”ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, გუგული მაღრაძე წერს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს და “მოლაპარაკების პროცესის გადადება ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში”. მისივე თქმით, “ნებისმიერი აქტივობა”, რომელიც ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის, “ქვეყნისთვის დამღუპველი” არის, საქართველოს რუსეთს აახლოებს და შესაძლოა “დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვის საფუძველი გახდეს”.
მაღრაძე ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველო 1999 წლიდან ცდილობს, ევროპის ნაწილი გახდეს და დაუშვებელია, რომ ქართველი ერის “ამდენი ხნის მცდელობა შეფერხდეს”.
“ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია!
ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს, არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს რუსეთს და შესაძლოა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვის საფუძველი გახდეს.
1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ყველა ერთად ვიღწვით იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, რადგან “ჩვენ ვართ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.”
მიუღებელია, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ამდენი ხნის მცდელობა შეფერხდეს ან გადაიდოს. მოლაპარაკების პროცესის გადადება ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში”. – წერს მაღრაძე.
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ქრონოლოგიაზე წერს.
“ვისაც დაგავიწყდათ, გაგახსენებთ, რამდენი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო და ეს პროცესი არც ერთი წუთით არ უნდა შეჩერდეს:
• 1999 წელს საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს.
• 2004 წელს საქართველო შეუერთდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) პროგრამას.
• 2009 წელს საქართველო გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი.
• 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შეთანხმებას (DCFTA), რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს.
• 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა უვიზოდ იმგზავრონ შენგენის ზონაში.
• 2022 წელს საქართველომ ოფიციალურად წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
• 2023 წელს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის, კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით”. – წერს მაღრაძე.
გარდა ამისა, მაღრაძე ყურადღებას ამახვილებს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებას გამოხატავს. მისი თქმით, “ამ მიზნის მიღწევას ვერაფერი შეუშლის ხელს”.
“და ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას. ეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია და ამ მიზნის მიღწევას ვერაფერი შეუშლის ხელს!” – წერს მაღრაძე.