აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პროპაგანდაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, აშშ-ს საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს.
მეთიუ მილერმა რუსეთის ბრალდებებს “სრულიად მცდარი და აბსურდი” უწოდა.
“ეს სრულიად მცდარია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის სრულიად მცდარი. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აკეთებს მსგავს ბრალდებებს აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რაც სრულად მცდარი, აბსურდია.
და მე უბრალოდ აღვნიშნავ იმ ქვეყნის – რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ ახდენს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და ამ აბსურდულ ბრალდებებს სხვა ქვეყნის მიმართ აყენებს”, – თქვა მეთიუ მილერმა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, აშშ-ს საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს. დაზვერვაში ირწმუნებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აქვს შემუშავებული.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ასევე ირწმუნება, რომ ამერიკელებმა ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაავალეს. ამასთან ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტთა შორის მსხვერპლის ხელოვნური შექმნა განიხილება.