მე ვარ ლუკა ხიზაძე, 19 წლის.
17 წლის ვიყავი, პირველად რომ გამოვედი აქციაზე, თუმცა აქტივიზმში მას შემდეგ ვარ, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე და სტუდენტური მოძრაობა შევქმენით. მანამდე წინასაარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული, დავდიოდი კარდაკარ, ვიყავი დამკვირვებელი და საკუთარი თვალით ვნახე გაყალბება.
როცა უნივერსიტეტში აბარებ, თითქოს მერე უფრო გრძნობ დამოუკიდებლობას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას, უფრო თავდაჯერებული ხდები. ამასთან, ჭავჭავაძეზე ე.წ. ,,კარვების ქალაქის’’ აქციების დროს გავიცანი ჩემი თანატოლები – სტუდენტები, რომლებთან ერთადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიკავეთ ფოიე პროტესტის ნიშნად და დავიწყეთ ფიქრი სტუდენტური მოძრაობის ჩამოყალიბებაზე. შევქმენით მოძრაობა, რომელსაც ,,თავისუფალი აუდიტორია’’ დავარქვით. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ უნივერსიტეტში შეგვეტანა პოლიტიკა; ვფიქრობთ, რომ ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა იყოს განხილვის საგანი უნივერსიტეტშიც. გარდა ამისა, გვინდა, რომ უნივერსიტეტი იყოს თავისუფალი, სტუდენტების ინტერესებზე მორგებული, ემსახურებოდეს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ხელს უწყობდეს ახალგაზრდების ჩართვას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.როცა კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტდა და უამრავი ადამიანი გამოვიდა გარეთ, სტუდენტები და ახალგაზრდები ყველაზე აქტიურები მაშინ იყვნენ, მაშინ იყო უნივერსიტეტებში გაფიცვაც, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო სასტიკი დარბევები, რეპრესიები, რაც უამრავმა ახალგაზრდამ განიცადა საკუთარ თავზე – ბევრი ჩვენგანი სპეცრაზმის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ბევრი სტუდენტი დააკავეს, მათ შორის, ჩვენი მეგობარი ზვიად ცეცხლაძე. ამ ყველაფრის შემდეგ, მგონია, რომ სტუდენტების აქტივობამ მოიკლო. ადამიანებს, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს, არალეგიტიმურმა მთავრობამ შეუზღუდა ამის უფლება და ბუნებრივია, რომ სტუდენტებს და ახალგაზრდებს ეშინიათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრების, ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვის.
გარდა ამ მიზეზებისა, მოქმედებს სხვა ფაქტორებიც. სტუდენტები არიან ახალგაზრდები, რომლებმაც ახლახანს დაამთავრეს სკოლა, ახლა იწყებენ ცხოვრებას, მუშაობას… ზოგი რეგიონიდანაა და ამ ადამიანებს სჭირდებათ ფინანსური დამოუკიდებულობა, სჭირდებათ საკუთარ მიზნებზე კონცენტრირება და, შესაბამისად, უწყვეტ პროტესტში ვერ არიან სულ ჩართული. პრობლემაა ისიც, რომ სკოლაში, აღზრდისას, არ გვასწავლეს ის, რომ ჩვენი უფლებაა სამოქალაქო აქტივიზმი, ჩვენი უფლებაა საკუთარი ხმის დაცვა. თუმცა, რასაკვირველია, ის პროტესტი, ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ გვაქვს, არ გამქრალა და სტუდენტებს ისევ სწორი შეხედულებები აქვთ, კვლავ პროევროპულად განწყობილები არიან და ჩვენი მთავარი მიზანი ევროპული განათლება, ევროპული სახელმწიფოს აშენებაა.
ბევრი სტუდენტური მოძრაობაა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული მისია – ჩვენ გვინდა, სხვადასხვა აქტივობა შევთავაზოთ სტუდენტებს და გარდა ამისა, ვცდილობთ, თითო-თითო ადამიანი შემოვიერთოთ და პროტესტში ჩავრთოთ. მე ვისთანაც მისაუბრია, ყველა იმ მომენტს ელოდება, რომ ისევ გამოვიდეთ გარეთ, უნივერსიტეტები დავაცარიელოთ, გვერდზე გადავდოთ სწავლა-განათლება და ის პირადი პრობლემები, რაც გვაწუხებს. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, უფრო ჭკვიანურად მოვიქცევით, გავაკეთებთ იმას, რაც აქამდე ვერ შევძელით და გავიმარჯვებთ.
პირველკურსელი ვარ და, ფაქტობრივად, არც დამიწყია სწავლა, რამდენიმე ლექციაზე ვიყავი. მერე უკვე დაიწყო პროტესტი და ჩავთვალე, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო, პროტესტში ვყოფილიყავი, ვიდრე მესწავლა. თუმცა გვყავს მოძრაობაში სტუდენტები, რომლებიც ყოველდღიურად აქციაზეც არიან და მაინც სწავლობენ. დიდი პასუხისმგებლობა დაგვემატა – ყოველდღიურ სწავლასთან და გამოცდებთან ერთად, იმაზე ფიქრი, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი; სასამართლოებზე სიარული ყველასთვის ყოველდღიურობად იქცა: ამ თვეში დღე არ ყოფილა, შაბათ-კვირის გარდა, სასამართლო რომ არ ყოფილიყო და დილიდან საღამომდე იქ ვართ.
ლექციის ნაცვლად, სასამართლოში ვართ.
გარდა ამისა, მთავარი, რაც შეიცვალა, თავისუფალი დროის და საკუთარ თავზე, მიზნებზე ფიქრის საშუალების არქონაა. დასასვენელად გინდოდა წასვლა მეგობრებთან ერთად, გართობა, სამუშაოს პოვნა… თუმცა ეს ბრძოლაც ჩვენი მომავლისთვისაა.
საქართველოს ყოველთვის ჰქონდა არჩეული ევროპული კურსი და ეს ევროპული კურსი ნიშნავს უკეთეს განათლებას, უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს სოციალურ პირობებს, ხელფასებს – ცხადია, ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი, თუმცა, ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა ეს ყველაფერი, ის კეთილდღეობა, რაც ევროპას მოაქვს და გვინდა, რომ ამის გარეშე ვიცხოვროთ, იმ რეალობაში ცხოვრება, რასაც ,,ქართული ოცნება’’ ქმნის, გამოიყურება ასე: სტუდენტებთან დაკავშირებით მოვიყვან მაგალითს – ის ადამიანები, რომლებიც სწავლობენ სამართალზე, ჟურნალისტიკაზე, პოლიტიკის მეცნიერებებზე, ბიზნესზე, და ამ მიმართულებებით უნდათ რომ დასაქმდნენ მომავალში, ამ ადამიანებს არ აქვთ მომავალი. თუ ჩააბარებ სამართალზე, უნდა იყო მურუსიძის კლანის ერთ-ერთი წევრი, ვერ იქნები დამოუკიდებელი მოსამართლე, ვერც პროკურორი, შენს პროფესიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებ; ჟურნალისტის შემთხვევაში, უნდა იყო პროპაგანდისტი და იმუშაო სადღაც, სადაც თავისუფალ სიტყვას ვერ იტყვი; ბიზნესს რაც შეეხება, თუ გინდა, საკუთარი ბიზნესი გქონდეს, ყველა შემთხვევაში დაიჩაგრები იმიტომ, რომ უნდა იყო გარიგებული ამ მთავრობასთან. ამიტომ, სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ და იმიტომ სწავლობენ, რომ მერე პროფესიაში მიაღწიონ წარმატებას და ჰქონდეთ მომავალი, ეს მომავალი ვერ ექნებათ. თუ ჩვენ ახლა ვიბრძოლებთ და შევქმნით სამართლიან, ღირსეულ გარემოს, ეს იქნება სწორი გზა, სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა კარგად ვისწავლოთ, არაფერი გამოგვივა ამ ქვეყანაში.
უკვე ჩვევაში გვაქვს, რომ ყოველდღე უნდა მოვიდე აქ, რუსთაველზე. ეს გარდაუვალი მომენტია. მე მგონია, რომ ამ სიტუაციაში აქ ყოველდღე გამოსვლა ნიშნავს ყოველდღე რაღაცის დაცვას, ყოველდღე საკუთარი ხმის დაცვას. ,,ქართული ოცნება’’ ყოველდღე ცდილობს, ჩაახშოს ეს პროტესტი, შენც ყოველდღე უნდა გამოხვიდე, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და უწყვეტობა არის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი – ადამიანს სჭირდება დაამტკიცოს, რომ ყოველდღე იბრძვის და თავისუფალია.
რამდენიმე წლის შემდეგ რუსთაველი იქნება ისტორია, ახალი ქართული საზოგადოების საწყისი. ამ ადამიანებმა, რომლებიც აქ ყოველდღე დგანან, ძალიან კარგად იციან, როგორი საქართველო უნდათ – ყველას წარმოუდგენია სამართლიანი, ღირსეული საქართველო, სადაც ადამიანების უფლებები იქნება დაცული.
რუსთაველი არის მაგალითი ამ კარგი და ღირსეული სახელმწიფოსი.
——————————————————————– სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ
ფოტო: ვახო ქარელი