ქალის ქება
ჩემი ციცაი არ გინახავს, არა, თქვენ? რავა არ მნახავს ჯარი შვენის. იორდამით მომწვარია. თლათ კაი თვალი-ტანადია. თეთრი არის. სხვაი რაღაი. მე მგავს. ხელობა მისი მოგონილია! გამფრინვალე ჩიტის სახეს გადმოიღებს და მოგცემს (ყოლიფერი იცის). ყოლიფერი, რა აკლია! კალმის წვერი, ლემსის წვერი, წიგნის დაწერა, ჭრაი, კერვა, ღილი და ღირკილო, ქსოვა და რეცხვა. აბრძანდი და დაბრძანდი. აბა ყანა, ბაღჩა. კაი დღეი, ავი დღეო, აბა სტუმარი, მასპინძელი, მომავალი, წამავალი, სახვეტი, საწმენდი, ნაგავი. . . ყორიფელი მის თავზე არის.
ჩემი ოჯახი იგია, რაგინდა რა კაცს ვერ მივსცემ. დღეი ერთია და შვამავლის მოსვლა ასი. ტალახი ააყენეს ჩემი კარის წინა მოციქულებმა. ახლაც კი დავტიე ერთი შინ, მარა შორ ვერ გავათხოვ. წყალს გაღმა ვერ გავათხოვ (სურიელი თუა, კაი ადამიანო). თავი რომ გაუხეთქო ვერაფერს ვერ გეტყვის (მზითვი თუ რამე გაქო). მზითვი ენისთქმული. . . აფერი აკლია. საქებრად არაფერი არ მაქ. ყორიფელი შინ მაქ. ცხენი მყავს, შინ მყავს. ზროხა მყავს, შინ მყავს. ნოხია და შინ მაქ. ფარდაკია – შინ მაქ. ტაშტი, თუნგი, ტაფა, ჯაჭვი, კარდალი, ქვეშაგები, ზესახურავი შინ მაქ. მარა ახლა მაინდა-მაინც დღეს დუუჭუჭკა და მისცაო არ ვათქმიებ მტერს და ისე მის კას გუნებას ვხედავ. მისი ჩემი იქნება და ჩემი მისი. აბა რაა? ასე ქვია, თლათ მისი არ ვიქნებით?
ვაჟის ქება
შენს ციცას გაგათხოვიებ, თუ კას ქირას მომცემ. აბა! იმისანა ბიჭიზა მიგაცემიებ შენს ციცას, რომე ჩემი ლოცვის მეტს შენს სიცოცხლეში არაფერს იზამ. ბიჭი თუ დავაჯერე, შენი შვილის ბედს ძაღლი არ დაყებს.
(აბა შენ იცი! რავარი კაცი არის, მაინც მითხარი) ბიჭი ღმერთმა კაი დაგმართოს, კაი იგი იყოს. ერთ კაცად მისი წელის იარაღი ღირს, ბიჭია კოკობი ულვაშები აქ, ერთი ნათლა-ქორწილის მეტი არაფერი უნდა. იმისთანა ცეკვა-თამაში იცის, რაცხა უცხოფერად, სატევრებით! აბა ჩეჭური და ღიღინი მისი მოგონილი არის.
მაღლა კარებზე გაზრდილი არის. იგი ოჯახში არაფერს არ აკეთებს, ან კი ვინ კითხავს? იმისთანა მამა და ბაბუა ყავს, მის ოჯახში მზისა და წვიმის მეტი ვერაფერი ჩაიხედავს. მე რაღას მკითხავ მის ოჯახობას. ახლა გაუთხუვე ქალი და რომ მერმე მობრუნდება შენი შვილი და გესტუმრება, ყველას გეტყვის თუ რავარ ოჯახში ჩამიყვანია.
თუ კი ჩემს შვილს თავი ერჩინება (მოსახლეობა თუ უვარგიაო). მოსახლეობა! დუღს და გადადუღს, გადაფიფინებულია: რა აქ, არ იცის. მის ახსნილში სამარხი არ იჭმობა და მარხვაში სახსნილო. მისას ყველს მისაჭმელი არ ქვია და ქათამს მისაჭმელი არ ქვია. ერთი ნალიე (სასიმინდე) იმისანა უდგანა შენი ლამაზი თვალით, რომ შეხედო ამას იტყვი: ნეტაი, ამის მზერით გამაძღო და მომკლა, აღარ ვჩივიო. აბა დოლაბი ორი უბრუნავს. რომე უკეთეს კაცის თვალი ვერ ნახავს. განა მისი არ არის, მარა ასე ქვია. რავარც უნდა, ჩემი ციცაის მეზობლითგან. ჩემ ციცას თვალში, რომ ჩაუვარდეს შენი სასიძო, ხელს არ ამოისვამს.
(აგი კაი ყოლიფერი მარა, რა გვარისააო) გვარიი? მამამისის ბებიები კაი ყმოსანი კაცის ქალი იყო. (არა რა გვარიაო). დედამისის ბებიე ბერეჟიანის ქალი იყო. (არა თვითონ რა გვარიო). დედა მაგის ნაკაიძის ქალი იყო. (არა თვითან რა გვარიაო). აბა მამის დედა ახლაც ცოცხალია, ბოლქვაძის ქალი არის. (მე გვარს გკითხავ ჩემი სიძის). სიძე ბლაღოჩინის მონათლული არის. ჯერ ბავშვი არის. გუშინდელივით მახსოვს მისი დაბადება. (გვარი თუ არა ააქ, რათ გინდა). გვარი, უი, დამიცვა ღმერთმა. გვარიც აქ და სახელიც. აბა რა აქ, დადიანი ღორაძე და მეფე ირემაძე, მარა იგი მეფე იყო და იგი დადიანი. პირში სათქმელად რაა, კაობით კაი ტაკიძე გახლავსთ. სახელად მევარკაცი ქვია.
რაფიელ ერისთავი (1824-1901) „ეთნოგრაფიული წერილები“ – „ატატი კოპალაძის მეუღლის გადმონაცემი“
–
ანტონ გოგიაშვილი – გურული ქალი და კაცი (1903 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა