“ერთხელ, ოდესმე თქვენს ქალურ მშვენიერებაზე, ნატიფ თითებზე, დახვეწილ მანერებზე დავწერ… მშვიდობით” !

ოზურგეთში ცნობილი ფილოლოგის, ლალი თავაძის გარდაცვალებას საგანმანათლებო რესურსცენტრის დირექტორი, ლელა იმედაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვრცელი წერილით ეხმიანება: ლალი თავაძეს!

❤ 🙁 ,,მე ჩამოვხსენი კრეტსაბმელი საკურთხევლისა, რომ ჩემი ქვეყნის ჭრილობები შემეხვიაო“ – მეათე კლასში ვიყავი, ეს თემა რომ მომეცით დასაწერად…ისეთი ანოტაცია მოაყოლეთ, გავიფიქრე, რა დასანანია, აქამდე რომ არ ვწერე მეთქი…კიდევ მახსოვს ერთი – ,,ო,გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო ნაგებნო მკვიდრად, ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა“ – როცა ეს თემა შემოგვიტანეთ დასაწერად, ისეთი შთამბეჭდავი სახე გქონდათ, თემის დასახელება კი არა, ისიც მახსოვს, სად იდექით და რა გეცვათ…საოცარი განცდით შეგეძლოთ შინაარსის გადმოცემა და… თქვენზე შეყვარებული გავხდი … ისე ლაღად მასწავლეთ ფრენა ქართული სიტყვიერების ლაბირინთებში, ისე გააფართოეთ ჩემი თვალსაწიერი, რომ თავისუფალ თემებს(ასე უწოდებდნენ არაპროგრამული შინაარსის თხზულებებს მაშინ) ვირჩევდი სამუშაოდ და წერისას თვალწინ მედექით! ეს ჩემი ბავშვობიდან… შემდეგ მოხდა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი – მე და თქვენ თანამშრომლობა დავიწყეთ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შუამავლის გარეშე, მოვედი თქვენთან და გთხოვეთ ლექციების წაკითხვის უფლება მოგეცათ იმ უმაღლეს სასწავლებელში, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით. უსიტყვოდ ამიყავნეთ და იცით რა მოხდა ჩემში? მივხვდი – როცა შენთან ახალგაზრდა შუამავლის გარეშე მოვა და გულწრფელად რაღაცას გთხოვს – უნდა დაეხმარო! აქაც ჩემი მასწავლებელი გახდით, ახლა უკვე ცხოვრების მასწავლებელი! გავიდა დრო და კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში – განათლების სისტემაში ჩემი და თქვენი გზა უკვე ხელმძღვანელისა და თანამშრომლის რანგში გადაიკვეთა, მე ვიყავი ხელმძღვანელი და თქვენ თანამშრომელი – აქაც ჩემი მასწავლებელი გახდით – ისევ ერთგულად, გულიანად და სიყვარულით მედექით გვერდით! ისე მინდოდა თქვენი საიუბილეო ღონისძების მასშტაბური აღნიშვნა…ისე მინდოდა…ვერ შევძელი…სცენარის დასაწერად კალამს ხელს რომ მოვკიდებდი, სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს,,,ვერ ავკინძე თქვენი შესაფერისი ტექსტი…მაპატიეთ, რომ ისე ვერ მოგეფერეთ, თქვენ რომ გეკადრებოდათ, თქვენ რომ იმსახურებდით! ქართული სიტყვიერების გენიოსი იყავით და ასეთად დარჩებით ჩემს(არა მარტო) მეხსიერებაში… ერთხელ ოდესმე თქვენს ქალურ მშვენიერებაზე, ნატიფ თითებზე, საოცარ ხმის ტემბრზე და დახვეწილ მანერებზე დავწერ…ოდესმე დავწერ, ახლა არა!

მშვიდობით!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share