”რუსული კანონის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ მედიებზე ზეწოლა გააძლიერა და ამისთვის იყენებს კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოზე თავის გავლენას” – ამის შესახებ “მედიის ადვოკატირების კოალიციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის გამოხატულებად მიიჩნევს მედიაკოალიცია კომუნიკაციის კომისიის ქმედებებს და ოპოზიციური ტელევიზიებისთვის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას. საუბარია უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი მძიმე კადრების გამოყენებაზე მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამებში და ტელევიზიების უარზე, გაეშვათ ეს რეკლამები ეთერში.
”კომუნიკაციების კომისიის ბოლოდროინდელი ქმედებები ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შემაშფოთებელ ტენდენციას. კერძოდ, მარეგულირებელმა “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ევროპის კავშირმა საკუთარ რეზოლუციაშიც დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის ფოტოების გამოყენება, რომლის მიზანიც წინასაარჩევნოდ „აზრის მანიპულირება, დეზინფორმაციისა და პრორუსული და ანტიუკრაინული განწყობების გავრცელებაა“. ეს სადამსჯელო ზომები არა მხოლოდ არღვევს მედიის დამოუკიდებლობას, არამედ აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც შეესაბამება მმართველი პარტიის დღის წესრიგს.
ამავე პერიოდში მარეგულირებელმა კომისიამ „ედისონ რისერჩის“ კვლევის საფუძველზე ოპოზიციური პარტიისთვის „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია “ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო და ოქმი შეუდგინა. აღნიშნული გადაწყვეტილებაც მორიგი დასტურია სისტემური მიკერძოებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და წინასაარჩევნოდ მედიის დასჯის მცდელობას წარმოადგენს. შედეგად, საზოგადოება მოკლებულია სხვადასხვა თვალსაზრისს, რაც უზღუდავს პოლიტიკური პარტიების გზავნილების გაცნობასა და ერთმანეთთან შედარებას“, — ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიციის განცხადებაში საუბარია ასევე იმის შესახებ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს, რადგან სასამართლოც იზიარებს კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს და კრიტიკულ მედიებს აჯარიმებს. ეს კი, კოალიციის შეფასებით, მკაფიო მცდელობაა კრიტიკული გაშუქებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების გაჩუმების.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული სამართალწარმოების საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) სარჩელის გამოყენება კვლავ პრობლემურია. მმართველ პარტიასთან დაკავშირებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ოქტომბერს „ტვ პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს 10 000 ლარის გადახდა დააკისრა“, — წერს მედიაკოალიცია.
კოალიციას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების წინაშე არსებული საფრთხეების მაგალითად, ადმინისტრაციული უწყებების გადაწყვეტილებებთან ერთად, მოჰყავს მუქარის ინციდენტები.
”ჟურნალისტების დაშინება, როგორიცაა “აჭარა თაიმსის“ დირექტორის სულხან მესხიძის მიმართ საგანგაშოა. იმ დროს როდესაც “ქართული ოცნების” უმაღლესი ხელმძღვანელი პირები, კერძოდ პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობა 11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთი საზეიმოდ გახსნა, ონლაინ გამოცემამ საზოგადოებას ამცნო, რომ გზა რეალურად არ დასრულებულა და ის ბეტონის ფილებით არის გადაკეტილი. გაშუქების საპასუხოდ ჟურნალისტ სულხან მესხიძის უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა მობილურ ტელეფონზე.
მუქარის ინციდენტი თუ ადმინისტრაციული უწყებების მიკერძოებული გადაწყვეტილებებები ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები აწყდებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. ასეთი შევიწროება ასახავს “ქართული ოცნების” მიერ წახალისებულ მტრულ კლიმატს მედიის პროფესიონალების მიმართ, ხელს უშლის სიმართლის ძიებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ.
ეს მტრული გარემო არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებს, არამედ ამცირებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციის ხარისხს, რაც კიდევ უფრო აშორებს მოქალაქეებს დემოკრატიული პროცესისგან. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ისეთ მედია გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულ დიალოგს, რაც თავის მხრივ საზოგადოების ინფორმირებული გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია.”, — წერს მედიაკოალიცია.