მარჯორი და ოლივერ უორდროპები გურიას ეწვივნენ 1895 წელს. ნიგოითში მათ მასპინძლობდათ დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ჰანა ტარსი. 25 იანვარს ჩამოვიდნენ ოზურგეთში, 27 იანვარს აქედან მატარებლით გაემგზავრნენ ბათუმს.
მარჯორი უორდროპის დღიურიდან:
სუფსიდან ოზურგეთისაკენ – გურიის დედაქალაქისაკენ გავეშურეთ. ქალაქი პატარაა. ძლივს აღემატება დიდ სოფელს. მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ…
ოზურგეთიდან წავედით შემოქმედის მონასტერში, რომელიც ბჟუჟის პირას მდებარეობს, და, სხვა ძველ მონასტერთა მსგავსად, წინათ, გამაგრებული ციხესიმაგრე ყოფილა…
ოზურგეთიდან გამგზავრებისას ქალაქმა გამოსამშვიდობებელი ნადიმი გაგვიმართა კლუბში და მე არასოდეს დამავიწყდება ამ კეთილი გურულების ენთუზიაზმი და საუკეთესო სურვილები. ყველანი გვეპატიჟებოდნენ, უამრავი ოჯახი გვიწვევდა. ნადიმი ორ საათს გაგრძელდა და მხოლოდ იმის გამო წამოვიშალეთ, რომ ბათუმში მიმავალ მატარებელს უნდა გავყოლოდით. გამომშვიდობებისას კეთილი მგზავრობა გვისურვეს…ბოლოს თავმოყრილ სტუმართა შეძახილებით დავტოვეთ ოზურგეთი და გზას გავუდექით
25 ამ თვეს ოზურგეთში გვეწვივნენ ინგლისელი სტუმრები და-ძმა ვარდრპონი და 26 დაათვალიერეს შემოქმედის მონასტერი, მისი ძვირფასი დიდი სიმდიდრე და ხელოვნება. – ხოლო დღეს 27 შემოვიდნენ ჩვენს წიგნის მაღაზიაში და წიგნთ-საცავში, საიდანაც ათი-თორმეტი მანეთის წიგნები წაიღეს, რომელიც თფილისში ვერ ეშოვნათ. მართალი უნდა მოგახსენოთ, ჩემს სიხარულს და აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, როდესაც მშვენიერის ქართულის კილოთი მითხრეს: „ახალ სენაკში და ოზურგეთში დაბეჭდილი წიგნები, რაც გაქვთ მოიტანეთო“. ჩვენი ქართველი „ბარიშნები“ და „დამები“, რომ შემოდიან მაღაზიაში მეუბნებიან „აკაკის საჩინენიას“ შენს „ტიპოგრაფიაში“ რატომ არ ჰბეჭდავო, ან კიდევ „ნოვო-სენაკის“ „ტიპოგრაფიაში“ უფრო „დახოდი“ გაქვს თუ „ოზურგეთისაშიო?“ და სხვ… აბა ამ დროს მოდი და ნუ მოხვალ აღტაცებაში, როდესაც იმ შესანიშნავს და ჩვენზედ დიდად დაშორებულ სახელმწიფოდგან, სადაც ხსენება ქართველის არ არის, მოდის ადამიანი, რომელსაც თავისით შეუსწავლია მშვენიერი ქართული ენა და გელაპარაკება ჩინებულის ქართულის ენით: „ახალ-სენაკისა და ოზურგეთის სტამბების გამოცემა მომაწოდეო”?! დღესვე იყო ოზურგეთის საზოგადოებისაგან სამოქალაქო კლუბში გამართული სადილი ჩვენის იშვიათის სტუმრების პატივსაცემლად, სადაც 80-ზედ მეტი კაცი და ქალი დაესწრო და სადღეგრძელოებზედ ბევრი გრძნობიერი სიტყვა წარმოითქვა, რომელსაც სამწუხაროდ აქ ვერა ვსწერ და ადგილიც ნებას არ მაძლევს
კ. თავართქილაძე
გურამ შარაძის წიგნიდან „ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე“ (1984)