არის თუ არა „ონტოფურო“ მდინარე ჩოლოქის ძველი დასახელება

არის თუ არა „ონტოფურო“ მდინარე ჩოლოქის ძველი დასახელება
.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით მდინარე ჩოლოქის სახელწოდება თურქული წარმომავლობისაა, რაც შეეხება ამავე მდინარის უფრო ადრინდელ სახელს რუსული წყაროების მიხედვით იგი „ონტოფურო“ (ანტოპურო, Антопуро) გახლავთ.
.
პროფესორი ნორდმანი, რომელმაც 1836 წელს იმოგზაურა გურიაში, გურიის მდინარეების ჩამონათვალში უთითებს მდინარე „ონტოფურო“-ს – Антопура (*1). მანამდე იგივე დასახლებითაა მოხსენიებული 1835 წლის ამიერკავკასიის სტატისტიკურ აღწერაში, როგორც გურიისა და ქობულეთის საზღვარი – „озеромъ Балеастономъ и рѣкою Ріоном, къ Востоку, съ Имеретією ; къ Югу съ Кобулетскимъ Аджарскимъ округами , отъ коихъ отдѣляется хребтомъ Ахалцихскихъ горъ, и рѣчкою Антопурою; къ Западу, съ Чернымъ моремъ.“ (*2). დუბროვინი (*3) გურიის საზღვარად ასახელებს მდინარე ჩოლოქს და აქვე განმარტავს რომ ამ მდინარის დასახელება ასევე არის ონტაფურო – „Гурія прилегаетъ на югѣ къ Турціи, отъ которой отдѣляется небольшимъ горнымъ ручьемъ Чолокою (иначе Антопурою)“.
.
უნდა აღნიშნოს რომ სოფელ წყავროკაში არის ღელე სახელწოდებით “ონტაფურა”, თუმცა სავარაუდოდ იგი ზემოხსენებული “ონტოფურო” არ უნდა იყოს, მისი სიმცირის გამო. აქვე საინტერესოა ჰიდრონიმ ონტოფურო-ს წარმომავლობა, როგორც სპეციალისტები ამბობენ იგი ლაზური წარმოშობის უნდა იყოს – “ონტა-ფურა/ფუნა ონტონუ-ყვინთვა (ა.თ). ყვინთვას ნიშნავს და ამ სახელწოდებისვე მდინარეში საყვინთაო ადგილების გამო ეს სახელწოდება მიიღო.“ ამ შემთვევაში საუბარია სოფელ წყავროკაში არსებულ ღელე ონტაფურაზე (*3).
.
ასევე ჰიდრონიმი ონტაფურა ქვირითის დასაყრელ ადგილსაც ნიშნავს და მასვე უკავშირდება გურიაში კარგად ცნობილი „ტობობა“ ანუ ტოფობა – “ზანიზმებია აგრეთვე: ონტაფურა (ჰიდრონიმი, ტოპონიმი, სოფ. წყავროკა, ქობ. რ.), ონტოფო (ტოპონიმი, სოფ.სიმონეთის უბანი, ხელვაჩ. რ.)… ტობი (მეგრ. ტოფი) მცირე ზომის თევზის ერთ-ერთი ჯიშია. ამასთან ტობობა ანუ ტოფობა (მეგრ. ტოფუა) ქვირითის დაყრას აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, ონტოფო (ო(ნ)-ტოფ-უ) უნდა ნიშნავდეს „სატოფეს“, ქვირითის დასაყრელ ადგილს. ბუნებრივია, ეს სახელი თავდაპირველად მდინარის ზეწელს უნდა რქმეოდა, შემდეგ კი – იქ გაჩენილ სოფელსაც ასე ეწოდა. ონტოფო ჰიდრონიმშია ლეჩხუმშიც.” (*4)
.
1841 წლამდე ოზურგეთის (გურიის) მაზრასა და ჩურუქ-სუს (ქობულეთის) კაზას შორის საზღვარი ნაწილობრივ მდინარე ცხრაფონაზე, შემდეგში კი ჩოლოქს მიუყვებოდა (სავარაუდოდ საზღვარი მდინარეებზე ბოგილისა და ოჩხამურზეც გადიოდა). ჩოლოქსა და ცხრაფონას შორის მიწები ქვემო გურიის დაკარგვამდე თავდგირიძეებს ეკუთვნოდათ და ასე დარჩა მამუკა თავდგირიძის აკეთში გადასვლის შემდეგაც, აქედან გამომდინარე 1841 წლამდე რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და არა ოსმალეთის. ჰასან ბეგ თავდგირიძეს სწორედ ეს მიწები გადასცა რუსებმა, რის შემდეგაც თავდგირიძემ აჯანყებულ გურულებს დახმარება შეუწყვიტა და 1841 წლის აჯანყებაც დამარცხდა, ასე გახდა ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად მდინარეების ცხრაფონასა და ჩოლოქს შორის არსებული ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო 1841-1878 წლებში (*6-*7-*8).
.
წყარო:
*1. Путешесивіе прфессора Нордмана по закавказскому краю (Журналъ министерсва народнаго просвѣщенія; 1838 г. Ноябрь;)
*2. Статистическое описаніе Закавказскаго края – Составилъ Орестъ Евецкій. 1835 г.
*3. Исторія войны и владычества русских на Кавказѣ – Н. Дубровина 1871 г.
*4. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე N2 – ლილე თანდილავა ლაზური ლექსიკა „აჭარული კილოს სალექსიკონო მასალებში“ (2019)
*5. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი I I (2007 წელი);
*6. Кавказ 1875 г. № 66 – Вопрось о нашей границе съ Турциею со стороны Гурии, или о земляхъ, принадлежавшихъ Гурийскому – ныне Озургетскому уезду Кутаисской губернии, которыми завладели турки въ 1841 году;
*7. თედო სახოკია მოგზაურობანი გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი 1950
*8. Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею: Рапорт ген.-м. Коцебу ген. Головину, от 20-го августа 1841 года, N843. – Секретно (Тифлис, 1884. – Т. 9, Ч. I. N198. – С. 169)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights