გურიის მოამბე

ჩოხატაურში ახალი კორუფციული სკანდალი მწიფდება – ყალბი პენსიონერები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალი კორუფციული სკანდალი მწიფდება – სოფლების ზოტისა და ჩხაკაურას გამგებლები ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში-გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც “გურიის მოამბეს” ჩხაკაურადან აცნობეს, საქმე ეხება ყალბი დოკუმენტაციით, პემსიონერის სტატუსის მინიჭებას.

ომარ და ნოდარ ირემაძეებს, ამ სოფლების გამგებლებს, გამოძიებისათვის მოუწევთ ახსნა განმარტებების მიცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ენიჭებოდათ პენსიები იმ ადამიანებს, რომლებიც არც ზოტში ცხოვრობდნენ და არც ჩხაკაურაში.

აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებს, მაღალმთიანი ზონის სტატუსი აქვს და სხვა სოფლის პენსიონერებთან შედარებით მათი მაცხოვრებლები გაცილებით დიდი ოდენობის პენსიას ღებულობენ.

მაგალიღად – თუ ჩვეულებრივად პენსია 380 ლარია, მაღალმთიან ზონაში მინიმალური ზღვარი 600 ლარია.

არაოფიციალური ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ მოკვლევა სოფელ ზოტის ერთ ერთი მაცხოვრებლის საჩივრის საფუძველზე დაიწყო და წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილია რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მაღალ პენსიებს ღებულობდნენ როგორც ზოტისა და ჩხაკაურას მაცხოვრებლები, სინამდვილეში კი ამ სოფლებში არ ცხოვრობდნენ.

როგორც გვატყობინებენ, ამ სქემაში სოფლის ადგილობრივი გამგებლები მონაწილეობდნენ და პრობლემები ექმნება ასევე ამ საქმეზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში პასუხისმგებელ პირს-თეა უჯმაჯურიძეს.

ომარ ირემაძე ჩოხატაურის მერის რწმუნებულია ზოტის თემში, ხოლო ნოდარ ირემაძე ჩოხატაურის რწმუნებულის, ნაბეღლავის თემში (სოფელი ჩხაკაურა ნაბეღლავის თემში შედის), თანაშემწე.

ადგილობრივთა ინფორმაციით, შესაძლოა პროკურატურამ საქმე კორუფციის მუხლით აღძრას, სინამდვილეში კი ამ სქემას, არანაირი კავშირი კორუფციასთან არა აქვს და მას -ადგილობრივი ხელმძღვანელობა, პარტია “ქართული ოცნების” რეკომენდაციით ახორციელებდა და ის სხვადასხვა ტიპის არჩევნებში, მმართველი პარტიისათვის რაც შეიძლება მეტი ხმის დაგროვებას ემსახურებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights