ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის დღიდან დღემდე, მხოლოდ, წაქცეული ლარი, დაქცეული ეკონიმიკა, გაზრდილი უმუშევრობა და ფასებისა და გადასახადების ზრდა მივიღეთ და აგერ უკვე მერვე წელია უკეთესი ცხოვრების მოლოდინში, ისე გატეხა ხალხი წელში ცხოვრებასთან ყოველდღიურმა ბრძოლამ და უიმედობამ, რომ მთავარ კითხვაზე “გვეშველება რამე“?! პასუხად ან თავის გადაქნევას, ანაც ხელის ჩაქნევას ვიღებთ. ხელისუფლება კი, დაპირებული საუკეთესო ქვეყნის “აშენებას აგრძელებს” და ისედაც წელში გაწყვეტილ უმრავლესობას პრობლემას პრობლემაზე უმატებს. მოკლედ, სულ ახლახან ჩატარებულ არჩევნებამდე სიმწრით დაჭერილი ლარის მთლად ხელიდან წასვლა არ გვქონდა გამოგლოვილი, ელექტრო ენერგიის საფასურის გარდაუვალი ზრდა რომ გვახარეს და ისედაც სასოწარკვეთაში ჩავარდნილებს, ძვლივს დავიწყებული ბნელი 90-იანები უნებლიედ გაგვახსენეს.
რას მოუტანს ქვეყანას მსგავსი უმართავი პროცესები და როგორ ხვდება საზოგადოება მათი უარესად გაღატაკების დაანონსებულ მორიგ სერიას და კიდევ რა მიმართულებით უნდა ველოდოთ ტარიფების ზრდას, ამ კითხვებით “გურიის მოამბემ” ადგილობრივებს მიმართა და მათი მოსაზრებები მოისმინა:
ცირა ჯიჯიეშვილი – 90-იანი კი არა, 80-იანი წლებიც დაბრუნდება. გარეთ გასვლა არ შეიძლება. პროდუქტის ფასები დღითიდღე იზრდება. ფქვილის ფასი 80 ლარამდეა ასული და კიდე, რომელი ერთი. დენის და გაზის ტარიფებზე ფიქრსაც ვერ მოასწრებ, ისე სწრაფად იზრდება. სხვა რა ვიცი, უნდა ვიოცნებოთ მეტი რაღა დაგვრჩენია.
ნანა მექვაბიშვილი – კატასტროფა იქნება კომუნალურების გაძვირება. ხალხი ნაგავში იქექება. გავსებულია მათხოვრებით ქვეყანა. სახლებშიც დადიან და მოწყალებას ითხოვენ. თუმცა, ამავე დროს რესტორნებში ადგილები გადატვირთულია. გაჩაღებულია ბრძოლა არსებობისთვის. ვირთხების პრინციპია, ვინც ძლიერია ის გადარჩება. ეს პანდემიაც ამაზე მეტყველებს. არა, 90-იან წლებს არ დაუბრუნდება, იმედი დავიტოვოთ. რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. მთავარია ყველამ თავისი საქმე აკეთოს. გაერთიანდნენ, ამხელა სიმდიდრის და წიაღისეულის ქვეყანა, არ უნდა შიმშილობდეს.
ნაზიკო მჟავია – თუ მოიმატებს ტარიფები, შესაბამისად პროდუქტებსაც გააძვირებენ და ხალხს გაუჭირდება გადახდა.
მზია ქათამიძე -ძალიან ცუდია. ისედაც გაჭირვებულ ხალხს ეს უნდა? ზოგ პროდუქტებზე მომატებულია უკვე ფასები და ასე მგონია კიდე უფრო მოიმატებს და ამ პანდემიის პირობებში დაიხოცება ხალხი შიმშილით, კორონით ისედაც იხოცებიან.
ლალი ახალაძე – სამწუხარო ამბავია ის, რომ კომუნალურები გაგვიძვირდება. ნამდვილად არ მინდა ძველ 90-იან წლეებს, რომ დავუბრუნდეთ. შეძლებს თუ არა გადახდას საზოგადოება ამ გაზრდილი ტარიფების, არ ვიცი, უმეტესობას გაუჭირდება, ალბათ, გადახდა. ვფიქრობ ჩვენი მთავრობა მონახავს ალტერნატიულ გზას, ეს ასე რომ არ მოხდეს და არ დავბრუნდეთ 90-იან წლებში, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა ერსა და ბერს. იმედი მაქვს ეს არ განმეორდება .
გულნაზი – მე და ჩემი მეუღლე პენსიონერები ვართ, ესაა ჩვენი ოჯახის შემოსავალი და აბა მითხარი, როგორ შევძლოთ გაძვირებული კომუნალურების გადახდა, ისედაც გაძვირებული პროდუქტების და წამლების ყიდვა, როცა თვიდანთვემდე ძლივს გაგვაქვს თავი. ახალგაზრდები დასაქმებული არაა და ჩვენი პენსია რამდენად უნდა გავყოთ.
სილამაზი სალონი „ნატალი“-ს მფლობელი – რა თქმა უნდა მოიმატებს კლიენტის მომსახურება. მინიმალური ფასებია ჩვენთან. შევდივართ მოსახლეობის მდგომარეობაში, მაგრამ, თუ საგრძნობლად მოიმატებს ტარიფები შესაბამისად ფასებიც გაიზრდება, სალონმა რომ შეძლოს მუშაობა.
კარინა ასანიძე, ერთ-ერთი სალონის სტილისტი -მე ქირით ვარ ამ სალონში და თუ მოიმატებს გადასახადები, იძულებული ვიქნები, რომ კლიენტს გავუძვირო. 7 ლარია დღესდღეობით თმის შეჭრა.
საცხობის მენეჯერი — გაძვირებულია ყველაფერი- ფქვილი, ყველი, ზეთი, მაგრამ მაინც არ ვაძვირებ ნაწარმს, რადგან ისედაც უჭირს ხალხს. ტარიფების ზრდაც თუ დაემატება არ ვიცი, მაშინ შეიძლება დავხურო კიდეც, რადგან გადასახადებში თუ წავიდა მთელი ჩემი ნავაჭრი, სახლში რაღა წავიღო.
ნათკა იმედაშვილი