როცა ომი დამთავრდება, საქართველოს ისტორიაც დასრულდება, რადგან რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით – პაატა ზაქარეიშვილი

”არ მესმის რას გულისხმობს ირაკლი კობახიძე, როცა ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობსო. ოპოზიციას რომ არ სცემენ და ქვებს არ ესვრიან ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ?” – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან” განაცხადა.

 საშინელი აღვირახსნილი კამპანიაა: დაბრალებები, მითები, ლეგენდები და ყველაფერი ტყუილებზეა აგებული. თვითონ აბრალებენ ევროპას და ამერიკას, რომ იტყუებიან, როცა რეზოლუციაზე ლაპარაკობენო. თვითონ რას აკეთებენ? ათას სიცრუეს ამბობენ. ასე რომ, მშვიდი წინასაარჩევნო კამპანია მარტო ცემა-ტყეპის არ არსებობით არ განისაზღვრება. ეს იმას ჰგავს ქმარმა რომ თქვას, ჩემი ცოლი ერთი თვეა არ მიცემიაო და ამით თავს იწონებდეს. საერთოდ რეებს ავრცელებენ, რომ ვითომ ეკლესიას ებრძვიან და ვიღაცას ომი უნდა. ჯერ კიდევ ბავშობაში გვასწავლიდნენ, რომ ენით დაკოდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე თოფით, ანუ ფიზიკური დაპირისპირება კიდევ უფრო ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ეს არის წარმატების ტყუილებით მოპოვება.

მეტ-ნაკლებად წარმოდგენა მაქვს კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დავუშვათ, დღეიდან საქართველომ სწორი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, 15-20 წელი მაინც იქნება საჭირო ტერიტორიული მთლიანობის იმ ფორმით აღსადგენად, როგორიც ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხისთვის იქნებოდა მისაღები. ამას ყოველდღიურად სჭირდება მუშაობა, თუმცა „ქართულ ოცნებას” არაფერი ეტყობა, რომ რამეს აკეთებს. ხმა არ ამოუღიათ, თუ როგორ აპირებენ ამის მიღწევას, მარტო იმას იძახიან, რომ ამისთვის კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდებათ. არანაირი გეგმა არ ჩანს, ამიტომ ეს არადამაჯერებელია. მათ პირობა დადეს, რომ 2030 წელს ტერიტორიული მთლიანობით ევროკავშირის წევრი გავხდებით, მაგრამ ყველაზე უფრო იოლია კობახიძეს გაეხსენებინა როგორ შეასრულეს „გავრილოვის ღამეს” დადებული პირობა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა და როგორ გადააგდეს საქართველო. კარგი იქნებოდა ეთქვა, როგორი პირობა დადეს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებამდე, მერე კი, როგორც კი ამოისუნთქეს, მაშინვე გადააგდეს შარლ მიშელი და ევროპა.

ასევე, გაიხსენოს როგორ უარი თქვა შარშან „რუსული კანონის” მიღებაზე და როგორ დააბრუნეს ის წელს ისევ. ქართველი ხალხი ისევ მოატყუეს და აი, რატომ უნდა ვენდოთ მათ? ამიტომ უმჯობესია მას შევახსენო “კლასიკოსის” სიტყვები და კარგი იქნება გამოიყენოს: „ერთ წელიწადში პრობლემები იქნება, ორ წელიწადში სიტუაცია შედარებით ნორმალურად იქნება, სამ წელიწადში კარგად და ოთხ წელში უკეთესად”. ჯობია ეს ილაპარაკოს, მისთვის ძალიან კარგი იქნება.

კობახიძის განცხადება, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უკრაინის ომის შემდეგ გადაიტვირთება, იგივეა, ადამიანი რომ მოკვდეს და ექიმმა თქვას, მოდი ოყნა გავუკეთოთ იქნებ ამან მაინც უშველოსო. დაახლოებით ამ შინაარსისაა. როცა ომი დასრულდება, საქართველოსთვის ისტორიაც დამთავრდება, რადგან ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით.” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share