აქტივისტი: LGBTQ სამკლაურის გამო აქციიდან გამომაგდეს, რას გავხარო, მეძახნდნენ

ლგბტქ+ სამკლაურის გამო ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტს, სალომე ბარკერსა და პუტინისტურ, ჰომოფობიურ ჯგუფებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა აქტივისტს უთხრა, რომ სიმბოლიკა მოეხსნა, რაზეც მან უარი თქვა.

როგორც ტაბულას რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, სალომე ბარკერი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, აქციას განერიდნენ.

“ულტიმატუმის დრო რომ მთავრდებოდა, მაგ დროს მოვედი აქ, ვიფიქრე, რომ მაგ დროს სიტუაცია დაიძაბებოდა და დასჭირდებოდათ მხარდამჭერი ხალხი. ვიდექი ჩემთვის წყნარად, აბსოლუტურად მშვიდად და უცბად არსაიდან გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი, რომელიც ასე მოვიდა და მითხრა, ეს მოიხსენიო, რაზეც მე ასევე წყნარად ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი, იმიტომ, რომ ორი წელია, მიკეთია ყველგან, სახლში, აქციაზე და სადაც მინდა. ვუთხარი, რომ არა-მეთქი, არ მოვიხსნი. ამ ადამიანმა ატეხა ერთი ამბავი, გვეძახეს პროვოკატორები, ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი. ვიღაცამ დამიძახა, რომ რას ვგავარ. ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი. ახლა თქვენ [მედიას] რომ გელაპარაკებით, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მე აქ პროვოკაციას ვდგამ. გამომადგეს აქციიდან, აქ ნუ დგახარო, მითხრეს და ინტერვიუს ნუ აძლევო.

ძალიან მრცხვენია. მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა აქ მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად. აგრესიული ხალხია და რადგან აგრესიულები არიან, გამოვერიდე”. – თქვა სალომე ბარკერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share