ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს ვანო ჩხაიძეს 50 წელი ემიგრანტობაში შეუსრულდა. იგი თავის მეუღლესთან, გულისა ქადეიშვილთან ერთად უკვე ორი წელია იტალიაში იმყოფება. მანამდე 30 წელი იმსახურა ჩვენს თეატრში მსახიობად. აქ სკოლის დამთავრებისთანავე მოვიდა. როგორ დაინტერესდა თეატრით ამას თავად გვიამბობს:
ვანო ჩხაიძე: მსახიობის პროფესიისადმი სიყვარული მოსწავლეობისას გამიჩნდა, სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად ვიყავი ჩართული, ვდგამდით მინიატურებს. საშუალო სკოლა 1987 წელს, სოფელ შემოქმედში დავამთავრე. სოფლის კულტურის სახლთან არსებობდა სცენის მოყვარულთა წრე და აგიტ-მხატვრული ბრიგადა, ქალბატონ ანგელინა კვაჭანტირაძის ხელმძღვანელობით. ქალბატონმა ანგელინამ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი აგვიყვანა პატარა დასში, რომელიც ძირითადად სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტდა. არ დამავიწყდება აქ შესრულებული ჩემი პირველი როლი – ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილი) და გერონტი (სკეტჩი “ტელევიზორი”). სკოლის დამთავრებისთანავე მივაშურე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრს და ჩავირიცხე თეატრთან არსებულ სტუდიაში, ბატონი სილოვან კიკვაძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი. ჯერ ე.წ. „გამოსვლებზე”, ეპიზოდურ როლებზე ამიყვანეს. ჩემდა სასიხარულოდ, მალე ჩამსვეს შტატში დამწყები მსახიობის პოზიციაზე, რაც ბატონი ვასილ ჩიგოგიძის დამსახურებაა, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას ვუხდი. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დგომა, თუნდაც წუთით, დიდი ბედნიერებაა და ბევრისთვის ოცნებაც. საამაყოა, როცა სცენაზე დგახარ ქალბატონების: ანა ანდღულაძის, ეთერ მუჩიაურის, ზაირა თოთიბაძის, ბელა კიკვაძის, მარგო ავაქიანის; ბატონების: რომან ლომინაძის, გივი ახმეტელის, რეზო სარიშვილის, ნუგზარ ბარამიძის, ომარ ურუშაძის, ჯემალ კეჭაყმაძის და სხვათა (ყველას ვერ ჩამოვთვლი) გვერდით. ორწლიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი თეატრს, რადგან სულით და გულით ვილტვოდი სცენისკენ („ჩაყლაპულმა სცენის მტვერმა” თავისი ქნა). მომიწია ძლიერ რეჟისორებთან და უნიჭიერეს მსახიობებთან მუშაობა. შესრულებული მაქვს დაახლოებით 30-მდე როლი, ყველა ჩემი პერსონჟი მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევ – მთხრობელი (მ. ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”, რეჟისორი შ. ბაბილოძე). ვითარებამ მოითხოვა და სამღებრო-სარემონტო საქმიანობაც შევითავსე. განათლებით ვარ ინჟინერ-მშენებელი (დავამთავრე როსტოვის საამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი), თუმცა თეატრი ჩემთვის მაინც უპირველესია. როლზე როგორ მუშაობდით? – მსახიობს თავიდან რეჟისორი აძლევს მიმართულებას და უსახავს ამოცანას. შემდეგ თავად იაზრებ თემას, პერიოდს, გარემოს, ხასიათს, ყველაფერ ამას ცოტა წარმოსახვა, ემოციაც ემატება. ზოგჯერ საჭიროა საზოგადოებაში გასვლა გამოსაძერწი პერსონაჟის პროტოტიპის საძებნად, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდე რეალობას. ადამიანებთან ურთიერთობაში სწავლობ ბევრს, ქცევის, მეტყველების მანერას, წვრილმანს, რომელიც გმირს შესძენს განსხვავებულ იერს. ყოველთვის საჭიროა ახლის ძიება, ყველა დადგმაში სხვადასხვა პიროვნება უნდა იყო.
– ძნელი იყო წასვლა, ემიგრანტობასთან შეგუება?
– ოთხი თვე დამჭირდა გადასაწყვეტად, მაგრამ რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, მაინც მომიწია ამ გზაზე დადგომა. ძალიან რთულია ოჯახის მიტოვება, საყვარელ ადამიანებთან განშორება, იმ კოლექტივისგან მოწყვეტა, სადაც ჩემი ცხოვრების ნახევარი მაქვს გატარებული; ძნელია სახლ-კარის გამოკეტვა, მეგობარ-ახლობლებთან სიშორე. რთულია უცხო მიწა-წყალზე ადაპტირება. ტრაპიდან მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ერთვები სულ სხვა სხვა სამყაროში, შეეგუო უნდა უცხო წესებს, კანონებს, კულტურას, ცხოვრების ტემპს და ა.შ. ენის არცოდნა უმთავრესი პრობლემაა. რა თქმა უნდა, რთულია ემიგრანტობა. ისე არ დაღამდება, რომ ძილის წინ თვალწინ არ დამიდგეს ჩემი კარ-მიდამო, ოჯახის წევრები, ახლობლები, მტერი თუ მოყვარე. ისეთმა რაღაცეებმა იცის ხოლმე ამოტივტივება, კარგა ხნის წინათ მივიწყებული რომ მქონდა. მენატრება და მტკივა ჩემი ქვეყანა, მისი დღევანდელი მდგომარეობა. ქართველების უმრავლესობა ეკონომიკური პრობლემების გამოა გადმოხვეწილი…. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის პოტენციალი ემიგრაციაშია და მათი უმეტესობა აღარაა უკან დამბრუნებელი. ვერ ხედავენ საქართველოში პერსპექტივას, მომატებული უმუშევრობისა და დაბალი ანაზღაურების გამო. ამჟამად ვიმყოფები სამხრეთ იტალიაში, პულიის რეგიონში. აქ ძირითადად სოფლის მეურნეობას, კერძოდ მეხილეობა-მევენახეობას მისდევენ. აქაური ფერმერები არ იშურებენ ფინანსებსა და რესურსებს ბაღ-ვენახი ყოველთვის მოწესრიგებული რომ ჰქონდეთ (დახნული, გასხლული, შეწამლული, აკონილი, სარწყავი სისტემა მუდამ გაახლებული და მწყობრშია). მოსავლის აღებას ზეიმით ეგებებიან, სახელმწიფოც უწყობთ ხელს, მოსავლის ჩაბარება-გასაღების პრობლემა არ აქვთ, ფასიც მისაღებია და ქვეყნის ეკონომიკაც იზრდება. ფერმერი აღებული თანხის უმეტეს ნაწილს ისევ მეურნეობისათვის და გადასახადებში ხარჯავს. ქართველი მამაკაცები ძირითადად ამ პლანტაციებში ვართ დაკავებულები, საათობრივი ანაზღაურებააა. იტალიაში ყველა შეძლებულად ცხოვრობს, ვერ ნახავთ ღარიბ ოჯახს, მშიერ, ქუჩაში ხელგაწვდილ ადამიანს, ყველა დასაქმებულია და ანაზღაურებაც ნორმალური აქვთ. პენსია და დახმარებებიც საკმარისია საარსებო მინიმუმისათვის კი არა, მომვლელის დასაქირავებლადაც. სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებას სახელმწიფო აფინანსებს პენსიონერთათვის და უნარშეზღუდული ადამიანებისთვის. აქაურ მოქალაქეს უზრუნველყოფილი სიბერე აქვს. ქვეყანა ზრუნავს ადამიანზე, უფასებს ნაშრომს, წინა პლანზე აყენებს საკუთარ მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, პატივს სცემს მას და იცის ადამიანური რესურსის, პოტენციალის ფასი.
–თქვენს სამუშაოზეც გვითხარით.
– მე და ჩემს მეუღლეს ჩაბარებული გვაქვს ერთი სახლი (ვილა), თავისი ყვავილების ბაღითა და ხეხილით. მეუღლე პარალელურად დღისით მოხუც ქალბატონს უვლის, მე კი, როცა სეზონია (სეზონი კი, იანვარ-თებერვლის გარდა სულ არის), ბაღ-ვენახში ვმუშაობას ვითავსებ საათობრივი ანაზღაურებით.
-უკან დაბრუნებაზე ფიქრობთ?
-რათქმაუნდა, სხვა მიწა-წყალზე ვერ გავძლებ, რაც არ უნდა დიდი ანაზღაურება მქონდეს. ამოვწურავ პირად პრობლემებს და აუცილებლად დავუბრუნდები ჩემს “ღელე-ღურდანს”. თუ ყველაფერი კარგად აეწყო 2022 წლის შემობრძანება საკუთარ ოჯახში გვინდა აღვნიშნოთ.“
ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მგონია, მსახიობმა უცხოეთში გამგზავრებაც იმის იმედით გადაწყვიტა, რომ ოჯახსაც და თავის მშობლიურ თეატრს დაუბრუნდებოდა, რომ ისევ მოეწყობოდა საგრიმირიოში, ნათურებით განათებულ სარკესთან, მოირგებდა გრიმს და რაღაც დროით სხვა პერსონაჟში ჩასახლდებოდა…
მას ხომ რეაბილიტირებული თეატრი ელოდება…
იქნებ, ჯერ არ უთამაშია თავისი საუკეთესო როლი.
ჩაიწერა ლია კილაძემ