12 აპრილს, დიდი ქართველი პოეტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის – მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა!

12 აპრილს, დიდი ქართველი პოეტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის – მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა!

„ომის შემდგომ ქართულ პოეზიაში ბევრს არაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც მუხრან მაჭავარიანის სახელს. მისმა პოეზიამ ახალი პერსპექტივები დასახა. ის მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე თქვენთვის უცნობი, ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. უბოდიშობამდე მისული გაბედულება, ოცი წლის ჭაბუკისათვის შეუფერებელი აზრის სიმძიმე და რკინისებური ლოგიკა მსჭვალავდა იმთავითვე მის პოეტურ ფორმულებს და ცალკეულ სახელებს. მუხრან მაჭავარიანი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ თავისუფალ ლექსს. პოეზიის მაშინდელ კანონმდებელთათვის გამაღიზიანებელიც კი იყო კლასიკურ ლექსთან მისი მოურიდებელი დამოკიდებულება და ჭეშმარიტი პოეზიის ხარისხში საკვირველი სიმსუბუქით აყვანილი მისი კატეგორიული განცხადებანი“.

-მურმან ლებანიძე.

მუხრან მაჭავარიანი 1929 წლის  12 აპრილს დაიბადა.

დაბადების ადგილი: სოფელი არაგვეთი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1957–1963წწ. მუშაობდა ჟურნალ “ცისკრის” პოეზიის განყოფილების გამგედ; 1963–1964წწ. ჟურნალ “პიონერის” მთავარ რედაქტორად; 1967–1982წწ. ჟურნალ “დილის” მთავარ რედაქტორად; 1982–1988წწ. ალმანახ “საუნჯის” მთავარ რედაქტორად. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ “პირველ სხივში”, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”, რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული. მისი პოეზიის ესთეტიკას განსაზღვრავს მისი მოქალაქეობრივი კრედო, შეურიგებლობა და წინააღმდეგობაში ყოფნა არსებულ რეალობასთან. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩეხურ, პოლონურ, ბულგარულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. -გვ. 514; burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2009-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1954-1992)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1988-1992)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს უზენაესი საბჭო, წევრი (1989-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 – კირილესა და მეთოდეს ორდენი (ბულგარეთის სახელმწიფო ჯილდო)
  • 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 – წითელი დროშის ორდენი
  • 1966 – საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1958 – ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
  • მისი მთელი შემოქმედების მთავარი ხაზი თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვაა. წლების განმავლობაში, პოეტის მიერ დაწერილი ლექსები, სწორედ ავტორის თამამი და გაბედული აზრების გამო, არაერთხელ მოქცეულა საბჭოთა სისტემის ცენზურის ქვეშ. ავიწროვებდნენ თავად ავტორსაც.შემოქმედებით სამწერლობო საქმიანობასთან ერთად, მუხრან მაჭავარიანი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებშიც.
  • ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი რუსთაველის თეატრის სცენაზე, 2010 წლის 17 მაისს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუხრან მაჭავარიანი რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს ეწრებოდა.პოეტი სცენაზე მისასალმებელი სიტყვის სათქმელად ავიდა. მალევე შეუძლოდ გახდა და სცენაზე წაიქცა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მაჭავარიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. პოეტი გულის შეტევით ადგილზევე გარდაიცვალა.

„საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი:

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ,
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად –
ღ ა ლ ა ტ ი ა ო
მ ა გ გ ვ ა რ ი
ფ ი ქ რ ი !“

https://tvalsazrisi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share