ევროკავშირის ელჩი – იმედი გვქონდა, რომ არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, პოზიტიური იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ, იყო სერიოზული დარღვევები

ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ჩვენს ოჯახს შემოუერთდეს, ამ წესებისა და პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო მივიდა იმ წერტილამდე, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

„ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა, თუმცა თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორი პოლიტიკის გატარება სურს, რომელ ოჯახთან შეერთება სურს. ჩვენი მხრიდან, ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული პირობები, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, ვისაც სურს, ევროკავშირის ოჯახს შეუერთდეს. ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ჩვენს ოჯახს შემოუერთდეს, ამ წესებისა და პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში, მას შედეგ რაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ბევრი რამ მოხდა, რაც საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებდა, არამედ, პირიქით. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რა უნდა გაკეთდეს. 9 ნაბიჯი იყო სახელმძღვანელო საგზაო რუკა საქართველოსთვის ევროკავშირთან დასაახლოებლად. გასული წლის განმავლობაში, არ მოხდა საკმარისი პროგრესი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, პირიქით, ამ 9 ნაბიჯიდან ბევრთან დაკავშირებით უკუსვლა გვქონდა. ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის წესებსა და პრინციპებს. ამასთან, ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდა გრძელდება, ბევრი შეთქმულების თეორია, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრებისგან. ყველაფერმა ამან, სამწუხაროდ მიგვიყვანა წერტილამდე, სადაც ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს მოხდა ივნისში, ნახევარი წლის წინ, მაგრამ ველოდებოდით არჩევნებს და იმედი გვქონდა, რომ არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. პოზიტიური იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ იყო სერიოზული დარღვევები, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს და ახლა, გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობ ნამდვილად, ნამდვილად სამწუხაროა“, – აღნიშნა ელჩმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share