ჩუბინაშვილის ცენტრი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღონ გამჭვირვალობის კანონი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი,  განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს გამჭვირვალობის კანონი.

“2023 წლის 8 მარტს, როცა მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთსულოვანი რჩევისა, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა მოუწოდა პარლამენტს, გაეწვია აღნიშნული კანონპროექტი და უარი ეთქვას მის შემდგომ განხილვაზე. ჩვენს  მიმართვაში ვწერდით:

“კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებებს. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ამ კანონის მიღება არ პასუხობს საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის გაცხადებულ კურსს და ძლიერ აზიანებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. თუ მიღებული იქნება, კანონი მძიმე შედეგს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებასა და მის ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას. ის მტკივნეულად შეეხება კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებსაც, რომელთათვისაც საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ფონდებისა და ინსტიტუციების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.

იმ ჯერზე საზოგადოებრივმა პროტესტმა გაჭრა და კანონი არ იქნა მიღებული. მეტიც, მივიღეთ დაპირება, რომ ის აღარასდროს იქნებოდა ინიცირებული. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა იგივე კანონპროექტი კვლავ განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.

კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის მიღებაზე, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციურად დადასტურებულ ევროატლანტიკურ კურსს” – წერს ჩუბინაშვილის ცენტრი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share