გურიის მოამბე

რუსული კვლევა: რუსეთის მიმართ საქართველოს “მეგობრულობის” ხარისხი გაზრდილია

რუსეთის „კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა“ (НИИРК) გამოაქვეყნა „პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების ყოველწლიური რეიტინგი“.

შარშანდელის მსგავსად, წელსაც საქართველო „შედარებით მეგობრული ქვეყნების“ სიაშია. მისი „მეგობრულობის“ შეფასება ბოლო ერთ წელიწადში გაიზარდა 15-დან 19.4 ქულამდე.

რუსი ექსპერტების აზრით, რუსეთის მიმართ უფრო მეტად მეგობრული არის თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. მას მოსდევს თვითგამოცხადებული აფხაზეთი, ბელარუსი და ცენტრალური აზიის ქვეყნები.

რუსეთის მიმართ სომხეთისა და აზერბაიჯანის „მეგობრულობის“ დონე შემცირდა. “არამეგობრულების” სიაში შედიან: მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა. ერთი წლის განმავლობაში ისინი კიდევ უფრო „არამეგობრულები“ გახდნენ. უკრაინას 100-დან 99 ქულა აქვს.

ანგარიშის საქართველოს შესახებ ნაწილში აღნიშნულია, რომ 2025 წელს „ქულების გარკვეული ზრდა იყო ეკონომიკური ურთიერთობების ჯგუფში და რუსეთის ფედერაციის, რუსების, რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ მაჩვენებელში. აგრეთვე, მინიმალური ზრდა იყო მედიაკომუნიკაციებისა და არაკომერციული ორგანიზაციების მაჩვენებლებში“.

რას წერენ რუსი ექსპერტები?

  • „საქართველოს ოფიციალურ დისკურსში რუსეთის ფედერაცია კვლავაც განიხილება სახელმწიფოდ, რომელსაც „ოკუპირებული აქვს“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“;
  • „საქართველო ინარჩუნებს ნატოს (სწავლება, მომზადების პროგრამები) პარტნიორის სტატუსს, მაგრამ ევროპული მიმართულება კრიზისის ფაზაში შევიდა“;
  • „ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობების გაციების ფონზე, ძლიერდება თურქეთისა და ჩინეთის როლი“;
  • „რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური კავშირები შეზღუდულია მრავალმხრივი პლატფორმებითა და წერტილოვანი კონტაქტებით. დაახლოების პირდაპირი კურსი არ არის, თუმცა საქართველო თავს არიდებს კონფლიქტის ღიად ესკალაციას, „ომში არჩათრევის“ აუცილებლობის ხაზგასმით“;
  • „საქართველომ იხელმძღვანელა ეროვნული ინტერესებითა და სარგებლით და არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, არ შემოიღო სპეციალური სავაჭრო ან საინვესტიციო ბარიერები, შეინარჩუნა დაბალი ტარიფები“;
  • „რუსეთის ფედერაციამ გაგზავნა ნავთობის პირველი პარტია საქართველოს ქალაქ ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში“;
  • „ჩინეთი აწარმოებდა მოლაპარაკებებს საკურორტო ქალაქ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე“;
  • „დეველოპერულ და ენერგოპროექტებში შედიოდა არაბული (არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან) კაპიტალი“;
  • „საგანმანათლებლო და სამეცნიერო კომუნიკაციები. … მთლიანობაში რუსეთის მიმართულება აკრძალული არ არის, თუმცა პოლიტიკურად არ არის ხელშეწყობილი“;
  • „საბჭოთა და „რუსეთ-საქართველოს“ ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი ინტეგრირებულია ტურისტულ ბრენდში“;
  • „რუსეთის მედია იკავებდა პერიფერიულ ნიშას. ის კვლავაც შეზღუდულად იყო წარმოდგენილი. …მედიის რეგულაციის რეჟიმი არ ყოფილა საგანგებოდ ანტირუსული“;
  • „რუსული არაკომერციული ორგანიზაციების თავისებურება ის არის, რომ ისინი არსებითად არ უპირისპირდებიან ხელისუფლების ნარატივებს“;
  • „რუსეთის ფედერაციისა და რუსების მიმართ დამოკიდებულება კვლავაც წინააღმდეგობრივი იყო“.
  • დასკვნის სახით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ფედერაციას ერთი მხრივ საქართველოსთვის მიუღებელი საგარეო პოზიციები აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, თუმცა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით ეკონომიკური პარტნიორი და არაოპოზიციური, არარისკოგენური ფაქტორია“;
  • „რუსეთთან საქართველოს კომუნიკაცია არც ალიანსურია და არც ღიად ჩაჭრილი, არამედ ეს არის პრაგმატული, მართვადი მეზობლობა, რომელიც ჯერჯერობით სტრატეგიულად არ ანაცვლებს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას“.

НИИКР-ისა და რუსეთის სპეცსამსახურების ისტორიის საიტებზე წერია, რომ ეს ინსტიტუტი 2020 წლიდან არსებობს. მის დამფუძნებელთა შორის იყო გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი – კოპენჰაგენში რუსეთის უშიშროების კომიტეტის (КГБ) რეზიდენტი, КГБ-ს მე-3 განყოფილების ყოფილი უფროსი (პასუხისმგებელი იყო მათ შორის დიდ ბრიტანეთზე, ავსტრალიასა და სკანდინავიის ქვეყნებზე) და საგარეო დაზვერვის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი. ინსტიტუტის მეორე თანადამფუძნებელია მეწარმე ირინა ზავესნიცკაია, რომელიც, მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, რეგისტრირებულია НИИКР-ის დირექტორ ვლადისლავ გასუმიანოვის მისამართზე.

გასუმიანოვის ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, 1982-2001 წლებში ის მსახურობდა რუსეთის უშიშროების კომიტეტში (КГБ), რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში (ФСБ). ის აგრეთვე იყო პრეზიდენტის რეგიონთაშორისი და უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, იყო „ნორნიკელის“ მმართველობაში. 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) „კორპორატიულ უსაფრთხოებაზე“ „ნორნიკელის“ კათედრას.

НИИКР-ის მეთვალყურეთა საბჭოში, გასუმიანოვისა და გრიბინის გარდა, არიან საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სპეცსამსახურების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights