ადამიანები თანასწორი იბადებიან…

1990 წელს 17 მაისი შეირჩა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების აღსანიშნავად, რომელმაც ჰომოსექსუალობა ქცევითი დარღვევების სიიდან ამოიღო ლგბტ თემთან თანაარსებისათვის მოუმზადებელია არა მარტო საზოგადოება, არამედ მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც შემწყნარებლობას ქადაგებს, სახელმწიფო, რომელიც ყველა მოქალაქის უფლებებს უნდა იცავდეს დღეს მიუღებელია ადამიანის ჩაგვრა კანის ფერის გამო, არადა ეს დაწესებული იყო.

დღეს მიუღებელია ადამიანის ჩაგვრა „დაბალი“ წრის წარმომადგენლობის გამო, არადა ეს დაწესებული იყო.

დღეს მიუღებელია ადამიანის დამონება, მიუღებელია ქალის ჩაგვრა… ეს ყველაფერი დაწესებული იყო…

დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია შევქმნათ დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ რატომღაც ჩვენი ტრადიციების შელახვად, გადაგვარებად „ქართველობის დაკარგვად“ მიგვაჩნია უსაფუძვლო შეხედულების გადახედვა.

„ყოველი ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი უფლებებითა და ღირებულებით“ – ნათქვამია ადამიანის უფლებების დეკლარაციაში.

ამას ვაღიარებთ, მაგრამ ვირაზმებით ლგბტ თემის წინააღმდეგ.

მათ არსებობას ვაღიარებთ, მაგრამ დამალვას ვურჩევთ.

მათ კი ჩვეულებრივად, ლეგალურად უნდათ ცხოვრება.

უნდათ მარტივი რამ, საზოგადოებამ, კანონმა აღიაროს ისეთი როგორიც არიან.

უნდათ იარონ გულისწორთან ერთად სახალხოდ, შექმნან ოჯახი, გადაიღონ ფოტო, გამოჩნდნენ…

ვიცი, ჩვენ გვიჭირს ამის შეგუება, გვგონია რომ „ცუდმა დრომ და თავს მოხვეულმა პრიორიტეტებმა მოიტანა ეს, თავგზა აუბნია ადამიანს…

ვცდებით, ბატონებო და ბევრ ოჯახს გაუსაძლის პირობებს ვუქმნით, არის მსხვერპლიც…

მედიცინამ აღიარა, რომ ამა თუ იმ სქესობრივი ორიენტაციით იბადება ადამიანი. ეს არ არის შეძენილი, „მავნე“ ჩვევა. თუმცა „ქართველობასთან“ შეუთავსებელი აღმოჩნდა ამის გააზრება. მეტიც, განათლებული ადამიანები მოუწოდებენ ჩაახშონ ლგბტ თემის ყველა მცდელობა თავისუფალების და თანასწორობის მოსაპოვებლად.

ლგბტ თემის ადამიანები ყოველდღიურად ხდებიან ბულინგის, დისკრიმინაციის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ახლახან, მოძრაობა „ერის“ ფუძემდებელი ლევან ვასაძე სახალხოდ დაემუქრა თბილისი პრაიდის მოწყობის ინიციატორებს დაპირისპირებით. მას მხარდამჭერებიც ჰყავს, რომლებიც „ქართველობას დაიცავენ“ და ქართველებს დააწიოკებენ…

ლგბტ თემთან თანაარსებისათვის მოუმზადებელია არა მარტო საზოგადოება, არამედ მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც შემწყნარებლობას ქადაგებს, სახელმწიფო, რომელიც ყველა მოქალაქის უფლებებს უნდა იცავდეს. დაპირისპირების ნიმუშია ამ ინსტიტუტებისაგან 17 მაისს დაწესებული ოჯახის სიწმინდისა და ეროვნული სამოსის დღეები, რაც მხოლოდ დისკრიმინაცია და კონტრაქცია გახლავთ.

17 მაისი არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.

1990 წელს 17 მაისი შერჩეულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების აღსანიშნავად, რომელმაც ჰომოსექსუალობა ქცევითი დარღვევების სიიდან ამოიღო.

ამ თარიღის აღნიშვნა 2005 წელს დაიწყო და მას IDAHO-ს კომიტეტი უწევს კოორდინაციას საერთაშორისო დონეზე, მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება..

საქართველოში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც დაუპირიპირდნენ. ხშირად გაიგონებთ, მე ნუ დამენახება და რაც უნდა ის ქნას. მაგრამ არავის უნდა სოროში ცხოვრება, ჩვენი პირადი სივრცე და თავისუფლება მეტია ვიდრე ერთი ოთახი… თუმცა იმ ერთ ოთახშიც არაა სიმშვიდე, რადგან ოჯახის წევრებიც უპირისპირდება „განსხავებულს“, ცდილობენ „უმკურნალონ“, რცხვენიათ, დარდობენ, უჭირთ… თანადგომა კი თითქმის არსადაა.

რეგიონებში უფრო რთულია ყველაფერი, სადაც უფრო გამჭირვალეა პირადი ცხოვრება, სადაც ყველამ ყველაფრი იცის ყველაზე… ამიტომ ლგბტ თემის წარმომადგენლები თბილისში ან ემიგრაციაში გარბიან, სადაც ოჯახიდანაც და საზოგადოებისგანაც გარიყულები რჩებიან… არის მსხვერპლიც და მერე სინანული…

ტერმინებიც არ ვიცით ჯერ და ლგბტ თემს ძველებურად შეურაცხმყოფელი განსაზღვრების ქვეშ ვაერთიანებთ, რომელთა გამოყენება მიუღებელია.

გაცილებით მარტივი იქნება თანაცხოვრება, თუ ტრაგედიად, დანაშაულად და სირცხვილად არ მივიღებთ ადამიანის სურვილს იყოს ის, ვინც არის. ეს თემი იბრძვის თანასწორობისათვის, მეორე მხარე კი იბრძვის მათი ჩაქოლვისათვის სამართლიანობის, სიწმინდის სახელით „ქართველობის დასაცავად.“ მეტიც, იმ ადამიანებსაც ვუტევთ, ვინც ცდილობს გაგვათავისუფლოს ამ მცდარი პოზიციისაგან.

ტრადიცია გაინტერესებთ? რუსთაველი ამბობს: „ – ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების“. ჰოდა, „წყალობას“ არავინ გთხოვს, არც სიყვარულს… უბრალოდ, მიეცი უფლება იყოს ის, ვინც არის, ამით შენ არაფერი დაგაკლდება, პირიქით, გაუმჯობესებულ, ურთიერთპატივისცემის და მეტი სიმშვიდის გარემოში მოგიწევს ცხოვრება.

ნუ გახვალ ამ თემთან საბრძოლველად, ნუ დაადანაშაულებ. სიმართლეს უნდა შევეგუოთ.

არსებობენ სხვადსასხვა სქესობრივი ორიენტაციის ადამიანები და ისინი თანაბარუფლებიანი არიან, მათ უნდა იცავდეს სახელმწიფო და იღებდეს საზოგადოება.

ავტორი: ლია კილაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share