“ქართულ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ძალიან მოწყვლად ფაზაშია ამჟამად მსოფლიო და ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე”-ზურაბ გურული

აფრიკელებს აქვთ ერთი გენიალური ანდაზა:
-თუ ნიანგმა შენი მტერი შეჭამა, ეს არ ნიშნავს რომ ნიანგი შენი მეგობარია -.
ვკითხულობ აღფრთოვანებულ გამოხმაურებებს ასადის დამხობასთან დაკავშირებით და ეს ანდაზა გამახსენდა. სჯობს მართებულად და ობიექტურად შევაფასოთ მომხდარი, რომ შემდეგ “ოცნების” “ტრამპისტი” მომხრეებივით ან ოპოზიციის ანტი-ტრამპისტებივით არ გავბითურდეთ.
სირიაში ახლა ბევრად უფრო საშიში სიტუაციაა, ვიდრე ასადის დროს იყო. ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია სრულებით არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და ყველაფერს ცდილობს, რომ მაქსიმალური სტაბილურობა შეინარჩუნოს, თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანაა. ამერიკის საჰაერო ძალებმა უკვე მძლავრად დაბომბეს ISIS-ის, ანუ ისლამური ხალიფატის ბანდების პოზიციები, რათა შეძლებისდაგვარად შეასუსტონ მათი საბრძოლო პოტენციალი.
ISIS -თან ერთად სირიაზე კონტროლი იმ პრო-თურქულმა ისლამურმა დაჯგუფებებმა აიღეს, რომლებიც ამერიკის მიერ ოფიციალურად არიან მიჩნეული ტერორისტულ ორგანიზაციებად. ისინი მჭიდროდ თანამშრობლობდნენ ალ-ქაიდასთან. მხოლოდ ალაჰმა უწყის, რა მასშტაბის უბედურებებს დაატრიალებენ ეს ტერორისტები მრავალტანჯული სირიის ტერიტორიაზე. დაუნდობლად იძარცვება მშვიდობიანი მოსახლეობა და მსხვერპლიც უკვე მასშტაბურია.
თურქეთს დიდი ხანია თვალი ეჭირა სირიის ტერიტორიაზე და ბრწყინვალედ შეარჩია სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღი თავისი “პროქსების” მეშვეობით. რუსეთი უკრაინაშია დაბმული, ჰეზბოლა ლიბანში, ისრაელის მეშვეობით; ამერიკელები ბაიდენის შვილის შეწყალების ამბებს არჩევენ და ტრამპის მოსვლამდე კი თვეზე მეტი რჩება. ასადისთვის აბსოლუტურად არავის ეცალა.
მიუხედავად იმისა, რომ ასადის რეჟიმის დამარცხება ამერიკას დიდი ხანია სურდა, მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ისურვებდა. არავინ იცის შეუცვლის თუ არა ტერორისტების სტატუსს ამერიკა პრო-თურქულ ბანდებს, რომლებიც ამჟამად სირიის დე-ფაქტო ხელისუფლებას იჩემებენ. ვაშინგტონში უკვე საუბრობენ ამ პროცესის შესაძლებლობაზე გარკვეული ულტიმატუმების ფასად. სირიის თემა პირველი საკითხი გამოდგა, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ვენსი არ დაეთანხმა ტრამპს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაზე. ვენსმა ამ შემთხვევაში ბაიდენის პოზიცია გაიზიარა და განაცხადა, რომ ძალიან განიცდის მედიაში ატეხილ უაზრო და უსაფუძვლო სიხარულს ასადის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ.
ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროინდელი გენშტაბის უფროსი, გადამდგარი გენერალი ფრენკ მაკენზი საფუძვლიანად შიშობს, რომ სირიაში ISIS-ის ახალ აღორძინებას ვიხილავთ, აქედან გამომდინარე სავალალო შედეგებითურთ.
ისრაელმა უკვე გააფართოვა თავისი კონტროლი სირიის ტერიტორიაზე გოლანის მაღლობების მიღმა. ცხადია, ამის შესახებ ნეთანიაჰუმ წინასწარ აცნობა ამერიკელებს.
მისი განცხადებით, ბუფერული ზონის გავრცელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ძალები აიღებენ კონტროლს სირიის ტერიტორიაზე.
ასე რომ, სირიელებს სადღესასწაულო არაფერი აქვთ ამჟამად. უბედური ქვეყანა კიდევ უფრო დიდ ქაოსში ჩაეფლო და არავინ იცის საერთოდ შეინარჩუნებს თუ არა სახელმწიფოებრიობას. რამდენად შესაძლებელია რომ ტერორისტები სახელმწიფო მოღვაწეებად იქცნენ, თავად განსაჯეთ. თალიბების სახით უკვე აქვს ამის კარგი მაგალითი მსოფლიოს.
რა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენებს საქართველოსთვის?
ჯერ ერთი, კარგი მაგალითია ჩვენი “ენდემური უხსენებლისათვის”, რომ დიქტატურა სასრული პროცესია და ყოველთვის ბრუტალურად მთავრდება დიქტატორისათვის. ქართულ საზოგადოებას კი უნდა ახსოვდეს, რომ ძალიან მოწყვლად ფაზაშია ამჟამად მსოფლიო და ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე.

Zurab Guruli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share