტყვილა არაა ნათქვამი , ომს მასწავლებლები იგებენო, ჩვენ ვზრდით ასეთ შვილებს, ოღონდ პატრიოტი მასწავლებლები და არა თავზე ნაცარ წაყრილები.
ესენი არ არიან სანდო. ბოლომდე უნდა მივყვეთ საქმეს.
დღეს, როდესაც გამოფხიზლდა ერი და დგას ისტორიის სწორ მხარეს, ეს შანსი არ უნდა გავუშვათ. ყველას უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს რუსული კანონი. ეს ნიშნავს ევროკავშირის სტატუსის დაკარგვას.ეს ნიშნავს რუსულ ოკუპაციას და ეს იმას ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერაფერს გავაპროტესტებთ. სამომავლო საქმე ფუჭდება.
მაგათი მესიჯები ხომ ვიცით – “აბა ომი გინდათ?” “მშვიდობაო”.. დაქცეულ ქვეყანაში მშვიდობა არ გინახავთ?
” არ აგარევინებთო” – დაწყობილი გვანახონ სადმე.
ღირსებით ევროპისკენო წერენ ახლა ეს მართლა უსინდისოები და ამ დროს ახალგაზრდებს წამლავდნენ გაზით. სად აქვთ მათ ღირსება ?
ახლა შეეცდებიან ჩვენს დაშლას, ახალგაზრდების დაშინებას, არ ქნათ ეს ხალხო. იცოდეთ, ეს შანსი თუ გავუშვით, შეგვაჩვენებს მომავალი თაობა.
გაუმარჯოს ერთიან, ევროპულ, ცივილურ საქართველოს.” – განაცხადა გორდელაძემ.