გურიის მოამბე

პროტესტი არ გაჩერდება – მე ვარ ელენე ბერიკაშვილი, 34 წლის, ფსიქოლოგი

ქართლიდან ვარ, გორში დავიბადე. ათი წლის რომ ვიყავი, სახლი დაგვეწვა და თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, რადგან იქ საერთოდ აღარაფერი გვქონდა. მძიმე პერიოდი იყო, სიღარიბეში ვცხოვრობდით – პურის, დენის ფულიც არ გვქონდა ხოლმე, ექსკურსიაზეც ვერ მივდიოდით, მაგრამ, პარალელურად, კერძო სკოლაში გვასწავლიდნენ მე და ჩემს ძმებს. ძვირი არ იყო, მაგრამ გადახდას მაინც სულ ვაგვიანებდით და დედაჩემს სულ თხოვნა უწევდა დირექტორისთვის, რომ არ გამოვერიცხეთ. ბოლომდე იქ ვისწავლეთ, მერე გაჭირვებით გადავიხადეთ და ყველამ უფასოზე ჩავაბარეთ, რადგან სხვა არჩევანი არც გვქონდა. საბედნიეროდ, მე ეროვნულმა გამოცდებმა მომისწრო, განსხვავებით ჩემი უფროსი ძმებისგან, რომლებმაც ძალიან დიდი ენერგია და წვალება ჩადეს ამ ყველაფერში. მე ეგეთი მომზადება არ მქონდა და რომ დარჩენილიყო ძველი სისტემა, სადაც უმეტესად ჩაწყობა იყო და მინიმალური რაოდენობის ადგილი რჩებოდა ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი ცოდნით აბარებდნენ, ალბათ, უნივერსიტეტში ვერ მოვხვდებოდი.

▪️ ჩემი პირველი პროტესტი არ მახსოვს, თუმცა ყოველთვის ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა უსამართლობაზე. სკოლაში მაინცდამაინც გამბედავი არ ვყოფილვარ, საკმაოდ მორცხვი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც ვცდილობდი, ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა, როცა ვინმეს ჩაგრავდნენ და უსამართლოდ ექცეოდნენ. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა ქალებისა და ბავშვების უფლებები იყო, განსაკუთრებით თუ შშმ ბავშვებს ეხებოდა საქმე. მაგალითად, ემოციურად ძალიან მძიმე იყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ამბავი. რეალურად, მანამდეც ვიცოდი, იქ რა ხდებოდა, პანსიონში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ბავშვი დადიოდა ჩემთან თერაპიაზე და მახსოვს, როდესაც ამ ბავშვის მოყოლილი ამბავი მოვისმინე, ჩემს დირექტორთან ჩავედი და ვკითხე, ეს რა დაწესებულებაა-მეთქი. მიპასუხა, რომ ეს ძალიან ჩაკეტილი სივრცე იყო, სადაც ერთ-ერთი ვიზიტისას, როდესაც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ბავშვებს ჰკითხეს, რაზე ოცნებობდნენ, ყველა ამბობდა, რომ უნდოდა, წმინდა და კარგი ბავშვი ყოფილიყო და ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც მღვდლებს მოსწონდათ. ძალიან ბევრ პროტესტზე ვარ ნამყოფი, თუმცა ასეთ საკითხებს უფრო მძაფრად აღვიქვამდი და, შესაბამისად, ასეთ პროტესტებზე უფრო დავდიოდი.

პატარა შესვენებები კი გვქონდა, მაგრამ, ფაქტობრივად, გავრილოვის ღამიდან მოყოლებული, რუსთაველზე ვდგავარ. პირველ რიგში, აქ საკუთარი თავისთვის გამოვდივარ, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრებას ვაპირებ და მე მინდა, რომ კარგ ქვეყანაში ვიცხოვრო. კი, ვფიქრობ იმაზეც, რას დავუტოვებ შვილიშვილებს და მომავალ თაობებს, მაგრამ პირველი მიზანი არის ის, რომ მე შევირგო ეს ქვეყანა. გამოვდივარ იმისთვის, რომ საკუთარ თავთან ვიყო მართალი. მე არ მიყვარს რაღაცების გადაბრალება და პასუხისმგებლობის სხვებისთვის აკიდება, რაც შემიძლია, ის უნდა გავაკეთო. არ მომწონს, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ უწყვეტ პროტესტს აზრი არ აქვს და ამას შედეგი არ ექნება. არაფრის გაკეთებას ყოველთვის სჯობს, რაღაც გააკეთო, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან დავიღალე – მინდა, საკუთარ პროფესიას, საკუთარ ცხოვრებას მივხედო. საერთოდ არ მეხალისება აქ სიარული, ძალიან ბევრჯერ ვმდგარვარ მართლა სრულიად უიმედოდ, მაგრამ მაინც ვიდექი. ასე ჩემით არ გადავწყვეტ, რომ დავმარცხდი, და სანამ მე არ ვაღიარებ, რომ დავმარცხდი, ესენი ვერ მოიგებენ.

ასევე არ აღიარებს ამას ძალიან ბევრი ადამიანი აქ.

ჩვენ არ ვართ დამარცხებულები და აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებულები.

▪️ დაჭერილიც ვიყავი. დაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა პარლამენტთან პოლიციელები იყვნენ ჩამწკრივებული და გზას აღარ გვაკეტინებდნენ, ვიდექი მათ წინ და პოლიციელის ფიცს ვუკითხავდი. ვეუბნებოდი – როცა თქვენ ამ სამსახურში დაიწყეთ მუშაობა, ფიცი დადეთ და ეს ფიცი უნდა დაიცვათ-მეთქი. ვეუბნებოდი, რომელ პუნქტებს არღვევდნენ კონკრეტულად. მათ უფროსს, დავით მამაგეიშვილსაც ვუთხარი, შენ ხომ ხარ ამათი უფროსი, შენც დადებული გაქვს ეს ფიცი და მომისმინე-მეთქი. რამდენჯერმე ძალიან აგრესიულად შემომხედა, მაგრამ მაშინ არაფერი უთქვამს. რამდენიმე დღეში მათე დევიძის მხარდაჭერი მარში იყო და, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი. თვითონ პოლიციელებმა მოაწყვეს ჭყლეტვა ისეთ ქუჩაზე, სადაც ძალიან ვიწრო ტროტუარია და ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ ტროტუარზე გადასვლა. ამ დროს დავით მამაგეიშვილმა გვერდიდან ჩამარტყა და გაიარა, დავუძახე, ხელს ნუ მირტყამ-მეთქი. გავაგრძელე მოძრაობა, ძალიან ნელა მივდიოდი, რადგან ჭყლეტვა იყო, რამდენიმე წუთში ისევ ჩამარტყა მამაგეიშვილმა ამჯერად ზურგიდან. მივტრიალდი, რას აკეთებ, მივდივარ-მეთქი, და სახეზე როგორც კი შემომხედა, ეს დავაკავეთო, მტაცა ხელი და გამაქცუნა. მერე კადრებშიც ჩანს, რომ გონზე არა ვარ, რატომ დამიჭირა. მაგ მომენტში იქ არავის იჭერდნენ – ვმოძრაობდი, არაფერს ვკეტავდი, უკვე წამოსვლას ვაპირებდი აქციიდან და ვცდილობდი, რომ იქიდან გამოვსულიყავი. მანქანაში როგორც კი შემაგდო, საკუთარ თანამშრომელს უთხრა: ამას მიხედე, ფიცი ზეპირად იცისო. თვითონვე დამიდასტურა ჩემი გონივრული ეჭვი, რომ ფიცის წაკითხვის გამო მიჭერდა. ეს მისი თანამშრომელიც, პატარა ბიჭი, გაოგნებული მიყურებდა. ისეთი აბსურდული იყო ეს ყველაფერი, რომ ვხარხარებდი.

ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვღლიცინებთ, ბევრ რაღაცაზე ვიცინით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გამკლავების მექანიზმი. ისე ამას ვერ გავუძლებთ. ამიტომ გამოვდივართ ხოლმე ძალიან მხიარულად იზოლატორებიდან. მაგრამ არცერთი წამი, როცა ბორკილები გადევს უდანაშაულო ადამიანს, არ არის ნორმალური. არცერთი წამი, რომელსაც ტყვეობაში ატარებ, არ არის ნორმალური.

შემდეგ მოხდა ის, რომ ჯერ შუშებიან შენობაში გადამიყვანეს. ამ პოლიციელებს ჰყავთ ოქმის შემდგენი ტიპები, რომლებიც კარნახობენ, რა უნდა დაწერონ, რადგან თვითონ ეს დამკავებელი პოლიციელები ოქმსაც ვერ წერენ – საკუთარ სახელს და გვარს, იმას, სად მუშაობენ, ნივთების აღწერას ვერ აკეთებენ… მე ვკარნახობდი აქ უნდა ჩაწერო-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა, იმან უნდა მითხრასო და ელოდებოდა. ამის გამო სამი საათი იქ გავატარეთ. მერე იზოლატორთან ექვსი საათი, უკან ხელბორკილებით. იზოლატორში ნორმალურად იქცეოდნენ, სახიფათო არაფერი იყო, მაგრამ ძალიან დიდი დისკომფორტია იმის გააზრება, რომ უსამართლოდ ხარ გამოკეტილი. სასამართლოზე არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა. ერთადერთ ვიდეო მტკიცებულებაში მხოლოდ ის ჩანდა, მამაგეიშვილმა როგორ მიმიყვანა და შემაგდო მანქანაში. შსს-ს წარმომადგენელს ვუთხარი, ამ ვიდეოში მხოლოდ იმას ამტკიცებთ, რომ დაკავებული ვარ და ეს ისედაც ფაქტია, რადგან აქ ვარ-მეთქი. ცრუმოწმეც კი არ მომიყვანეს. მოსამართლე მაკარაძემ ოთხი დღე მომისაჯა, თან დამაყვედრა, მინიმალური მოგისაჯეო. ასე გამატარებინეს ოთხი დღე იზოლატორში. იქაური თანამშრომლები დამამცირებლად არ გექცევიან, მაგრამ არის დარღვევებიც – ბუქნებიც, გაშიშვლებაც… უბრალოდ, იმ დროს უკვე ამდენის თავი აღარ მქონდა.

▪️ ყველაფერი ცუდი, რაც ხდება, მოსალოდნელი იყო ჩემთვის, ეს მდუმარე ხალხიც, ისიც, რომ ადამიანები რაღაცებს შეეგუებოდნენ. ისიც ვიცოდი, რომ კარგი ადამიანები ბევრნი იყვნენ, მაგრამ უფრო მეტი ყოფილან და რამდენად კარგები არიან, ეგ უფრო ცხადად დავინახე. სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო, ალბათ, მათ ვერ გავიცნობდი. ერთმანეთის მიმართ სოლიდარობაც ძალიან კარგად გამოჩნდა რაღაცებში – ადამიანს რომ არ იცნობ და იმას იზოლატორში საჭმელს უგზავნი, მის სასამართლოებზე დადიხარ… შეიძლება ასეთი თავგანწირული და აქტიურად ჩართული ბევრი არ იყოს, მაგრამ გაცილებით მეტია ამ ხელისუფლების პასიური მოწინააღმდეგე, რომლებსაც რუსეთი არ უნდათ. ესეც ლოგიკურია, რომ მცირერიცხოვანი ადამიანების ჯგუფზე გადადის ბევრი ტანჯვა, თუმცა ზუსტად მათ მოაქვთ ცვლილებები.

ეს ადამიანები დღეს აქ დგანან.

მე მაინც ყოველთვის მჯერა, რომ რაღაცა შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ჩაგვაჭირეს დაჭერებზე, პირიქით, უფრო იმედიანად ვარ, იმიტომ რომ თავგანწირული ადამიანები არსებობენ ამ ქვეყანაში. ამ ადამიანებს, ისევე როგორც მე, გადაწყვეტილი აქვთ, რომ არ დავმარცხდებით.

პროტესტი არ გაჩერდება.

———————————————————————–
🟡 სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ
📷 ფოტო: ლევან ზაზაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights