ნასაკირალის ბრძოლა

1905 წლის თებერვალში ოზურგეთის მაზრაში მყოფ სულთან კრიმ-გირეის გურულებმა  საკუთარი მოთხოვნები, ე. წ.  ბახვის მანიფესტი წარუდგინეს. მთავრობამ მათ დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და გურიაში ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი მიავლინა, თუმცა საზოგადოების ზეწოლის გამო იძულებული გახდა 1905 წლის ივლისში უკანვე გაეწვია.

იმავე წლის ოქტომბერში საყოველთაო გაფიცვა რუსეთში გახდა შეიარაღებული აჯანყების დაწყების ნიშანი.

11 ოქტომბერს  სუფსისა და ჯუმათის სადგურებს შორის გურულებმა გააჩერეს მატარებელი და წაართვეს იარაღი. 15 ოქტომბერს, მთელს გურიაში გამოცხადდა საერთო გაფიცვა. არც ერთი დუქანი დაუკეტავი არ დარჩენილა. შეწყდა ეტლით მგზავრობა. რევკომის რაზმებმა რამდენიმე ადგილას აყარეს ლიანდაგი და თავდასხმები მოაწყვეს სამხედრო ნაწილებზე. ჯუმათის სადგურთან დათა ქადეიშვილმა გააჩერა იარაღით დატვირთული მატარებელი და წაართვა იარაღი, მანვე წყალწმინდაზე განაიარაღა ჩაფრები.

გაზეთი „ივერია“:

15 ოქტომბერს, ასე ღამის სამ საათზე, ლანჩხუთიდან მოდიოდა ფეხით საჯავახოს სადგურის დასაცველად თენგინის პოლკის ჯარი. ნიგოითსა და საჯავახოს შუა ჯარი წააწყდა დიდ ბრბოს. ასე 200-მდე კაცს, რომელიც არღვევდა რკინიგზის ლიანდაგს. ჯარი და ხალხი ერთმანეთს შეეხმაურა. ატყდა სროლა. ჯარის მხრივ არავინ დაჭრილა. ბრბო გაიქცა ტყეში და დასტოვა 8 მოკლული. 50 საჟენის მანძილზე ლიანდაგი აყრილი, 11 სატელეგრაფო ბოძი დაჩეხილი, მავთულები დამტვრეულია, 9 საჟენიანი ხიდი დაშლილია. გურულებს ბრალს დებენ იმაში, რომ ისინი გამოქცეულ ჯარისკაცებს მალავენ, არ იხდიან სახელმწიფო გადასახადებს, კენჭის ამოსაღებად არ მიდიან

 ასეთივე თავდასხმა მოეწყო სადგურ სუფსაზე:


სადგურ სუფსიდან ამბავი მოვიდა აჯანყებული გურულები რიცხვით 4000-მდე კაცი ახალს სისტემის თოფებით შეიარაღებულნი გარს შემოერყნენ პოსტებს, სადაც ჯარისკაცნი დაბანაკებულან. დაუტყვევებიათ და არსად უშვებენ. გურულებს ტყვია-წამალი ბლომად ჰქონიათ.

16-17 ოქტომბერს გურიის რევკომის რაზმები თავს დაესხნენ ჩოხატაურის ბოქაულის (პოლიციის) საგუშაგოსა და მოსთხოვა სტრაჟნიკებს, დაეყარათ იარაღი. სტრაჟნიკებმა მოთხოვნა არ შეასრულეს და ატყდა ორმხრივი სროლა. ცხარე ბრძოლის შემდეგ მოკლულ იქნა ერთი და მძიმედ დაიჭრა ერთი სტრაჟნიკი. იგივე რაზმი თავს დაესხა ფოსტის მცველ სტრაჟნიკებს ორი მოკლეს, ერთიც ტყვედ დანებდა.

აჯანყებული გლეხების მიზანი იყო იარაღის შეძენა, რაც შეასრულეს კიდეც – ხელში ჩაიგდეს 10 ბერდანის თოფი ვაზნებით, 2 რევოლვერი, და 12 სანადირო თოფი. დააპატიმრეს ორი ბოქაული და 18 ჩაფარი. ერთი დაპატიმრებული ბოქაული, გვარად გაგუა, სოფელ ხევში წაიყვანეს. რეალურად, ჩოხატაური მეამბოხეთა ხელში იყო.

ოზურგეთის მაზრის უფროსმა ლაზარენკომ გურიაში არსებული სიტუაცია 18 ოქტომბერს ღამით დეპეშით ბათომის გუბერნატორს აცნობა. ლაზარენკო რაზმით (სულ 113 კაზაკი და 16 ცხენოსანი სტრაჟნიკი) 19 ოქტომბერს ოზურგეთიდან ჩოხატაურში გაემართა.

ჩოხატაურში მისულს იქაურობა დარბეული დახვდა, ხოლო პოლიციის უფროსის ადიუტანტ ჩიგოგიძეს მოუხსენებია, ჩემი უფროსი ჯერ მაგრად სცემეს და რამდენიმე პოლიციელთან ერთად სულ რაღაც ნახევარი საათია, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანესო. სახლები და დუქნები დაკეტილი იყო, მოსახლეობა გახიზნულიყო, ფოსტა და ტელეგრაფი დარბეული და წყობიდან გამოსული იყო. ლაზარენკო წერს, არანაირი სამხედრო მოქმედების ჩატარება არ შეიძლებოდაო. მან ჩოხატაურში 2 დღე დაჰყო და გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო.

ბრძოლა

ხალხმა გაიგო ლაზარენკოს გეგმის შესახებ და ხმა გავრცელდა, რომ, ლაზარენკო მთელს მაზრას განადგურებას უპირებდა. გლეხები ამბობდნენ, თუკი საქმე ასეა დასაკლავ ცხვარივით კისერს ხომ ვერ გავუწვდითო. შეიკრიბა გლეხობა, რათა ლაზარენკოსთვის ხელი შეეშალათ ოზურგეთში დაბრუნებაში.

ბრძოლას ხელმძღვანელობდა ბენია ჩხიკვიშვილი და მისი თანაშემწე ნესტორ ერქომაიშვილი. ბენია ჩხიკვიშვილი ბრძოლის წინააღმდეგი იყო და მიაჩნდა ის უაზრო სისხლისღვრად, მაგრამ ხმათა უმეტესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბრძოლის შესახებ. ხელმძღვანელობა ისევ ჩხიკვიშვილს დაევალა.

ბრძოლის მონაწილეები ძირითადად ზემო და შუა გურიის მცხოვრებლები იყვნენ, თუმცა რამდენიმე მებრძოლი ქობულეთიდან, ბათუმიდან და აფხაზეთიდანაც იყო. იყვნენ ქალებიც, რომელთა შორის შემორჩენილია ნატალია ქიქოძის სახელი. ყველზე მეტნი მაინც ბახვისა და დვაბზუს სასოფლო საზოგადოებების წევრები იყვნენ. ცალკეულ რაზმებს მეთაურობდნენ ფირალები დათიკო შევარდნაძე, კიკია მამულაშვილი, მელქისედეკ გუნთაიშვილი, სეფე ცინცაძე, ესერი სტუდენტი ს. ბოლქვაძე.

სამსონ პაიჭაძემ წამოაყენა წინადადება: რად გვინდა ბრძოლა, მდინარე გუბაზოულის წყალი მოვწამლოთ, საღამოს რომ ჩამოივლიან, სხვაგან წყალს ვერ დალევენ და ყველანი დაიხოცებიანო. ეს აზრი არ გაიზიარეს და შეიმუშავეს კაზაკებთან ბრძოლის გეგმა. თავდასხმის ადგილად შეარჩიეს ნასაკირალის ფერდობი, რომელიც ჩოხატაურიდან ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. წითელრაზმელებმა გათხარეს სანგრები, ააგეს ბარიკადები, მოაწყვეს დაზვერვა.

კირილე უჯმაჯურიძე:

19 ოქტომბერს ნაგომრის სამკითხველოში თავი მოიყარა წევრთა უმრავლესობამ. იხილებოდა მაზრის უფროსის ლაზარენკოს რაზმზე თავდასხმის მოწყობის საკითხი. ამ საკითხის გადაჭრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დათიკო შევარდნაძემ, ისიდორე ჩხარტიშვილმა, ვიქტორ ბოლქვაძემ და სხვებმა

გურულები შეიარაღებულები იყვნენ ძველებური ქართული თოფებით: ნალფარა, ფილთა და მაჭახელა. რამდენიმეს შაშხანაც ჰქონდა. ნაწილი კი ცელებით, ნამგლებითა და ფიწლებით იყო შეიარაღებული. სულ გლეხთა რაზმი 4 000 მდე კაცს ითვლიდა.

 

იარაღები, რომლითაც იბრძოდნენ გლეხები

 

ბრძოლა გაიმართა 20 ოქტომბერს (ახ. სტილით 2 ნოემბერს). ღამის 9 საათზე ნასაკირალის ქედს მიადგნენ დაბრუნებული კაზაკები. პირველად ცხენებით გამოიარეს სტრაჟნიკებმა. მათი ამოცანა იყო გზის დაზვერვა. როცა ჯარი გაუსწორდა სამიზნე ადგილს, გურულებმა ყუმბარებით და თოფებით გახსნეს ცეცხლი

გრიშა დუმბაძე:


ლაზარენკოს ავანგარდი გაუსწორდა შევარდნაძის ჩასაფრებულ რაზმს, თითქმის გაასწრო კიდევაც, რომ გასროლილი ყუმბარის მქუხარე გრგვინვამ აცნობა ყველას ბრძოლის დაწყება. მეორე დღეს უთენია ლაზარენკო რაზმით გადავიდა ბახვის წყლის მარჯვენა ნაპირზე და ავიდა იქვე აღმართულ გორაკზე „ნაცხავატევზე“, რომელიც სხვა გორაკებს დაჰყურებდა ზევითგან

 

ივანე გაგუა:

 


…ერთერთ წითელ რამზში მეც შევდიოდი. ნასაკირალის შეტაკების წინ გაფრთხილებული ვიყავი, რომ ჩემი იარაღით (მქონდა უბრალო სანადირო თოფი) ვყოფილიყავი ადგილზე. საღამოს წავედით ნასაკირალის გადასასვლელზე. გლეხთა რაზმების ნაწილი უკვე ჩასაფრებული იყო, ნაწილი კი ეძებდა მოხერხებულ ადგილებს, საფრებს. პირველი ყუმბარის გავარდნა ჩვენთვის სასიგნალო ნიშანი იყო.

ბრძოლა დაახლოებით საღამოს 10 საათზე დაიწყო. ჯგუფი, რომელშიაც მე შევდიოდი, განლაგებული იყო ბახვისწყლის ხიდიდან 300-400 მეტრი დაშორებით. ლაზარენკოს რაზმს ჩვენს ჯგუფამდე არ მოუღწევია. თავდასხმის შემდეგ გადარჩენილმა კაზაკებმა და ჩაფრებმა მოპირდაპირე მაღლობს ცხევათის მთას შეაფარეს თავი…

კიდევ ერთი მონაწილე


მე სხვებთან ერთად ჩემი რაზმით ვდგევარ ნასაკირალის ქედის თავში. ჩაბარებული მაქვს 10 გირვანქიანი ხელყუმბარა… მოუთმენლად ველოდით ჩვენს სამსხვერპლოს. დადგა 20 ოქტომბრის ღამე და ვამჩნევთ, რომ პლასტუნთა ბატალიონი მოდის ჩვენ მიმართულებით. მე ხელყუმბარა ვესროლე, მაგრამ იგი მათ ,,აბოზს” დაატყდა თავს (ბნელმა ღამემ მე შეცდომაში შემიყვანა, მე გაანგარიშებული მქონდა იგი თვით პლასტუნთა ბატალიონის შუაგულში ჩამეგდო) ამ გარემოებამ პლასტუნები თითქმის სრულ გაწყვეტისაგან იხსნა. პლასტუნები დაიბნენ და წყალში გადაცვივდნენ, ხოლო მათ განუწყვეტელი ზალპით ვპასუხობთ. დიდი ხნის შემდეგ, როცა ისინი გონს მოვიდნენ ჩვენს ზალპს სროლით უპასუხეს და მოპირდაპირე მთას ცხავათს შეაფარეს თავი.

გადარჩენილმა პლასტუნებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მაგრამ უშედეგოდ, ვერავინ მოკლეს. ნახევარი საათს შემდეგ ბრძოლა შეწყდა. ლაზარენკომ უკან დაიხია, გადაკვეთა მდინარე ბახვისწყალი და ცხავათის მთას შეაფარა თავი.

მეორე დღეს დილიდანვე ატყდა სროლა. ბრძოლა გაგრძელდა შუადღემდე. აჯანყებულებში მოკლეს ორი და დაჭრეს ერთი კაცი. მოკლულთაგან ერთი იყო ვინმე ამბაკო სალუქვაძე, რომლის სიკვდილზე გლეხებს გული არ დასწყვეტიათ, რადგან თურმე ის მოკლულ კაზაკს ჩექმებს ხდიდა და ამ დროს მოკლეს. მეორე კი ბრძოლაში დაიჭრა და სახლისკენ მიმავალი, ძიმითში მოკვდა.

 

კირილე უჯმაჯურიძე:


…პირადად მე დავალებული მქონდა კავშირის დამყარება რაზმებს შორის, საჭიროების შემთხვევაში ტყვია-წამალი მიმეწოდებინა მათთვის. მეორე დღეს სამ საათზე მეფის ჯარს ოზურგეთიდან დამხმარე რაზმი მიაშველეს. ჩვენ კიდევ შეგვეძლო გავმკლავებოდით მათ, მაგრამ ტყვია-წამალი აღარ გვეყო.

მეფის ჯარმა საკმაო მსხვერპლი გაიღო. ბახვის წყალი და ნასაკირალის გადასასვლელი სისხლით მოირწყო. დაეცნენ ჩვენი ამხანაგებიც…

შუადღის შემდეგ გლეხთა რაზმი დაიშალა, ნადავლი თოფ-იარაღით აჯანყებულები სახლებში წავიდნენ და გზად პლასტუნთა მცირე ჯგუფებს ანადგურებდნენ. ოფიციალური ცნობით, გლეხებმა მოკლეს 10, დაჭრეს 14 კაზაკი და სტრაჟნიკი. მწყობრიდან გამოყვანილთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.

ლაზარენკომ ხუთი კაცი გაგზავნა ოზურგეთში ამბის ჩასატანად, მაგრამ ორი აჯანყებულებმა მოკლეს, ერთი დაჭრეს, ერთი ტყეში დაიბნა და მხოლოდ ერთმა მიაღწია დანიშნულების ადგილზე. ორი დღის შემდეგ ოზურგეთის გარნიზონმა გაიგო ნასაკირალზე შეტაკების ამბავი, 22 ოქტომბერს გარნიზონი მთელი სამხედრო ძალებით (150 პლასტუნი) ნასაკირალისკენ გაეშურა. პლასტუნები მივიდნენ ბრძოლის ადგილზე. მკვდრები იქვე საკირეში დაწვეს. შემდეგ პლასტუნები შეუერთნენ ცხავათის მთაზე მდგარ ლაზარენკოს რაზმის გადარჩენილ ნაწილს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. უკან დაბრუნებისას გადაწვეს სოფელი დვაბზუ. 


ბრძოლის შემდეგ

1955 წლის 6 ნოემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი პომპეზურობით აღნიშნა ბრძოლიდან 50 წლისთავი. გაიმართა მიტინგი ნასაკირალის გადასასვლელზე. საფუძველი ჩაეყარა ობელისკს.

მაშინდელი საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა, ნასაკირალის ბრძოლა მთლიანად „ბოლშევიკურ“ დამსახურებად წარმოეჩინა. იწერებოდა პროპაგანდისტულ-ჰეროიკული ლექსები, როგორიც იყო ირაკლი აბაშიძის „ნასაკირალი“ და „ახალი ნასაკირალი“. ცხავათის მთაზე, ლაზარენკოს დამარცხების ადგილას საბჭოთა პერიოდში მოწყობილი იყო მემორიალური მუზეუმი.



მუზეუმის ექსტერიერი



მუზეუმის ინტერიერი

 

ბრძოლის მონაწილეები

ნასაკირალის ბრძოლის ხელმძღვანელი იყო ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი, ასევე ფირალები: დათიკო შევარდნაძე, მელქისედეკ გუნთაიშვილი და კიკია მამულაიშვილი.

ასევე ბრძოლის მონაწილეები იყვნენ სეფე და კოსტა ცინცაძეები სოფელ ფარცხმიდან, სიო კალანდაძე ხიდისთავიდან, ილია მგელაძე, კირილე უჯმაჯურიძე, ფარნა ცქვიტინიძე, ერმილე ანდღულაძე, სევასტი სარიშვილი, ლეონტი მეგრელაძე, ალექსანდრე ერქომაიშვილი, ისიდორე ჩხარტიშვილი, ვიქტორ ბოლქვაძე და სხვ.

ბრძოლაში მონაწილეობდა ცნობილი გენერლის, კონსტანტინე ლესელიძის მამა, ნიკოლოზ ლესელიძე.



ნასაკირალის ბრძოლის მონაწილეები მახარაძის რაიონიდან, „ლენინის დროშა“, 1955

 

ნასაკირალის ბრძოლის მონაწილეები  ჩოხატაურის რაიონიდან, „ლენინის დროშა“, 1955 

ნასაკირალის ბრძოლის მონაწილეთა ნუსხაში, რომელიც სავარაუდოდ, 50-60 წლებშია შედგენილი.

 

ნასაკირალის ბრძოლის მონაწილეები by Grigol Makharadze




გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share