თუ დღემდე ჩემს თავს მივიჩნევდი მოწამლულად-ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით, დღეის ამას იქეთ, ანუ, BBC-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილ მომიტინგეების წინააღმდეგ, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე, გაშვებული დოკუმენტური ფილმის შემდეგ, მივხვდი რომ-მოწამლული ვარ, ოღონდ, უკვე პირდაპირი გაგებით.
დღეს გავრცელებულმა ნიუსმა: “ქართული ოცნების” განათლების მინისტრი რეფორმის კონცეფციას წარადგენს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ უქმდება დღეს არსებული სასკოლო სხელმძღვანელოების შექმნისა და გრიფირების პროცედურა, წიგნებს განათლების სამინისტრო დაწერს დაქირავებული ექსპერტებით და შემდეგ ყველა სკოლა ვალდებული იქნება ამ წიგნებიდან ასწავლოს ბავშვებს“ – მეფის რუსეთში, დამკვიდრებუული, „დუბელტის დოქტრინა“ გამახსენა:
ვინმე დუბელტი, რომელიც არის ამ დოქტრინის ავტორი, ნიკოლაევის (თანამედროვე უკრაინა), ჟანდარმერიის შეფი იყო. მან შეიმუშავა თეორია, რომლის მიხედვითაც, განათლება, ეს არის წამალი, რომელსაც გთავაზობს სახელმწიფო. თუ გინდა განათლებული იყო-ეს წამალი იმ დოზით უნდა მიიღო, რა დოზითაც მას სახელმწიფო გთავაზობს, თუ ნაკლები დოზით მიიღებ-გაუნათლებელი დარჩები, თუ ზედმეტი დოზით, მოიწამლები.
სწორედ აქედან მოდის ეპითეტი, მეფის რუსეთში, შემდგომ წითელ რუსეთში და ამჟამად თანამედროვე რუსეთში-მოწამლულებს რომ ეძახიან.
მილიონობით ადამიანს, რომლებმაც განათლება იმ დოზაზე მეტად მიიღეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობდა, ანუ ნებადართულზე მეტად.
და სად შეიძლება განათლება ნებადართულზე მეტად, ან საერთოდ მიიღოს ადამიანმა? რა თქმა უნდა დასავლეთში. და ამიტომაც, დღეს, სპეცსამსახურების ჯურღმულებში გამოზრდილმა ნეოკომკავშირელებმა „მოწამლულებს“ თავსართი გაუკეთეს, თუმცა ეს თავსართი სხვადასხვანაირია, მაგალითად „დასავლეთის ან დასავლეთში მოწამლულები“. „კაპიტალიზმით მოწამლულები“, „ბურჟუაზიის მოწამლულები“ და სხვა… გააჩნია ქვეყანას და მრევლს… ვინ უკეთ რომელს „შეჭამს“.
მეფის რუსეთიდან წითელ რუსეთად გადაკეთებულმა იმპერიამ, 1921-24 წლებში, საქართველოში ათეულობით, პოლიტიკურად აქტიური და ასევე საზოგადო მოღვაწე დახვრიტეს. ყველა, ვინც კი რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა, მაგრამ სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, ანუ ცნობილ 30-იან წლებში, უკვე ყველა სხვაგვარად მოაზროვნე მოკლეს, მათ შორის ბევრი „მისიანიც“.
რა თქმა უნდა დიდი ტრაგედია იყო, ჯავახიშვილის, ახმეტელის და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის დახვრეტა, მაგრამ ქვეყნისათვის კიდევ უფრო დიდი ტრაგედია აღმოჩნდა, სოფლის ვეტექიმების, აგრონომების, იმჟინრების, ექიმების და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიენების დახვრეტები, რომელთა რიცხვი, უხეში გათვლებით, საქართველოში 70 ათასს აჭარბებდა და მათზე დღემდე, არავინ არაფერს წერს, სწორედ ეს აღმოჩნდა მოვლენა, რომელმაც საქართველო წელში გადატეხა და ქართულ საზოგადოებაში, ნამდვილი ქართული ტრადიციები მოკლა.
ამ, „წითელი რუსების“ მიერ დახვრეტილ, აგრონომების, ვეტექიმების, ინჟინრებისა თუ ექიმების ისტორიებში ერთი საერთო რამ იკითხება, განათლება, ყველას ევროპაში ჰქონდათ მიღებული, ანუ „მოწამლულები“ იყვნენ.
დღეს კი, აღმოვაჩინეთ, რომ ორმაგად „მოწამლულები“ ვართ – როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, ვინც დღეს აქტიურები ვართ და რეჟიმის სამიზნეები, შესაძლოა იმ ხალხის ბედი გავიზიაროთ, ვინაც „წითელმა რუსებმა“ პირველივე წლებში მოიშორეს, მაგრამ, კარგად უნდა გაანალიზონ, რომ, როგორც კი ჩვენ „მოგვითავებენ“, შემდეგ მათი ჯერიც დადგება, იმათი, ვინც დღეს რეჟიმის რიგებშია ჩამწკრივებული, რადგან ასეულობით და ათასობით მათგანია „მოწამლული“. ამ ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ჩვენ მათი მეხამრიდებიც ვართ და თუ გვინდა საბოლოოდ ერთად გადავრჩეთ და არა „ორი პარასკევით“ გავიხანგრძლივოთ არსებობა, ერთობლივად უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ რეჟიმს.








