იტალიური „მონკლერი“ საქართველოში შეიკერება,საწარმოში დაახლოებით 500-550 თანამშრომელი იქნება საჭირო

ქართული სამკერვალო „იმერი“ იტალიურ ბრენდ „მონკლერთან“ თანამშრომლობას იწყებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ზაზა გვენეტაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია, აუდიტიც გავლილია, თუმცა, პანდემიის გამო შეკვეთების მიღება ჯერ ვერ მოხერხდა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ზაფხულიდან, მთელი რიგი საკითხები მოგვარდება და საწარმო დამატებით 80-დან 100 ადამიანამდე დაასაქმებს.

რაც შეეხება კორონავირუსის გავლენას კომპანიის საქმიანობაზე, როგორც ზაზა გვენეტაძე აღნიშნავს, საგადასახადო შეღავათების გარეშე, მუშაობის დაწყება რთული იქნებოდა. თუმცა, ამის დახმარებით კომპანია კვლავ სრულად დაიტვირთება.

ცნობისთვის, „იმერის“ პროდუქციის 95%-ის ექსპორტზე ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის. დარჩენილი 5%-ის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სამკერვალო კომპანია „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია “ლებეკთან”, რომელიც დღემდე მისი ერთ-ერთ უმსხვილესი და უმთავრესი პარტნიორია.

“წარმოების და ექსპორტის მხრივ თითქმის, იგივე რაოდენობის პროდუქციას ვამზადებთ, რაც გასულ წელს გვქონდა. როდესაც პანდემია დაიწყო, მუშაობის უფლება არ გვქონდა და დაახლოებით, 20-25 დღე ახალ მიმართულებაზე, კერძოდ, სამედიცინო ნაწარმის დამზადებაზე გადავედით. შედეგად, საწარმო მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით მუშაობდა. როგორც კი გაიხსნა ბიზნესი, ჩვენ უკვე მობილიზებული გვქონდა ნედლეული და სამუშაო ძალა, შესაბამისად, მაშინვე შევუდექით საქმეს. მოგვიანებით, ორი კვირა ისევ მოგვიწია დაკეტვა, რადგან რამდენიმე თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა. მას შემდეგ კი აღარ გავჩერებულვართ.

იმისთვის, რომ საწარმო აგვემუშავებინა, საშემოსავლოს ნაწილში მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები ძალიან გვეხმარება. მეტიც, ამის გარეშე გახსნა ძალიან გაგვიჭირდებოდა“,- ამბობს ზაზა გვენეტაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის ძირითად პარტნიორად კვლავ გერმანული „ლებეკი“ რჩება, რომლისთვისაც ახლა უკვე 2022 წლის ზამთრის კოლექციას დაამზადებს.

„რაც შეეხება ექსპორტს, ახალი ქვეყნები არ დაგვიმატებია, ჩვენი ძირითადი პარტნიორი კვლავ გერმანია, კერძოდ, „ლებეკია“. თუმცა გარდა ამისა, ჩვენ სხვა საექსპორტო პროდუქციასაც ვკერავთ, უბრალოდ, აქედან სხვა კომპანიები უკეთებენ ექსპორტს. ერთ-ერთი ასეთი Mark&Spencer-ია. სულ მალე უკვე დავიწყებთ „ლებეკის“ 2022 წლის ზამთრის კოლექციის დამზადებას.

პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ უკვე გაფორმებული გვაქვს ხელშკრულება იტალიურ ბრენდ „მონკლერთან“. აუდიტი უკვე გავლილი გვაქვს. პანდემიის გამო ვერ შევძელით შეკვეთების დაწყება. სავარაუდოდ, ზაფხულიდან გარკვეული იქნება საკითხები. ამის შემდეგ საწარმოში დაახლოებით, 500-550 თანამშრომელი დაგვჭირდება, რათა მათი შეკვეთები დავამზადოთ. შესაბამისად, დამატებით, 80-დან 100-მდე ადამიანს დავასაქმებთ“,- განაცხადა ზაზა გვენეტაძემ.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share