ვახო სანაია; ჟურნალისტი;
რეჟიმი მხიალებულია ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებში; მოსკოვის მექანიზმმა რეკომენდაციები გასცა, რომ
მასშტაბიდან, სისტემურობიდან და სისტემატიურობიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება, ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედდეს რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის ჰააგის სასამართლო; რეჟიმმა ხალხი ქიმიური იარაღით მოწამლა; რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ დასავლეთში; ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციაშია; ის რუსეთის მორჩილია და ამასთან, ირანის მოკავშირედ განიხილება; ახლახან ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რეჟიმის პროპაგანდისტულ მანქანას; პარალელურად, როგორც იქნა, ოპოზიციამ კონსოლიდაცია დაიწყო; ქვეყნის შიგნით თვეებია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, ხალხს თავი აქვს გადადებული, ციხეები პოლიტპატიმრებითაა სავსე და ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სწორედ ამ ბრძოლის დამსახურებაა. და ამ დროს …დიალოგიო.
ცოტა ფრთხილად ხალხთან.
პოლიტპატიმრების გამოშვებას დიალოგი არ სჭირდება. ციხის კარის გაღებაა საჭირო. გასაგებად თქვეს პოლიტპატიმრებმა, რომ მათი სახელით ვერავინ ივაჭრებს.
ცვლილება მიიღწევა რეჟიმის უკიდურესად დასუსტებით, როცა ყველაფერი მზადაა მის დასამარცხებლად და პირობებს შენ აყენებ.
რეჟიმი სუსტდება და ბოლოს დაინგრევა კიდეც პროტესტით და არა მასთან იმაზე ვაჭრობით, რას შეელევა (დროებით და თვალთმაქცურად) ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ. არც ივანიშვილის თვითმმართველობის არჩევნებში შევარდნით ინგრევა რეჟიმი, მაგრამ არ შეისმინეთ. უფრო ადრინდელ მოვლენებს აღარ ჩავყვები.
არ ვთამაშობთ აქ, ხალხი ყველაფერს სწირავს ამ ბრძოლას.
სიტყვა პოლარიზაცია ივანიშვილის ლექსიკონიდანაა და უადგილოა. პოლარიზაცია კი არა, უზურპაციაა ეგ, ძალაუფლებისა და სახელმწიფოს მიტაცებაა.
ფრთხილად.
არ გამოვა ეგ ამბავი, სრულიად უპერსპექტივო მოწოდებაა და ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ამ განცხადებას პროცესზე. რაც მაქედან გამოდნება, თვითდაზიანებაა, რაზეც ეჭვი მაქვს, დიდად არავინ იდარდებს.
ცნობისათვის” “ლელო-ძლიერმა საქართველომ“ დღეს, 15 მარტს, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთ განადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.








