გურიის მოამბე

“არავის ეგონოს, რომ დღეს საქართველოში მშვიდობაა” – ნიკოლოზ ტყემალაძე, 19 წლის – სამოქალაქო აქტივისტი

მე ვარ ნიკოლოზ ტყემალაძე, 19 წლის.

აქტივიზმში 2024 წლიდან ვარ. პროტესტის განცდა მანამდეც მქონდა, თუმცა 2024 წლის დასაწყისიდან აქტიურად ჩავერთე ამ პროცესებში და ვცდილობ, ჩემს ქვეყანას გამოვადგე. პირველი ,,რუსული კანონის’’ დროს ემიგრაციაში ვიყავი გერმანიაში, სხვა ქვეყნიდან ვადევნებდი თვალს ამ პროცესებს და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს იმის გამო, რომ საქართველოში არ ვიყავი. როცა ჩამოვედი, შემოაბრუნეს ეს კანონი და დაიწყო პროტესტის მეორე ტალღა. მაგ დღიდან თითქმის ყველა აქტივობაში ჩავერთე.

დღეს საქართველოში ძალიან დიდი კრიზისი გვაქვს. ყველაფერს რომ მარტივად შევხედოთ, ასეთი არჩევანის წინაშე ვართ – ან იქნება რუსეთის გუბერნია ,,საქართველოს’’ სახელწოდებით, ან გვექნება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო. ყველა მოაზროვნე ადამიანი მეორე გზას ირჩევს, ესაა ამ პროტესტის მიზანიც. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორი არის ისიც, რომ ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბეა. ქუჩაში რომ გამოვდივარ, ვხედავ, რამხელა გაჭირვებაში ცხოვრობენ ადამიანები, წარმოუდგენელია, ეს ხალხი დღემდე როგორ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ჩემთვის, რატომაც ვარ ამ პროტესტში და რატომაც მინდა, საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს.

არავის ეგონოს, რომ დღეს საქართველოში მშვიდობაა. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი რუსეთის მიერ. ოფიციალურად, რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, თუმცა ყოველდღიურად მიდის ბორდერიზაცია და საზღვრის გადმოწევა. ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამას უნდა შევეგუოთ, არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად და ახალგაზრდებს, რომლებიც ვიბრძვით, გვიჭერს, ძალადობს ჩვენზე და ყველანაირად გვიწევს წინააღმდეგობას, სახელმწიფოს ინტერესები რომ არ დავიცვათ.

ეს ქვეყანა ჩვენი დასაცავია.

რას შეეწირნენ ჩვენი გმირები?! საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას, ენის, კულტურისა და რელიგიის გადარჩენას. დღეს ეკლესიაშიც რუსები გვყავს. ორასი წელია, ენას და კულტურას გვართმევენ და ჩვენს გადაგვარებას ცდილობენ, ადამიანებს მოწამლული აქვთ ტვინი რუსული პროპაგანდით. თუ დღეს სადმე არსებობს ქართული კულტურა, ეს არის იმ ხალხში, ვინც საქართველოს გადასარჩენად იბრძვის.

ყოველდღიურად სასამართლოში გვიწევს სიარული და იქ რასაც ვხედავთ, ეს არის ძალიან დიდი ცირკი – არაფრის გამო ედავებიან ამ ახალგაზრდებს, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. პროპაგანდისტული მედიები კი ცდილობენ, რომ მონტაჟითა და ტყუილით წარმოაჩინონ ისე, თითქოს ამ ადამიანებმა მართლა რაღაც დააშავეს – ვნახეთ საბა ჯიქიას ,,იმედმა’’ და ,,პოსტივიმ’’ როგორ მიამონტაჟეს ხელზე დანა და ამ დროს პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ბრალდებაში დანა საერთოდ არ ფიგურირებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, როგორ ცდილობენ ამ პროცესის გაშავებას და ხალხამდე იმ ტყუილის მიტანას, რომ ჩვენ ვართ მოძალადეები – თურმე დანებით დავრბივართ და მკვლელები და ნარკომანები ვართ. ქვეყანაში გვიზის რუსული მთავრობა და პარლამენტში ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატები, რომელთა ნახევარზე მეტი მილიონერია. იმათ ამოძრავებთ მხოლოდ ფული და ბოროტი განზრახვები და ჩვენ გვამოძრავებს რწმენა და ქვეყნის სიყვარული.

ჩვენ, ახალგაზრდებს, რომლებსაც არანაირი ფინანსური ინტერესი არ გაგვაჩნია, მხოლოდ ერთი დიდი მიზანი გვაქვს – გადავარჩინოთ და ვემსახუროთ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხის უმრავლესობა, ვინც პროტესტშია, სიცოცხლეს გასწირავს ამ ქვეყნისთვის. წინა თაობების ბრძოლა ჩვენზე გადმოვიდა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ თაობას აღარ მოუწიოს ამის გავლა.

თუ დღეს ჩუმად ხარ, რუსულ რეჟიმს აძლევ საშუალებას, რომ მოგკლას. აუცილებელია, ყველა გამოვიდეს, ყველამ ამოიღოს ხმა. ჩემზე პატარებიც მინახავს აქციაზე და ჩვენ, თაობა, რომელსაც ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს, თუ ვხვდებით ამას, რატომ ვერ ხვდებიან უფროსი თაობების წარმომადგენლები? უმრავლესობას 90-იანები აქვს გამოვლილი, 9 აპრილის მომსწრეა, ხედავენ, რა მდგომარეობაში გვამყოფებს რუსეთი და მაინც ჩუმად არიან.

ერთადერთი თხოვნა მექნება – გაახილონ თვალი და შეხედონ რეალობას.

ჩვენი ბრძოლა არის მართალი და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს.

——————————————————————–
🟡 სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ

ნაკლების ჩვენება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights