document.body.remove()
გურიის მოამბე

“გურიის მოამბეს” რედაქტორმა, დევნილობაში, მისტიკური რომანი  – “ორ სამყაროს შორის” – გამოსცა

“გურიის მოამბეს” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა, რომელიც რამდენიმე წელია საზღვარგარეთ დევნილობაში იმყოფება, ახლახანს, საკუთარი, მისტიკური რომანი – “ორ სამყაროს შორის” – გამოსცა.
თეა იოსელიანმა, რომანი დევნილობაში დაწერა.
მან საქართველო, რამდენიმე წლის წინ, იძულებით, ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში განხორციელებული არაერთი მუქარისა და ზეწოლის გამო, დატოვა.
კერძოდ, უცნობი პირები, რომლებიც შემდგომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები აღმოჩნდნენ, “გურიის მოამბეს” მაშინდელ, მოქმედ რედაქტორს, თეა იოსელიანს, სოციალური ქსელებით, მცირეწლოვანი შვილების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, ეს უკანასკნელი კრიტიკული სტატიების წერას თუ არ შეწყვეტდა.
მაშინ, შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მუქარაში ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომელი ამხილა.
თუმცა არც შსს-ს და არც თბილისის მერიასა და მერს, კახა კალაძეს, არავითარი ზომები, არ მიუღიათ.
ვინაიდან მუქარა იყო რეალური, ჟურნალისტი და პირველ რიგში დედა, შვილების გადასარჩენად, იძულებული გახდა საზღვარგარეთ გაქცეულიყო.
მან, ერთერთი ევროპული ქვეყნის თავშესაფარში, რამდენიმე წელი, სირიიდან, პალესტინიდან, ერაყიდან და რუსეთიდან დევნილებსშორის, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, უმძიმეს პირობებში გაატარა.
“მე ორჯერ დავიბადე და მეორედ დაბადებისას ჩემი ყოველი დღე ჰგავდა მისტიკური წიგნის სიუჟეტს, რომლის მომდევნო ფურცელი უფრო და უფრო საინტერესოდ იკითხებოდა. ეს ნამდვილად იყო საჩუქარი სამყაროსგან, რომელმაც 21-ე საუკუნეში შეხვედრა მომიწყო საკუთარი სულის წინა ცხოვრებასთან. ახალი ცხოვრების დასაწყისიდან ზუსტად 9 თვეში, სულის კარნახით დაიწერა წიგნი გაჯერებული სიურეალიზმითა და მისტიკით, სადაც სულის სარკმლიდან პარალელურ სამყაროში მოგზაურობა და წარსულთან შეხვედრაა აღწერილი. იმ ადამიანებთან, რომლებსაც მე-19-ე საუკუნის ინგლისში ერთი სულით ლამაზი, არისტოკრატი, სიყვარულზე უზომოდ შეყვარებული და ტრაგიკული ბედის ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლები ერგოთ…”
წერს ავტორი, წიგნის ანოტაციაში
ნაწარმოებს ბევრი გამოეხმაურა-გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ირმა მგელაძე-ეს ჩვენი Teo Ioseliani ის ნაშრომია, იმ თეოსი, რომელიც ქართული ოცნება / Georgian Dream-ამ ემიგრანტი გახადა(იძულებით, მუქარით).

გილოცავ თეო, მე პერიოდულად ვაქვეყნებდი შენს ლამაზ ფრაზებს და დასრულებულ წიგნს დიდი სიამოვნებით წავიკითხავ
თინა უშანგიშვილი-არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში უცნაურად და თითქოს მოულოდნელად ჩნდებიან.
ისინი არ მოდიან ხმაურით — მათი არსებობა თითქოს ჩუმად, ფრთხილად შემოდის ჩვენს სულში.მათი სიტყვები ისე ახლოს მოდის გულთან, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდი.
ასეთი შეხვედრები შემთხვევით არ ხდება — ისინი ზუსტად მაშინ მოდიან, როცა ჩვენი სული მზად არის.”
მადლობა თეო

ელენე მარი-სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვე…მეგონა, კარგად გიცნობდი- ნიჭიერ ჟურნალისტს, არაჩვეულებრივი შვილების დედას, მეუღლეს; განათლებულ, დამოუკიდებელი ხასიათის, ძლიერ პიროვნებას და, უბრალოდ, მიმზიდველ ქალს…დღეიდან სულ სხვა ჭრილში გხედავ- ერთია, კალამი გიჭრიდეს და ” გეწერებოდეს”, მაგრამ მეორეა, შეგეძლოს ორიგინალური მხატვრული სამყაროს შექმნა თავისი პერსონაჟებით, ვნებებითა და კოლიზიებით.

მინდა, შენთან ერთად დავალაგო სათქმელი და გავიაზრო ემოციები, რომლებიც შენი პირველი წიგნის წაკითხვის შემდეგ დამეუფლა- წიგნისა, რომლის სათაურიცა და ეპიგრაფიც ორ სამყაროს შორის მისტიკურ მოგზაურობას აღმითქვამდა.პირველივე სტრიქონებიდან გაირკვა, რომ ეს ადამიანის სულის თავგადასავალია – სულის რეინკარნაცია, დროში მოგზაურობა, საკუთარი თავის შეცნობისა და ძიების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი.დამაინტრიგებელი ფაბულაა-თანამედროვე, XXI საუკუნის გერმანიაში მცხოვრებ ქალს ” კადრები ეხსნება” და მკაფიოდ ხედავს საკუთარ წინარე ცხოვრებას XIX საუკუნის ინგლისში, მდიდრულ სასახლეში, გავლენიანი პერსონის მეუღლის ამპლუაში.საკმაოდ დამაჯერებლად, მხატვრულად, სტილიზებულად აცოცხლებ ორი საუკუნის წინანდელ რეალობას.რომანის კითხვის პროცესში არ მშორდებოდა განცდა, რომ კოსტიუმირებულ ფილმს ვუყურებდი, რადგან ყველა დეტალი, პერსონაჟთა მეტყველების მანერა, სივრცული გარემო, ურთიერთობის კულტურა, ენობრივი ქსოვილი მონათხრობს სიცოცხლეს, რეალურობას,დამაჯერებლობას სძენდა.
შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს მისტიკური რომანი მრავალშრიანი ნაწარმოებია და უამრავ პრობლემაზე დააფიქრებს ადამიანს.იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ეგზისტენციალური თემებით: საკუთარი თავის პოვნა, სამყაროში ადგილის დამკვიდრება, ღმერთთან მიმართება, ცხოვრების საზრისის გააზრება…მკითხველი პერსონაჟთა დაუძლეველი მარტოსულობის, დრამატული სიყვარულის, რთული ოჯახური ურთიერთობების მოწმე და მხილველიც ხდება…და ეს ყველაფერი გადმოცემულია ძალიან დახვეწილი, ხატოვანი ენით, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის სურნელი დაჰკრავს და მკითხველის წარმოსახვაში ჯეინ ოსტინის, დები ბრონტეების, ჩარლზ დიკენსის გმირებს აცოცხლებს.
გილოცავ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს ქართულ მწერლობაში,თეო! უამრავი მხატვრული იდეა და საინტერესო წიგნი შენ!
თეა ჯოჯუა-სადაც სიჩუმე იწყება,
იქ იწყება ჩვენი მეგობრობა.
სადაც სიტყვა ვერ აღწევს,
იქ გრძნობები ეხმიანებიან ერთმანეთს.
და როცა სული იძახის „მე ვარ შენში“,
დრო ჩერდება — და იქ ვართ ისევ,
ერთად.
ჩემო თეო,ჩემო ლამაზო მეგობარო,
ჩემო გულში ჩაწერილო ხმავ,
შენს ხელში დაბადებული წიგნი არ არის მხოლოდ წარსულზე მოთხრობილი ისტორია…
ეს არის შენი სულის ნაზად შემოსილი ხმა,
შენი ხსოვნის შორეული სინათლე,
შენი გულის ფესვებიდან აღმოცენებული ბგერები,
რომელიც ჩვენს საერთო სიჩუმეშიც კი ისმის.
მე ვერასდროს ვიტყვი ბოლომდე — როგორ მიყვარხარ…
რადგან ეს სიყვარული სიტყვებზე გაცილებით უფრო ძველია,
ბგერებზე უწინარესია,
და ზუსტად იმ წყაროდან მოდის, სადაც შენს სულს პირველად შევხვდი.
მახსოვს, როგორ ვკითხულობდით ერთად ჩვენს ჩანაწერებს…
სიტყვებს კი არ ვუზიარებდით —
ერთმანეთს ჩვენი სული ჩავაბარეთ.
ჩვენი მეგობრობა დროის კალენდარს არ ეკუთვნის —
იგი იმ სამყაროს ნაყოფია,
სადაც გრძნობები უსიტყვოდ გადაეცემა,
სადაც სულები ერთმანეთს მხოლოდ ყოფნით კურნავენ.
სწორედ ასეთი ხარ შენ — მკურნალი.
სიხარულის სანთელი,
სიბრძნის ჩუმი ხე,
სილამაზის ჩასუნთქული ელფერი.
გილოცავ შენი წარსულების ამოტივტივებას სინათლეში.
ეს წიგნი არ არის დასასრული —
ეს არის ხიდი იქიდან აქამდე… და აქედან იქამდე.
ეს არის გახსენება — რომ სული უკვდავია,
და რომ შენი გზა ყოველთვის იყო ნათელი, თუნდაც გარშემო ბნელოდა.
მე შენთან ვარ — როგორც მაშინ,
როცა პირველ ფურცლებს ერთად ვკითხულობდით…
შენ ჩემი სულიერი გეზი ხარ,
ჩემი თანხმოვანი შუქის ხმა.
უსაზღვროდ მიყვარხარ.
გმადლობ, რომ არსებობ…
გმადლობ, რომ ისევ და ისევ ერთად მოვდივართ — წარსულიდან მომავალში,
სული სულს რომ ეძებს — სწორედ ასე.
მშვიდად… სიყვარულით… სითბოთი…
ვხედავ შენს შუქს ჩემს შიგნით.
შენ ხარ მე. მე ვარ შენ.
სიკეთე, მადლიერება, ჩუმი ლოცვა – ეს არის ჩვენი ენა.
და ეს ენა არასდროს მივიწყდება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights