ემოციების კონტროლი ზოგჯერ ძალიან რთულია. თუ თავის კონტროლი გიჭირთ, ნუ იდარდებთ, რადგანაც როგორც აღმოჩნდა, ხანდახან საჭიროა კიდეც ბოლომდე დაიხარჯოთ და ყველა ემოცია ხმამაღლა გამოხატოთ. სიჩუმე კი ყველაზე მავნებელი ყოფილა, იმიტომ რომ სტრესს იწვევს.თავის მხრივ კი სტრესი სხვა უამრავი დაავადების გამოწვევი მიზეზი ხდება.
ჩხუბი, ყვირილი, შესაძლოა, არ იყოს კარგი ურთიერთობებისთვის, მაგრამ რეალურად, როგორც მეცნიერები ამბობენ, ურთიერთობის ასეთ ფორმას ჭკვიანი და ინტელექტუალი ქალები იყენებენ, რადგანაც მათ იციან, რომ ემოციების გამოხატვას უდიდესი სარგებელი მოაქვს მათი ჯანმრთელობისთვის და ამავდროულად, კარიერული წარმატებისთვის.
გავეცნოთ კვლევას, რომელიც გიჩვენებთ, რომ “ტონის აწევა”ცუდი იდეა სულაც არ არის.
მკვლევრები ამბობენ, რომ გაჩუმება იმ ადამიანების ჩვევაა, რომლებსაც ეშინიათ თავიანთი რეალური ემოციების გამოხატვის, რადგანაც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, რეალური აზრების, რეალური გრძნობების, ნამდვილი განცდების გადმოცემამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თუ თანამშრომლებთან ურთიერთობებზე. ამიტომაც, ისინი უბრალოდ ჩუმდებიან. ასეთი ქალები, უმეტესწილად, სხვების გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან და თავიანთი სურვილებ
ის მიხედვით არ მოქმედებენ.
კვლევა ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარდა და მასში ჩართული იყო 304 დაქორწინებული ქალი. მკვლევრებმა შეისწავლეს მათი ჩვევები, დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხების მიმართ. აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც გაჩუმებას ამჯობინებდნენ, ტონს არასოდეს უწევდნენ, საკუთარ საჭიროებებზე არ ფიქრობდნენ და ოჯახის წევრების სურვილების მიხედვით იქცეოდნენ, არ იყვნენ წარმატებულები არც კარიერული კუთხით და ოჯახის წევრებისგანაც ნაკლებ პატივისცემას იმსახურებდნენ, ხოლო ის ქალები, რომლებიც ხშირად ჩხუბობდნენ საკუთარი ინტერესებისთვის და არ ერიდებოდნენ აზრის ხმამაღლა გამოთქმას, იყვნენ წარმატებულები კარიერული კუთხით და ოჯახის წევრებიც მათ აზრს პატივს სცემდნენ.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ხშირად არ ჩხუბობენ, არიან მელანქოლიურები, დეპრესიულები და სევდიანები.
კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ხმამაღლა ყვირის ქალი, რაც უფრო ხშირად ჩხუბობს, მით უფრო გამძლეა ის სტრესული სიტუაციებისადმი. ხოლო ქალს, რომელიც ემოციებს არ გამოხატავს და გაჩუმებას ამჯობინებს, სტრესი სტანჯავს.