“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და გადამდგარი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საარჩევნო სქემა, რომლითაც წინასაარჩევნოდ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს არჩევნების სანდოობის ეჭქვეშ დასაყენებლად.
ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მონიტორინგის ჯგუფმა ღია წყაროებზე დაყრდნობით გაშიფრა.
“ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები. ცრუ ინფორმაციები შექმნან არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქსოდა იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების ჩატარებას ვერ გაართვეს თავი. და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათ განახორციელონ გარკვეული ქმედებები”, – თქვა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშნველოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული.
“129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 მათაგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ გზით აფილირებული. ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ყავს ნაცნიონალურ მოძრაობას, 20 ორგანიზაციაა ასეთი, 8 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ყავს ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთ დანაყოფს ევროპულ საქართველოს, ასევე არის ორი ასეთი ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობის მორიგი დანაყოფის სახელზე, ეს არის სტრატეგია აღმაშენებელი და არის პატრიოტთა ალიანსთან კავშირში მყოფი ორი არასამთავრობო ორგანიზაცია”, – თქვა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებს.