მე ვარ ნინო კალანდია, სამოქალაქო აქტივისტი და დაუნის სინდრომის მქონე 12 წლის გოგოს დედა.
აქტივიზმში ვარ მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქტივისტად მაქცია სოციალური მომსახურების სააგენტომ – მათთან შეხება ჩემი შვილის გამო მომიწია და იმ დღიდან მივხვდი, რომ ეს უწყება წარმოუდგენელი ჭაობი იყო. ჩემი ყოველი ურთიერთობა ამ სააგენტოსთან ჩხუბით სრულდებოდა, არასდროს არაფერს აკეთებდნენ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, პირიქით – გამუდმებით მიწევდა ბრძოლა და ჭიდაობა ყველაფერზე, ყველა ნაბიჯზე.
მოკლედ რომ მოვყვე ჩემს ისტორიას, ჩემი შვილი ბავშვთა სახლში ვიპოვე. ერთხელ რომ ვნახე, ვერ ვხსნი, ეს რატომ მოხდა, მაგრამ მერე ისევ მომინდა მისი ნახვა. ნახვის ნებართვა სააგენტოს უნდა მოეცა. მალევე გადავწყვიტე, რომ შვილად ამეყვანა, მაგრამ სააგენტომ დამიყენა პირობა – ჯერ უნდა გავმხდარიყავი მიმღები ოჯახი, ე.წ. ,,ჰოსტერი,’’ და პარალელურად, დავრეგისტრირებულიყავი მშვილებელ ოჯახად, თუმცა ,,ჰოსტერობის’’ ეტაპი აუცილებლად უნდა გამევლო. ამ დროის განმავლობაში სააგენტომ სისხლი გამიშრო. ჩემი შვილი ადრეული განვითარების პროგრამში იყო ჩართული, მგონი, ეგ იყო ერთადერთი ვაუჩერი, რომელსაც სახელმწიფო იძლეოდა. იმ პერიოდში შემეცვალა სოცმუშაკი, ძალიან კარგი გოგო შემიცვალეს სრულიად უმაქნისი ქალით, რომელმაც შეცდომაში შემიყვანა და მისი ინსტრუქციით, ვაუჩერზე არასწორ დროს შევიტანე საბუთები. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ვაუჩერის გარეშე დარჩა. თავიდან შევეცადე, სააგენტოსთან მშვიდად მომეგვარებინა ეს ამბავი, მაგრამ ვერ მოვაგვარე. ასეთ კითხვას მისვამდნენ – მარტო თქვენს შვილს უნდა ვაუჩერიო? ვპასუხობდი, მარტო ჩემს შვილს რატომ უნდა, მის კუთვნილს ვითხოვ, ხომ არ ვამბობ, რომ ვინმეს წაართვათ და ჩემს შვილს მისცეთ-მეთქი.
ვერაფერს რომ ვერ გავხდი, ეს ყველაფერი საჯაროდ დავწერე. დამიბარეს სააგენტოში, შეხვედრას ესწრებოდნენ ამ სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები, ქალები. ვიფიქრე, იმიტომ დამიბარეს, რაღაცნაირად შეწუხდნენ, ბავშვი რომ ვაუჩერის გარეშე დარჩა-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმის გასარჩევად მიმიყვანეს. შეხვედრა დაიწყეს ყვირილით, მიყვიროდნენ, რაზეც ვუთხარი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, წავიდოდი, რადგან ეს არ იყო ჩემთვის მისაღები კომუნიკაციის ფორმა. მითხრეს, რომ უწმაწური სიტყვებით მოვიხსენიებდი სააგენტოს, უწმაწური სიტყვა იყო ,,ძირგამომპალი სისტემა,’’ რაც ნამდვილად მეწერა ჩემს პოსტში. გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ჩემთვის ბავშვი წაერთმიათ. ეს ძალიან მძიმე იყო, დღესაც ვერ ვიხსენებ ამ ამბავს მშვიდად. მაშინ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმის თქმისთვის, რომ დაეწყოთ ეს პროცესი და დავინახავდით, ვინ დარჩებოდა ბავშვის გარეშე და ვინ – სკამის გარეშე. ალბათ, მერე მიხვდნენ, რომ არ ღირდა ასეთი უკიდურესი ზომების მიღება და შემეშვნენ.
ასე დაიწყო ჩემი აქტივიზმი – ჩემი შვილის უფლებებისთვის ბრძოლით.
მერე, დროთა განმავლობაში, ქვეყანაში ვითარება დამძიმდა. 2023 წელს, პირველი ,,რუსული კანონის’’ დროს, ყველანი გარეთ ვიყავით, მაშინ ძალიან არასწორად გვეგონა, რომ ეს ბრძოლა მოვიგეთ და წარმოდგენა არ გვქონდა, წინ რა გველოდა. მას მერე, მუდმივად გვიწევს ამ ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად ქუჩაში დგომა.

საპატრულო პოლიციისგან ჯერჯერობით შვიდ ჯარიმაზე მაქვს პასუხი. ეს შვიდი ჯარიმა ერთად გავასაჩივრე სასამართლოში და რატომღაც ერთი საქმე ერთ მოსამართლეს დააწერეს და ექვსი – მეორეს, გაერთიანებაზე უარი გვითხრეს. პირველმა მოსამართლემ 5000 ლარით დამაჯარიმა და მეორე მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ, რომელიც ექვს საქმეს განიხილავდა ერთად – 30 000 ლარით. როცა სიტყვა მომეცა, მოვუყევი, რატომ ვდგავარ გარეთ. იმიტომ რომ სახელმწიფოს ხელები აქვს დაბანილი შშმ ადამიანებზე.
ჩემი ორგანიზაცია – დაუნის სინდრომის ასოციაცია – რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ რაღაცები გამოსწორდეს ამ მიმართულებით, ამ ყველაფრის გაკეთებას ახერხებდა დასავლური ქვეყნების დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. ახლა ესეც მოისპო. ეს ვითარება, რაც ახლა ჩვენთანაა, მთელი ქვეყნისთვის კატასტროფა და იზოლაციაში მოქცევაა, და კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა შშმ ადამიანებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოექცევიან და ეს სტიგმა, რომელიც მოვახერხეთ და გადავტეხეთ, თავიდან იწყებს აღზევებას. არანაირი სერვისები და განმავითარებელი პროგრამები ამ ადამიანებისთვის აღარ არის, რაც იყო, დასავლეთიდან ფინანსებოდა და ჩემი შვილი არის სრულიად უპერსპექტივოდ დარჩენილი. ნებისმიერი შშმ ადამიანის მშობელი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რა არის მისი ყველაზე დიდი შიში, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთსა და იმავე პასუხს გაგცემთ – რა ელის მის შვილს, როცა თვითონ მოკვდება.
სრულიად ბუნდოვანია ჩვენი შვილების მომავალი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღარ ვიქნებით.
იმისთვის ვმუშაობდით ამდენს, რომ ეს ბავშვები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოგვემზადებინა, ჩვენ შემდეგ რომ ვიღაცის კეთილ ნებაზე არ ყოფილიყვნენ დამოკიდებული. ნორმალურ და განვითარებულ ქვეყნებში სახლემწიფო ზრუნავს ასეთ ადამიანებზე, მათ განვითარებაზე, მათ დამოუკიდებლობაზე, მხარდაჭერაზე. საქართველოში ამას ჩვენი ძალებით ვაკეთებდით და ესეც მოგვისპეს. ეს არ არის პატარა მიზეზი, რომ გარეთ ვიდგე. პირველ მოსამართლეს ისიც ვუთხარი, რომ მე არც მისი მეშინია, არც მისი ზემდგომების, არც ჯარიმების და არც ციხის. მე იმის მეშინია, როცა მოვკვდები, ჩემი შვილის პატრონი ვინ იქნება, არავინ არ იცის.
ესაა ჩემი მთავარი შიში და ამ შიშმა გამომიყვანა გარეთ. ესაა ის, რის გამოც ყოველდღე მოვდივარ აქ. მოვდივარ ჩემი შვილის მომავლისთვის და, შესაბამისად, სხვისი შვილების მომავლისთვისაც. ჩვენ, ყველანი, ერთმანეთისთვის ვდგავართ გარეთ და მარტო საკუთარი თავისთვის არავინ დგას.
სასამართლოზე მოპასუხე მხარემ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს პროტესტი ხელს უშლის ტრანსპორტს გადაადგილებაში და ტრანსპორტს უწევს, მარშრუტი შეიცვალოს, თან, ეს რამდენჯერმე გაიმეორა თავის სიტყვაში. ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის დანაშაული და ითხოვდა, რომ მე შესაბამისი მუხლით დამსაჯონ. მერე მოსამართლემ მომცა სიტყვა, სადაც ვთქვი, რომ მე ვაპროტესტებ ქვეყნის მარშრუტის შეცვლას და მგონია, რომ ახლა ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ტრანსპორტის მარშრუტის შეცვლა.

როგორ უნდა შემობრუნდეს ჩვენკენ ის ხალხი, ვინც ახლა დუმს? ალბათ, სანამ თვითონ არ წაიტეხავენ ცხვირს, ვერ მიხვდებიან. ბევრნაირი მეთოდი ვცადეთ ჩვენც და სხვებმაც, რომ ,,ქართული ოცნებისადმი’’ დადებითად განწყობილი ადამიანების აზრი შეგვეცვალა, ვუხსნიდით, რომ დაგვენახვებინა, რა იქნებოდა მომავალი, რასაც, წესით, არც სჭირდება ახსნა. ბოლომდე რომ ჩაეშვება ეს ქვეყანა და ყველა ადამიანის კართან მივა ეს უსამართლობა, ალბათ, მერე მიხვდებიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, გვიან არ იქნება. არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. შეიძლება, მართლა რაღაც სერვისები გააკეთონ, ვიღაც ქოცები შეკრიბონ, არასამთავრობოები გახსნან, მაგრამ ხომ აქვს მნიშვენლობა ხარისხს და როგორი ხარისხის სევრისს მიაწოდებენ ადამიანებს?! ეს არ იქნება ხარისხიანი, ამაში დარწმუნებული ვარ. ყველა თავის თავზე გამოცდის ამ სიმწარეს, რასაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით ფაქტებზე დაყრდნობით. ვხედავთ იმასაც, რომ მათიანებიც მოყვნენ უკვე ამ რეპრესიებში. ყველა განწირულია, ამაზე იფიქრონ. კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა რომაა, ხალხს საჭმლის ფული რომ არ აქვს და ქოცებიც არიან მათ შორის, რაზე ფიქრობენ?! ეკონომიკური აღმავლობა გვაქვსო, სად არის ეს აღმავლობა, დაგვანახონ! ქოცებიც ხომ ვერ ხედავენ ამას, ჩვეულებრივი მოქალაქე ქოცები, ყოველდღე რომ არსებობისთვის იბრძვიან.

აი, ამის ახსნას ვცდილობთ, რომ მაგიტომაც ვდგავართ გარეთ, შენ რომ სულ იმ ოთახში არ იჯდე, თუმცა რთულია ამ ადამიანების ცნობიერების შეცვლა. წლების წინ, ბარსელონაში რომ ვიყავი, ძალიან ბევრი შშმ ადამიანი ვნახე გარეთ: ეტლით მოსარგებლეები, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები… ჩემს მეგობრებს ვეკითხებოდი, რა ხდება, ამდენი შშმ ადამიანი რატომაა-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ბევრი შშმ ადამიანი კი არ იყო ესპანეთში, არავინ ზის სახლში და არავის სახლში არ მალავენ. ესეც გვქონდა საბჭოთა კავშირის დროს, ასეთ ადამიანებს ტოვებდნენ ინსტიტუციებში და ვინც ვერ ტოვებდა, მალავდნენ შვილებს და გარეთ არ გამოჰყავდათ.
ჩვენს ასოციაციას თუკი რამე გაუკეთებია, მართლა ყველაფერი დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით გააკეთა, სახელმწიფოს ხელიც არ გაუნძრევია შშმ ადამიანებისთვის – ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც არ ჰქონია, აღარ ვლაპარაკობ სერვისებზე და ადვოკატირებაზე. ჩვენ ახლა გვყავს მომზადებული თვითადვოკატები, რომლებიც გამოდიან და თავიანთ უფლებებზე საუბრობენ, ოქროსავით ხალხი. მათ მომზადებაში ძალიან ბევრი დრო, ენერგია და რესურსი ჩავდეთ დონორების დახმარებით. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ჩვენი ახალგაზრდები თამამად ლაპარაკობენ თავიანთ საჭირობებზე.

1937 წელი ძალიან ცოტა ხნის წინ გვქონდა და ეს მეხსიერება ყველას გვაქვს, ჩვენი უახლოესი წინაპრები მოყვნენ ამ ამბებში და დღევანდელი საქართველო ძალიან ჰგავს იმას, რაც 1937 წელს ხდებოდა. ამას წინათ როსტო, ძირძველი ზუგდიდელი აქტივისტი იმიტომ დაიჭირეს, რომ მისმა ყოფილმა მეგობარმა უჩივლა ფეისბუქის პოსტის გამო. მეტი კი არაფერი ხდებოდა მაშინ. დახვრეტის შემოღება დარჩათ, თორე დანარჩენი ყველაფერი ზუსტად ისე ხდება. ბებიაჩემი რეპრესიების მსხვერპლი იყო, მამა გადაუსახლეს. სანამ გარდაიცვლებოდა, თავისი რვეული მომცა, სადაც თავისი ცხოვრების ისტორია ეწერა და მთხოვა, იქნებ ფორმა მისცა, დაარედაქტირო და სადმე გამოაქვეყნოო. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ისტორიაც დაემატა ბებიაჩემის ისტორიას, ახლა მე ვარ რეპრესიების მსხვერპლი და კიდე ბევრი ჩემნაირი.
რეპრესიებს მაშინ ძალიან ბევრი კომუნისტი გადაჰყვა.
ისტორია არასდროს ტყუის. ეს ისტორია შემოგვიტრიალდა და ახლა ჩვენ თვალწინაა.
————————————————————————


