Fidesz-სა (ორბანის პარტია) და Tisza-ს (მადიარის პარტია) შორის ხმები, ჯერჯერობით, დაახლობით ასე გადანაწილდა – 38%-53%-ზე (ეს განაწილება მნიშვნელოვნად არც შეიცვლება). ასეთ თანაფარდობას აჩვენებდა წინასაარჩევნოდ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც. ანუ, უნგრული არჩევნების შედეგებმა, დასაშვები ცდომილების ფარგლებში, ასახა გამოკითხვების შედეგები. ეგზიტ-პოლი უნგრეთში არ ჩატარებულა, როდესაც შედეგებს შეუძლია მაქსიმუმ 1%-იანი ცდომილებით იწინასწარმეტყველოს არჩევნების შედეგები.რა მოხდა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? ჩატარდა ორი ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიის ეგზიტ-პოლი, ორივემ ქართულ ოცნებას 41-42% უწინასწარმეტყველა, ხოლო ოპოზიციას – 60%-მდე. პატიოსნად ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვებიც ამას აჩვენებდა.
ანუ, უნგრეთში დღეს არსებული ბალანსი ყოფილ ხელისუფლებასა (ორბანს) და მის ოპოზიციას შორის, საქართველოში ქ/ოცნებასა და ოპოზიციას შორის არსებული ბალანსის მსგავსია.
თუმცა, თუ უნგრეთის საზოგადოებაში არსებული განწყობები არჩევნებშიც გადავიდა და ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია, ასე არ მოხდა საქართველოში, რადგან არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულად იყო მანიპულირებული ხელისუფლების სასარგებლოდ. და ასეთი მანიპულაციის შესაძლებლობას იძლეოდა არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს არადემოკრატიული სტანდარტები, არამედ – არაფორმალური „შავი ხვრელები“.
სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა ორბანის ავტორიტარიზმსა და ქ/ოცნების ავტორიტარიზმს შორის. უნგრეთში ორბანს არ მოუვიდოდა აზრად (თუ მოუვიდოდა, არ გამოუვიდოდა) ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ლიდრების დაპატიმრება და მრავალწლიანი პატიმრობის მუქარით მათი დაწიოკება, სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მასობრივი მიცემა, მოქალაქეების დაჭერა ტროტუარზე დგომის გამო, ნებისმიერი დონორული თანხის ფაქტობრივი აკრძალვა, ზოგადად, ოპოზიციონერობის აგენტებად კრიმინალიზაცია და ა.შ. დიახ, ორბანმა მოასწრო და ავტორიტარიზმი ააშენა, თუმცა, ეს მაინც იყო „ევროპული“ (ანუ, ზომიერი) ავტორიტარიზმი და არა – ბრუტალური (ბელარუსის მსგავსი) ავტორიტარიზმი.
საქართველოში სწორედ ასეთი – ანტიევროპული ავტორიტარიზმის გამო გაჩნდა ოპოზიციურ მოსახლეობაში აზრი, რომ არჩევნებში ოცნება რასაც უნდა იმას დაიწერს, რომ არსებულ გარემოში არჩევნებს აზრი არ აქვს და რომც გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა (მაგალითად, თბილისის მერის არჩევნებში), მას დაიჭერენ და ა.შ. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ამ განწყობებს წყალი დაუსხა, ხოლო ვინც არ დაუსხა – თავიდანვე წაგებულ თამაშში მოუწია შესვლა.
იგივე რომ არ განმეორდეს მომდევნო არჩევნებში (სულერთია, ეს იქნება დაგეგმილი თუ ვადამდელი არჩევნები), დღესვე სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს მოქმედების გეგმაზე და ოპოზიციური ამომრჩეველიც დააჯეროს ამ გეგმის სისწორეში. თანაც, ეს უნდა მოახერხოს არა ერთმანეთის ჩაძირვით (რაც აქამდე ხდებოდა), არამედ ერთმანეთის გაძლიერებით. ესეც უნდა იყოს უნგრული არჩევნების გაკვეთილი ჩვენთვის.








