ზუსტი მეცნიერებებისგან განსხვავებით, ისტორიის შესწავლა სწორხაზოვნად შეუძლებელია. ისტორია წყაროებზე დგას, წყაროების ავთენტიკურობა კი ხშირად იმდენად სათუოა, რომ პრიზმაში გატარების შემთხვევაშიც შეუძლებელია ამბის, მისი დეტალებისა და ხშირად ისტორიული ფიგურების არსებობის ნამდვილობის დამტკიცებაც კი.
გამოჩენილი ისტორიული ფიგურების უმეტესობა ან პოლიტიკურ პროცესებში იყო აქტიურად ჩართული, ან ხელისუფალ პირებთან დაახლოებული, შესაბამისად, მემატიენეების კალმის “ობიექტივში” ყველაზე ხშირად ისინი ექცეოდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოდან სამეცნიერო გამოცემების ტომეულებამდე, უამრავ ისტორიულ ფიგურას გადააწყდებით, რომელთა შესახებაც იმდენად მცირე ინფორმაციაა მოთხრობილი, რომ ერთ აბზაცშიც კი ეტევა.
ცნობების სიმწირეს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს — მეფეების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ზეობის მოკლე პერიოდი ან გამორჩეული თვისებების არქონა. თუმცაღა ყველა ადამიანის ცხოვრება თავისებურად საინტერესოა, არსებობენ ის პირები, რომელთა შესახებაც მეტის გაგებას ვისურვებდით. ამ სტატიაში სწორედ ასეთ პირებს წარმოგიდგენთ.
1. აფსირტე
ანტიკური სამყაროს ისტორიაში მითი და რეალობა ისე ერევა ერთმანეთს, რომ ყველაზე რთულია, დარწმუნებით თქვა რაიმე ისტორიული მოვლენისა თუ ფიგურის ამ ეპოქაში არსებობის შესახებ. თუმცა, არგონავტების მითის შესახებ არსებული ცნობები იმდენად ორგანული ნაწილი გახდა საქართველოს უძველესი დროის ამბებისა, რომ კოლხი მედეა და იასონი ცნობადობით ისტორიულ პერსონაჟებს გაუტოლდნენ.
მიუხედავად დების — მედეას და ქალკიოპეს — “პოპვარსკვლავობისა”, მითებიც კი ძალიან მცირე ცნობას გვაწვდიან აიეტის ვაჟის, აფსირტეს შესახებ. ამბის სხვადასხვა ვერსიის შეჯამებით, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მედეა მას სასტიკად მოეპყრა. საინტერესო იქნებოდა, გაგვეგო, როგორ იზრდებოდა იგი აიეტის სამეფო კარზე გრძნეულ დასთან ერთად და რა ბედი ეწია, როცა ამ უკანასკნელმა ყველაფრის მიტოვება და სამშობლოდან უცხოელთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა.
2. ნანა დედოფალი
ვერ ვიტყვით, რომ ისტორია მირიან III-ის და მისი ცოლის შესახებ ცნობების ნაკლებობას უჩივის; ბოლოს და ბოლოს, ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე ვრცლად აღწერილი მოვლენაა.
თუმცა, რადგან ისტორიის ამ ეპიზოდში მთავარ როლებში მირიანი და ქრისტიანობის მქადაგებელი ნინო გვევლინებიან, ნანა დედოფლის ცხოვრებისა და გადაწყვეტილების — ქრისტიანად მონათვლის — შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. გადმოცემის თანახმად, მან სენისგან განკურნების შემდეგ გადაწყვიტა მრწამსი შეეცვალა, მაგრამ ჩვენ არ ვიცი, როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ სამეფო კარზე და, კერძოდ, სამეფო ოჯახში, სადაც იგი პირველი იყო, ვინც ახალი რელიგია მიიღო. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მრწამსშეცვლილი ცოლისადმი მეფეს და რა მოიმოქმედა დედოფალმა.
3. მირდატ მეფე
მირიან მეფისა და ნანა დედოფლისგან განსხვავებით, მირდატ მეფე ჯერ ცოლმა, შემდეგ კი შვილმა, უნებლიეთ დაჩრდილა. ვახტანგ გორგასლის მამის შესახებ ისტორიულ წყაროებში ბევრი არაფერი წერია და იმ მცირე ინფორმაციასაც, რომელიც არსებობს, მისი ცოლის, საგდუხტ დედოფლის, ამბიდან ვიგებთ.
როგორც სამეფო კარზე შემდგარი ქორწინებების უმრავლესობა, მირდატის, იგივე მითრიდატეს, და ირანელი პიტიახშის შვილის, საგდუხტის, კავშირიც პოლიტიკურ გარიგებას უფრო ჰგავდა. მიუხედავად ამისა, საგდუხტი ჯერ ქრისტიანი გახდა, შემდეგ კი, მირდატის სიკვდილის მერე, ქვეყნის მმართველობა და შვილების, მათ შორის მცირეწლოვანი ვახტანგის, აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. რადგან მირდატს მეფობა დიდხანს არ დასცალდა, შესაბამისად, ისტორიაში დიდი ადგილი არ ეთმობა მისი ზეობის აღწერას, თუმცა, საინტერესო იქნებოდა მისი ოჯახური პორტრეტი — უცხოელთან ქორწინება, სიმამრთან ურთიერთობა, რომელიც, მოგვიანებით, საგდუხტს ქვეყნის მართვაშიც ეხმარებოდა და ვახტანგ გორგასლის მამობა.
4. თეოდოს III
გარემოებებმა — გამემკვიდრებული დისშვილის და მისი მამობილის საქმეებმა — გადაფარა თეოდოს მესამის ისტორიაც. ბიზანტიაში გაზრდილი აფხაზთა მეფის შესახებ გამორჩეული ინფორმაცია მხოლოდ მის ფიზიკურ მდგომარეობას აღწერს — როგორც ცნობილია, სამეფო ტახტის ხელში ჩაგდების მცდელობაში, თეოდოსი მეტოქემ, საკუთარმა ძმამ, დაასახიჩრა და უსინათლოდ დატოვა.
საინტერესო იქნებოდა, მეტი დეტალი გვცოდნოდა, არა მხოლოდ მეათე საუკუნის აფხაზეთის სამეფოს სატახტოთა თამაშის შესახებ, არამედ იმ პერიოდზეც, როცა თეოდოსის ძმა გარდაიცვალა და უსინათლო მეფე ტახტზე ავიდა, შემდგომ კი მისი დათმობა დისშვილის და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის, სასარგებლოდ მოუწია.
5. ეპისკოპოსი მოდისტოსი
რთულია, დავით აღმაშენებლის პერიოდში გეცხოვრა და ისტორიისთვის თავი დაგემახსოვრებინა, თუმცა, ეპისკოპოსმა მოდისტოსმა ეს მოახერხა. მატიანეებში “ორგული ფეოდალების” შესახებ უამრავ ცნობას ვხვდებით, მაგრამ საეკლესიო და სასულიერო პირების დაპირისპირებები ხშირად და ვრცლად აღწერილი არაა.
ალბათ საინტერესო იქნებოდა, უფრო მეტი რომ ვიცოდეთ, რა ბედი ეწიათ რუის-ურბნისის კრების ზოგიერთ მონაწილეს, თუმცა, იმ დროის სასულიერო პირების ცენტრალური ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის გამოხატულების სიმბოლოდ მაინც მოდისტოს აბულეთისძეა ცნობილი. ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა, რა მოტივაცია და გეგმები ჰქონდა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და, როგორც მემატიანეები გვამცნობენ, ქვეყნის ინტერესებისთვის ზურგშესაქცევად.
6. გიორგი ლაშა
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელი ალბათ გიორგი IV ლაშაა და, შესაბამისად, სათუოა, მის მოღვაწეობას დაჩრდილული ეწოდოს, თუმცა, დედის და დის ზეობას შორის მოქცეულ მეფეს, რომლის ტახტზე ყოფნა ხანგრძლივობითაც მოკლე იყო, ისე არ ვიცნობთ, როგორც, თუნდაც, მამამისს.
რადგან გიორგი IV-ს მემატიანეები ისეთი ჰიპერბოლებით არ ამკობენ, როგორც მის სახელოვან წინამორბედებს, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ იგი ლიდერობის უნარებში მოიკოჭლებდა. მიუხედავად ამისა, ცნობებიდან ირკვევა, რომ პიროვნული თვისებებით იგი დიდად განსხვავდებოდა, როგორც თანამედროვე ხელისუფალთაგან, ასევე წინაპარი მეფეებისგან. ამ მხრივ, საინტერესო იქნებოდა მეფის პირადი ცხოვრების მეტ დეტალს გავცნობოდით, რომელიც, როგორც ჩანს, დრამატულობით აღსავსე იყო.
7. დავით V
სატახტოთა თამაშები ბევრად დაძაბულად წარიმართა მეთორმეტე საუკუნეში, როცა თამარ მეფის მამას, გიორგი მესამეს, ტახტი, შეიძლება ითქვას, დაუმსახურებლად ერგო. გიორგის უფროსი ძმა, დავით მეხუთე, მეფობისთვის გამიზნული არც ჰყავდა მამას, დავით აღმაშენებლის შვილს, დემეტრეს.
სამეფო ოჯახში არსებული დაპირისპირების შესახებ ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ვიცით, შემდგომ კი ეს ჯახი დავითის შვილის, დემნა უფლისწულის მიერ მოწყობილი აჯანყებით გადაიფარა. ამდენად, უფრო მეტის გაგება იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა დავითს მამისა და ძმის მიმართ და რატომ გაგზავნა მამა ბერად, საინტერესო იქნებოდა.
8. ესუქნი
საქართველოს სამეფო კართან დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალი ფიგურა ისტორიაში ესუქნი, იგივე ესუქანი, იყო. რადგან მან დავით ულუზე იქორწინა (მისი მეოთხე ცოლი გახდა), ქართველ დედოფლად მოიაზრება, თუმცა, რეალურად, იგი მონღოლი იყო.
გარდა იმისა, რომ დავით ულუ პარტნიორების სიმრავლით გამოირჩეოდა, გულფიცხ მეფეს გადაწყვეტილებების დაუფიქრებლად მიღებაც სჩვეოდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ესუქნის უკავშირდება, რომელიც, მეფესთან მისული ხმების მიხედვით, მწიგნობართუხუცესთან იწვა. ამას ჯერ დავით ულუს ბრძანებით მწიგნობართუხუცესის მოკვლა მოჰყვა, მოგვიანებით კი, ვარაუდობენ, რომ სამაგიეროს გადახდის სურვილით შეპყრობილმა ესუქნმა ქმარი მოწამლა.
ისტორიის ასეთი დრამატულობის მიუხედავად, ესუქნსა და მისი და დავით ულუს ურთიერთობაზე დაზუსტებული ცნობები მწირია, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ცნობისმოყვარეობა ამ ამბის შესახებ მეტის შეტყობის სურვილს გვიღვივებს.
https://on.ge/