საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა “X”-ზე საქართველოს შესახებ ბუნდესტაგის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას ეხმაურება – როგორც დიპლომატი წერს, კენჭისყრის დროს რეზოლუციას მხარი “სოციალ-დემოკრატიულმა”, “ლიბერალურ-დემოკრატიულმა” და “მწვანეების” პარტიამ დაუჭირა.
პიტერ ფიშერი აღნიშნავს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაა, რომელიც რეზოლუციის შექმნის მონაწილე არ იყო.
ამასთან, პიტერ ფიშერი ქართულ საზოგადოებას მიმართავს და წერს, “მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც “ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას”.
ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციაზე. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის”… მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც [ბუნდესტაგის] ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. გერმანიის მთავრობის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვირდემ, ვეიმარის განცხადება გააკეთა გუშინ.
მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა „არა“-ს მისცა, ვინაიდან [რეზოლუციის] შექმნის მონაწილე არ იყო (ნორმალურია). მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას,” – წერს ფიშერი.
ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი მმართველი უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ინფორმაცია ბუნდესტაგის ვებგვერდზე ვრცელდება.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.
გერმანელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტში 26 ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხებიან და წერენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები “იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ”.