1937 წელი ასე გამოიყურებოდა, რა განსხვავებაა მითხარით?! – როდესაც საფუძვლად გიდევს სამშობლოს ერთი-ერთი ყველაზე განთქმული მოღალატის, ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარაშვილის, ამ დამწყები პოლიციის დამსმენის განცხადება, ამ ხალხის ნათქვამზე, შეიძლება სახლში შეუვარდე ვინმეს, დილის 7 საათზე?! – ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.
როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ კარგად ნიღბავს შიდა არეულობას და ამის გადასაფარად, საზოგადოების დაშინების მეთოდზე გადავიდა“.
„იმასაც ვეღარ იტყვიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ ხდებოდა, ისეთი აღარ ხდებაო. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კი არა, 1937 წელი ასე გამოიყურებოდა. 1937 წელს საინფორმაციო საშუალებები ასე რომ ყოფილიყო, როგორც დღეს არის, ასეთი ვითარება იქნებოდა. დასმენის საფუძველზე, უსაფუძვლოდ, ჩვეულებრივი „ანონიმკის“ დასმენის საფუძველზე, როგორც ეს მაშინ ხდებოდა, დაიწყეს გამოძიება, რომლის საფუძველზეც, ორსულ გოგოს, რომელსაც 7 წლის შვილი ჰყავს სახლში, უვარდებიან და სამშობლოს ღალატის და უცხოელების სასარგებლო საქმის კეთებისთვის ასამართლებენ. სულ ვიმეორებ, საფრანგეთთან ჯაშუშობის გამო, ჩემი დიდი ბაბუა, კოტე დათუნაშვილი დახვრიტეს, იმიტომ, რომ საფრანგეთიდან საკვების სახით ამანათი მიიღო. ამ დროში ვცხოვრობთ. ის დრო შორს არ არის. ჩვენი დიდი ბაბუები და ბებიები იყვნენ ის ხალხი, ვისაც 37 წელს ხვრეტდნენ. ახლა ვიღებთ ამას. რა განსხვავებაა მითხარით, გარდა იმისა, რომ ახლა ესენი გულაგში არ მიჰყავთ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი არ არის? 7 წლის ბავშვთან შედიხარ და საფუძვლად გიდევს სამშობლოს ერთი-ერთი ყველაზე განთქმული მოღალატის, ნანა კაკაბაძის, განცხადება; ვატო შაქარაშვილის, ამ დამწყები პოლიციის დამსმენის. აი, ამ ხალხის ნათქვამზე, შეიძლება სახლში შეუვარდე ვინმეს დილის 7 საათზე?!
პირდაპირ ვთქვათ, ეს პროტესტი მათ პრობლემას რომ არ უქმნიდეს, ის ფონდები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან და პროტესტში არიან, მათ პრობლემას რომ არ უქმნიდეს, ეს ყველაფერი უმნიშვნელო რომ იყოს, ამას იზამდნენ? თუ ეს არანაირ პრობლემას არ უქმნის „ქართულ ოცნებას“, წავიდოდნენ თუ არა ამ ყველაფერზე, ამ შოუებზე, რომლებსაც დილაუთენია ადამიანების სახლებში დგამენ? ადამიანების, რომლებსაც არასდროს არაფერი დაუშავებიათ, რომლებსაც არცერთი შეცდომა არ აქვთ კანონთან. ცქიტიშვილს, ბაჯელიძეს, ჟორჟოლიანს გადაცდომა არ აქვთ და ასეთ ადამიანებთან სახლებში შედიან. ეს იმიტომ, ხდება, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე არიან.
ისინი კარგად ნიღბავენ ამ შიდა არეულობას, მაგრამ გამარჯვებულ პარტიას და პარტიას, რომელსაც გამარჯვების იმედი აქვს, მისი თავმჯდომარეები არ გაურბიან ისე, რომ პოლიტიკაც დატოვონ. შიგნით სერიოზული პრობლემაა. აბსოლუტურად ყველა რგოლში არის ცახცახი და შიში იმაზე, რომ ისინი სანქციებში მოჰყვებიან; რომ მათ აღარ შეეძლებათ გადაადგილება; რომ ისინი ლეგალურად ვეღარ მიიღებენ ხელფასს, სესხს ვერ გადაიხდიან. ამ ვითარების შიგნით ყველას ეშინია. ამის გადასაფარად საზოგადოების დაშინების მეთოდზე გადავიდნენ. ეს მეთოდი არ არის უცხო არც საქართველოსთვის იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ გადავშალეთ. ასევე, არც იმ სამყაროსთვის, რომელშიც რუსეთია ჰეგემონი. ეს ამ ვითარებაში ჩვეულებრივი ამბავია. მესმის ძალიან მძიმეა, რომ ორსულ გოგოს პატარა შვილთან ერთად სახლში უვარდებიან, ოღონდ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, ამაზე უნდა გავბრაზდეთ. გაბრაზებაა არის ახლა მთავარი. ჩვენ ვხედავთ უსამართლობას. ქართველი კაცი უსამართლობას არ უნდა შეეგუოს“,- განაცხადა დათუნაშვილმა.
მისივე თქმით, „ვინც დღეს უკანონო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო, უნდა იცოდეს, რომ სანქციების მსხვერპლი იქნება“.
„ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სახლებში შევარდნენ, მათ ვინც ეს დაავალა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზუსტად იმავე ბედს გაიზიარებენ, როგორ ბედშიც დღეს მინისტრი გომელაურია. ის „მაგნიტსკის სიაშია“, ფაქტობრივად, ნახევარი ადამიანია ამ სანქციების გამო და აღარაფერში აღარ წერია. მისი ოჯახი უდიდეს პრობლემებშია, როგორც ძალოვანი სტრუქტურების სხვა მაღალჩინოსნები. ყველა ამ ადამიანმა, ვინც დღეს უკანონო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო, უნდა იცოდეს, რომ აგრეთვე, სანქციების მსხვერპლი იქნება. ყველა ამ ადამიანს გამოვიკვლევთ და გადაცემული იქნება სანქციებზე. მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება ყველგან, სადაც წავლენ. აი, ეს უნდა ესმოდეს თითოეულ მათგანს, რომელიც დღეს გადაცემას უყურებს. ისინი პირადად იქნებიან დასანქცირებულები. ამისთვის ყველაფერს ვიზამ“,- განაცხადა დათუნაშვილმა.
ამასთან, დათუნაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ დათუნაშვილმა აღნიშნა, „თუ პროტესტი მილევადია, მაშინ რისი ეშინია ივანიშვილს – მონღოლ მეჯოგეს?“
„რისი ეშინია ივანიშვილს – მონღოლ მეჯოგეს? რისი ეშინია თუ მართლა მონღოლი მეჯოგე არ არის? თუ მართლა მილევადია [პროტესტი]? ამ ყველაფრის თუ არ ეშინია, პატარა გოგოებთან სახლში რატომ დარბის? 7 წლის ბავშვებს რატომ უწიოკებს? იმიტომ, რომ ეშინია. შალვა პაპუაშვილი სახლში რომ მიდის, ვერ იძინებს იმიტომ, რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს. ამ დღეში არიან. ამ პროტესტმა, რომელიც 150 დღეა გრძელდება, მოახდინა ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ამ ქვეყანაში ეს ბინძური ხალხი ვერაფერს აკეთებს, ქვეყანას ვერ მართავს, ყველა სადავე ხელიდან გაურბის. საერთაშორისო არაღიარებაა იმ მასშტაბის, რომ გუშინ, გაფართოების საკითხების კომისარი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გაყინულია. ასე ღიად ჯერ არავის არ უთქვამს ამის შესახებ“,- განაცხადა დათუნაშვილმა.
მისივე თქმით, „ამ ვითარების შეცვლა „ქართულ ოცნებას“ ყველაფრის ფასად უნდა“.