გურიის მოამბე

არჩევნები 60-ზე მეტი პოლიტპატიმრით და ოპოზიციის ლიდერებით ციხეში

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველო 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრით ხვდება.

ციხეში უკანონოდ, დაუდასტურებელი ბრალით ზის სტუდენტი, ექიმი, მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, იუმორისტი, მსახიობი და სხედან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

”ავტორიტეტული უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელი“ დღეს, 3 ოქტომბერს, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ „საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე მიმდინარეობს“.

„ამნესტი ინტერნეშენელმა“ დააფიქსირა რეპრესიების ფართომასშტაბიანი კამპანია, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება შემზღუდავი კანონებითა და სადამსჯელო ზომებით, ასევე, მომიტინგეების ფართოდ გავრცელებული თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობა.

„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავდასხმის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ისეთ კონტექსტში ატარებს, სადაც ადამიანების გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები ირღვევა“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.

  • ოპოზიციის ლიდერები ციხეში

3 ოქტომბრის მონაცემებით დაპატიმრებულია პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ყველა ლიდერი – ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია. ასევე, დაკავებულია კოალიციის ორი წევრი – გელა ხასაია და საბა სხვიტარიძე.

დაკავებულია პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და პოლიტიკოსი გივი თარგამაძე.

პატიმრობაში იყვნენ პარტია „ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.  „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად მათ საპატიმრო დროზე ადრე დატოვეს.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კი არჩევნების დღეს საქართველოში არ იქნება. ის მიმდინარე წლის ივნისიდან ემიგრაციაშია.

„ლელო“ და „საქართველოსთვის“ ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც დიდი ელექტორატი ჰყავთ, არჩევნებში არ მონაწილეობენ.

  • არჩევნები არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვების გარეშე

პირველად თავისი არსებობის ისტორიაში არჩევნებს არ დააკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

„2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას. საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს,“ – ასე ახსნა საიამ მიზეზი, თუ რატომ ვერ დააკვირდებოდა არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით.

4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება არც „სამართლიანი არჩევნები“.

„სამართლიანი არჩევნების“  მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დიდწილად არ არის დაცული:

„რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას,“ – ნათქვამია ISFED-ის განმარტებაში.

თავისი 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არ დააკვირდება არჩევნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

TI-ის განმარტებით, ამის მიზეზი, პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა.

„როგორც ცნობილია, მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებით და სისხლის სამართლის წესით დევნით გვემუქრება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც – შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან.

საქართველოში არსებულ კონტექსტში, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით (1990) გათვალისწინებული პრინციპების დაცვისთვის სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიაგარემოს თავისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს.

შესაძლო პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტაცია და ოპოზიციური პარტიების წევრების პატიმრობაში გაშვება თავისუფალი არჩევნების დამახასიათებელი არაა.

სახეზეა გარემო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას,“ – ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიცია.

ადგილობრივ არჩევნებს არ დააკვირდება არც ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება  არჩევნებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights