ჩოხატაური მამა თომას გამოემშვიდობა.
სასულიერო პირი დღეს ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
სასულიერო გიმნაზიის დირექტორის გამოსამშვიდობებელ წერილს სამრევლო სკოლა ავრცელებს:
“ვინც მოკვდა, თავს მოუკვდაო,იტყვიან ხოლმე.
განა მართალი არ არის!
არა,ზოგჯერ მართალი არ არის.”
სამრევლო სკოლას მოუკვდა მამა თომა,სიყვარულივით უსასრულო სიკეთე,მშვიდი თავშესაფარი და თითოეული სამრევლოელის ჭირისა და ლხინის უთუმცაო თანამოზიარე.მისი სიკეთისფერი თვალები ადამიანის იდეალურ სახეს ხედავდა მხოლოდ,რეალურ ადამიანში დაფარულს.მისი მოსიყვარულე მზერა წვდებოდა ყველას,არავის ტოვებდა გულის გარეთ.
შეცდომების მიუხედავად,არასოდეს კარგავდი მის კეთილგანწყობას,ეძვირფასებოდი შენი ჩრდილითაც,სიყვარულიდან წასულს უკან გაბრუნებდა,სამყაროს დიდ სუნთქვაში გრთავდა…
ტკიოდა”ჯვარს კი არა,უჯვრობას რომ მივეზიდებოდით”.
ტკიოდა დედამიწის მძიმე ბურთი-გზაარეული..
ამიტომაც მთელი ცხოვრება სდევდა მას სევდა…
დღეს გლოვისფერია სამრევლო სკოლა,თავის უპირველეს თანაგანმცდელს,თავის მოძღვარს გლოვობს,სათნოების ხატს,ჩუმად-კარგ ადამიანს.
იცოცხლა ისე,თითქოს ყოველი დღე ბოლო ყოფილიყოს..
იცხოვრა ისე,როგორც იქადაგა,იქადაგა ისე, როგორც იცხოვრა,საკუთარი მეტობის ჩუმად მატარებელმა.
ძნელი ყოფილა,მოძღვარო,ადამიანის დაკარგვის განცდის ზიდვა.გულიდან ხორცად გამოტანილი ცრემლებით გტირით,ვტირით ჩვენს თავსაც,უთქვენობას ვტირით,თქვენთან ყოფნის “ვერღირსებას” ვტირით,ადამიანად არ ყოფნის სევდას ვტირით..
თქვენ მუდამ ჩვენი სკოლის კედლებში იქნებით,ვინც გიყვარს, ის არსად მიდის,თქვენ ორ ადგილას გექნებათ ბინა,სადაც ხართ და ჩვენს გულებში.
სამრევლო სკოლა სამუდამოდ დაიმახსოვრებს,სულის ნაკრძალში ,გულის საცავში ყველაზე კრძალულ ადგილზე შეინახავს თქვენს ხმას,სიარულს,მზერას,საქმეს,ღიმილს,სევდას,სიკეთის მარცვლების შემგროვებელი თბილი გულის რიტმს….
გავუფრთხილდებით იმ ღირებულებებს შენი ლამაზი სიცოცხლის შინაარსი და საფუძველი რომ იყო…
გემშვიდობებით,სიყვარულისფერო მოძღვარო..
არ არსებობს განშორება,არსებობს ერთი დიდი შეხვედრა
შეხვედრამდე…
გვიყვარხართ ცამდე..
თქვენი უძღები შვილები,თქვენი სამრევლო სკოლა დალოცე,მამა თომა!