უპრეცედენტო რეალობის წინაშე ვართ, გადაადგილების შეზღუდვებს სხვა ნაბიჯებიც მოყვება – ფხალაძე

ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმებას ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი, თენგიზ ფხალაძე უპრეცედენტო გადაწყვეტილებად აფასებს.

თენგიზ ფხალაძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაზე შეზღუდვის დაწესება EU-ს ისტორიაში არავის ახსოვს.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ადგილი დამატებით ნაბიჯებსაც ექნება.

”უპრეცედენტო რეალობის წინაშე ვართ. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკური ელიტაზე შეზღუდვის შემოღება, ასეთი რაღაც მართლა არ ყოფილა ევროკავშირის ისტორიაში. იმ ფონზე, როდესაც ნარჩუნდება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ეს არის მძლავრი პოლიტიკური სიგნალი, ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც. გადაადგილების შეზღუდვის გარდა, ამას მოჰყვება რეპუტაციული ზიანიც და ქვეყანას, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც პარტნიორებთან არ ჩაესვლებათ, ბევრი სხვა რაღაც დგება კითხვის ქვეშ”, – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა – ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share