ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადა, – ამის შესახებ დღეს, 24 სექტემბერს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ბედი და მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები, ქართველი ხალხის ხელშია.
მისივე თქმით დღეს, რუსთავში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე, დავით კირკიტაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო „რუსთავში“ მდებარე მოზრდილ დარბაზში უნდა შემდგარიყო, მაგრამ შუაღამისას მოკლე ტექსტური შეტყობინებით უარი მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ღონისძიებას, ხელშეკრულების საფუძველზე დარბაზს უთმობდნენ. დავით კირკიტაძის თქმით, ეს ხელისუფლების ზეწოლის შედეგია.
„ჩვენ იმ დარბაზში ჩვეულებრივად, ჩაგვიტარებია შეხვედრები, მაგრამ ახლა, ხელისუფლებისგან არნახული ზეწოლის შედეგად, იმ ადამიანებისგან შუაღამისას მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დარბაზს ვერ დაგვითმობდნენ. ეს არის იმის დასტური, რომ ხელისუფლებას არამარტო მიხეილ სააკაშვილის ეშინია, რომელიც პუტინის ბრძანებით, ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, არამედ ეშინია მისი წიგნისაც კი და ჰქონდათ წიგნის პრეზენტაციის ჩაშლის მცდელობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს ოფისი და მართალია, ვერ ვეტევით და ისეთი ვერ იქნება პრეზენტაცია, როგორიც ქალბატონ გიულისა და ბატონ გიას ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაინც ვატარებთ პრეზენტაციას და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ გიულის, მესამე პრეზიდენტის დედას, რომელიც არ იშურებს ძალასა და ენერგიას. გარდა იმისა, რასაც გულით ატარებს და ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს რომ მიხეილ სააკაშვილი, ვინც ეს ქვეყანა ააშენა, ზის ციხეში და ვინც ამ ქვეყანას ანგრევს, ჰყიდის და რუსეთს აბარებს, დადიან გარეთ და გვეყელყელავებიან: რუსთავში იყო რამდენიმე დღის წინ და სისულელეები იძახა და ეს ხალხი დადის გარეთ, მიხეილ სააკაშვილი კი ციხეში ზის. ამის მიუხედავად, ქალბატონი გიული დადის ყველგან – ზუგდიდში იყო გუშინწინ დიდ შეხვედრაზე, მანამდე იყო ყვარელში, გორში და ცდილობს, რომ იმედი, რომელიც ხელისუფლებას უნდა, რომ დაუკარგოს ჩვენს ხალხს, პატრიოტებს, გააღვივოს.
ჩვენ კარგად ვიცით, 12 წელია, ვის წინააღმდეგ ვართ და ვიცით, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბლომდე ვდგავართ, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ჩვენს გარდა, უკვე მთელმა საქართველომ გაიგო ეს დღეს და ყველა ქალაქში, რუსთავში, გარდაბანში, დედაქალაქში, ხალხი იმაღლებს ხმას.
ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური შანსი: ჩვენს ხელშია ქვეყნის ბედი და იმ საკნის გასაღებიც აღარაა ივანიშვილის ხელში, რომელიც 27 სექტემბერს გამთენიისას, კანონის სრული დაცვით გაათავისუფლებს ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის.
თქვენ ყველას გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო რუსთავში 2012 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა გადააბარა ხელისუფლება: ეზო-ეზო დადიოდა და ატარებდა შეხვედრებს და ახლა კი ბიძინა ივანიშვილი ათასში ერთხელ ჩამოდის, ჯავშანში შედის და ჩვენ კი არა, თავის მხარდამჭერებსაც ასე ელაპარაკება და თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა რუსთავში მიშას დროს და რა დღეში ჩაგვაგდო ივანიშვილმა რუსთაველები. ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიშოროთ ეს მოსკოვის მეხუთე კოლონა საქართველოდან”, – განაცხადა კირკიტაძემ.