ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, თუ რატომ დაუჭერს მმართველი გუნდი მხარს გირჩის ინიციატივას გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით. თალაკვაძე ამბობს, რომ ეს საკითხი უმრავლესობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან, მისივე განცხადებით, ქალების ჩართულობა პოლიტიკაში დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ადრე.
“ქალთა პოლიტიკაში ჩართულობისა და მათი მონაწილეობის მიმართ ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა არ შესუსტდება […] როცა ჩვენ თავის დროზე კვოტირების პრინციპი მივიღეთ, იმთავითვე ითქვა, რომ ეს დროებითი ზომა იყო და მისი საჭიროება რაღაც დროში ამოიწურებოდა […] ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას სრული თავისუფლება აქვს, რომ თავისი პარტიული სია მეტი ქალით დააკომპლექტოს […] ქართულ ოცნებას მომდევნო საპარლამენტო სიაშიც ქალების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ეყოლება […] ჩვენ უკვე შევქმენით ქალთა ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბევრ წარმატებულ ქალს აერთიანებს, ვინც პოლიტიკაში ჩართულია. მათი ხმა უფრო ძლიერად ისმის და მათი მონაწილეობა დღეს არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში. რეალურად, ჩვენთვის ეს ცვლილება უკვე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციას დავუბლოკოთ.
გარდა ამისა, იცით რომ არჩევნების ნეიტრალურად, მაღალი სანდოობით, გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭიროა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტი დღეს არის სწორედ ის, რომ ცესკოს დაკომპლექტების პროცესში რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი იყოს და პარტია გირჩმა უკვე გამოხატა პოზიცია, რომ ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება”. – თქვა თალაკვაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბარში.
პარტია გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დღეს, 1-ელ აპრილს ბიუროს სხდომაზე მოხდა.
ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულაინის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას, სანაცვლოდ, ოცნებამ გირჩისგან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის “კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის”.
გირჩის ინიციატივის მიხედვით, გენდერული კვოტირება ხელს უშლის ქალების რეალურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში.
ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.
“გენდერული კვოტირების მექანიმზი, წარმოადგენს შეზღუდვას, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა” – წერია განმარტებით ბარათში.
გენდერული კვოტირების წესის შესახებ საარჩევნო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით 2023 წლის თებერვალში მიიღო.
ცვლილება შეეხება საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლს.
ცვლილების მიხედვით, ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით, მამაკაცის პარლამენტიდან გასვლის შემთხვევაში მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით, არამედ სიის მომდევნო წევრით მოხდება.
203-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.