საქართველოში, დღეის მდგომარეობით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 161 ბავშვი ირიცხება, მსურველი კი 2431 ოჯახია

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში განუცხადეს, გასაშვილებელი ბავშვებიდან 125 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული მშვილებელი პირი/ოჯახი 2431-ია.

გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს 6 თვეში მშვილებელთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირებულ იქნა 4 მშვილებელი ოჯახი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი მიენიჭა 8 არასრულწლოვანს.

2021 წლის ივნისამდე პერიოდში, დასრულებულია შვილად აყვანის 7 საქმე, აქედან 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის საერთაშორისო შვილად აყვანის საქმე.

ცნობისთვის, ბავშვის შვილად აყვანა შეუძლია ანუ მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს.

მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;

მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: