“დაიწყო წინადადებების აწყობა…”- როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

“მდგომარეობა ნელი ტემპით, მაგრამ დღითი დღე უმჯობესდება, ახალ სიტყვებს ამბობს, დაიწყო წინადადებების აწყობა…”

“იმ ავადსახსენებელ 2019 წლის 19 დეკემბრამდე, ყოველდღე სიხარულით ვბრუნდებოდი სამსახურიდან…”, – გვიყვება­ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური,­ რომელიც მას შემდეგ, რაც ცოტნე­ გამსახურდია დაჭრეს, გვერდიდან არ მოშორებია, დღესაც მასთან ერთად იმყოფება გერმანიაში. ანა ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათ ურთიერთობაზე ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვება.

– ცოტნე გაწირეს, როდესაც ოთხი შეიარაღებული ნაძირალა მიპარვით დაესხა თავს და სასიკვდილოდ გაიმეტა. ამას მოწმობს ჭრილობების რაოდენობა და სირთულე… წელიწადზე მეტია ცოტნე გერმანიაში­ გადავიყვანეთ. რამდენიმე კვირის წინ თავის­ ტრავმის გამო პატარა გართულება დაეწყო, რომელიც ასეთი მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტთა 80-90%-ს პირველი ხუთი წლის განმავლობაში აღენიშნება.­

 

ამის გამო მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალიზებულ ცენტრში გადავიყვანეთ, სადაც სწრაფად აღმოფხვრეს პრობლემა. მდგომარეობა ნელი

ტემპით, მაგრამ დღითი დღე უმჯობესდება. ცოტნე ყოველდღიურად ამბობს ახალ-ახალ სიტყვებს, დაიწყო წინადადებების აწყობა. ნელ-ნელა უმჯობესდება მისი როგორც მოტორული, ასევე კოგნიტიური ფუნქციები. მოკლედ, ნელი პროგრესი და დადებითი დინამიკა აშკარაა. ბრძოლაში ვართ ყოველდღე, რომელშიც ყველაზე ძლიერი მებრძოლი მაინც ცოტნეა. შემდეგი გაჩერება – უნას ჰოსპიტლის რეაბილიტაციის განყოფილებაა, სადაც ნევროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, ჩვენი თანამემამულე, ესენის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ქაცარავა მუშაობს.

– როგორ გახსენდებათ ცოტნესთან პირველი­ დაკონტაქტება?
– თურქეთში გადაყვანიდან სამი კვირის განმავლობაში მასთან არ მიშვებდნენ. თბილისიდან სტამბოლში მეორეჯერ ჩასულს ექიმებმა ამბავი დამახვედრეს – მოვხსენით სამკურნალო ნარკოზი, გავაღვიძეთ, მაგრამ არაფერზე არ რეაგირებს, არ უნდა თვალების გახელა, ფაქტობრივად, მცენარის მდგომარეობაშიაო. ვერ დავიჯერებ, შევალ და ნახავთ, რომ ასე არაა-მეთქი. მართლაც, შევედი თუ არა და დაველაპარაკე, თვალიც გაახილა და აშკარად გამოხატა სუსტი, მაგრამ მაინც ემოცია. ვთხოვე, თუ ჩემი გესმის, ხელი მომიჭირე-მეთქი და მაშინვე მომიჭირა. მედპერსონალი გაკვირვებული მოგვჩერებოდა. ამ დღის შემდეგ კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ.

– ალბათ, ძალიან რთულია ამდენ ხანს ოჯახს, სამსახურს მოწყვეტა და ჰოსპიტლებში­ ცხოვრება.
– სამი სამსახური დავტოვე მცირე ხნით და ეს მცირე ხანი წელიწადსა და სამ თვეს გაგრძელდა. მადლობა ჩემს დამსაქმებლებს, ხელშეკრულება რომ არ გამიწყვიტეს. ვმუშაობ კარდიოლოგად “ნიუ-ჰოსპიტალში”, ვარ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მიმყავს გადაცემა “მედნიუსი”.

 

წარმოიდგინეთ, წელიწადი და სამი თვე არ მენახა­ შვილი, შვილიშვილი და მოხუცი მშობლები. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს მატანინებდა, ეს იყო უდიდესი სურვილი, ცოტნეს დავხმარებოდი.

 

fb

– ძმები თუ არიან ბრძოლაში ჩართული?
– ცოტნეზე თავდასხმის პირველი წუთებიდანვე ორივე ძმა მუდმივად მასზე­ ზრუნავს. მათ გარეშე, ალბათ, ჩვენი ბრძოლა­ წარმოუდგენელი იქნებოდა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. კონსტანტინე გერმანიაში მუშაობს და ეს ჩვენთვის დიდი ბონუსია­ – მუდმივად ჩვენ გვერდითაა. ამ ორი კვირის­ წინ მასთან ერთად მისი ვაჟი ზვიადიც იყო ჩამოსული. რაც შეეხება­ გიორგის, დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ზრუნვას არ გვაკლებს. დიდი კონსტანტინეს ჰონორარის ავანსის თავისი­ წილიც ჩვენ გადმოგვირიცხა. მუდმივად ვგრძნობთ გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლის, ანი აბულაძის თანადგომას. მეამაყება, რომ ცოტნეს ერთ გუნდად შეკრული სანაქებო ოჯახი ჰყავს.

– სანამ ეს ამბავი შეემთხვეოდა, წინათგრძნობა თუ ჰქონდა ცოტნეს?
– ცოტნეს საოცარი წინათგრძნობა აქვს. 19 დეკემბრის დილას მუსიკა ჩართო, რომელსაც იშვიათად უსმენდა – ეს იყო სამგლოვიარო მუსიკა ვაგნერის ოპერიდან “ზიგფრიდი”… ვუსაყვედურე, რატომ მიმძიმებ განწყობას-მეთქი და გამოვართვევინე, თუმცა სამგლოვიარო ჰანგის კვალი მთელი დილა დარჩა სახეზე…

 

სამსახურში წასვლის წინ უცებ შემაჩერა სიტყვებით,­ რატომ არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად­ დავარეგისტრიროთო. ამაზე ადრეც ჩამო­უგდია ლაპარაკი, მაგრამ იმ დილას ეს სხვანაირად ჟღერდა – დაჟინებით და სერიოზულად. ცოტა გამიკვირდა, რადგან ჩვენთვის ამ ქაღალდებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ვერ მივხვდი, რით იყო განპირობებული­ მისი სერიოზული ტონი… ახლა ვხვდები, ესეც მისი წინათგრძნობა იყო. მოგეხსენებათ, სასამართლოსთვის მიმართვა დამჭირდა იმისთვის, რომ ცოტნეს პალატაში შესვლა შემძლებოდა…

– თქვენ სად იყავით იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა?

– საღამოს, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, ცოტნემ მითხრა, რომ მეზობლის გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეზე აპირებდა წასვლას და მალე დაბრუნდებოდა. 15 წუთში მართლაც შემობრუნდა და მითხრა, რომ ისევ გასვლას აპირებდა.

 

კარამდე გავაცილე, გასვლის წინ ჩამეხუტა, მალე მოვალო და ჭიშკრისკენ დაიძრა. მერე წამით შეჩერდა, გამომხედა და ისევ გზა გააგრძელა. იმ წამიერი შეჩერებისა და გამოხედვის გახსენება ყოველთვის სინანულს იწვევს ჩემში, რომ ჭიშკრამდე არ გავაცილე. სწორედ მაშინ ელოდა თურმე იქ ოთხი შეიარაღებული ნაძირალა…

 

სახლში შევბრუნდი, ვივახშმე და ავედი მეორე სართულზე დასასვენებლად. ნახევარი­ საათის შემდეგ რომ დავურეკე, არ მიპასუხა. მალე მისმა მეგობარმა ეს საშინელი ამბავი მაუწყა…

 

გარეთ გასულს უამრავი პოლიციელი დამხვდა ყვითელი ლენტებით. მოშორებით ჟურნალისტები მელოდნენ. ჭიშკართან მდგომ ჩემს მანქანაზე სისხლი შევნიშნე, იქვე ეგდო ცოტნეს დასისხლიანებული ქუდი და გადაღუნულ-დამტვრეული ალუმინის ყავარჯენი.

 

– ცოტნე ზოგჯერ ხისტი ადამიანი ჩანდა,­ როგორია შეყვარებული ცოტნე?

– ძალიან თბილი, მზრუნველი და საინტერესო. მისგან ძალიან ბევრს სწავლობ, იზრდები, ხალისი გემატება, ივსები ენერგიით. ყველასთვის ცნობილია მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ვხუმრობდი ხოლმე, რაც ცოტნესთან ვცხოვრობ, “გუგლი” აღარ მჭირდებ-მეთქი. ბევრ რამეს ვაკეთებდით ერთად – დაწყებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი საქმიანობით, მურაბების და კომპოტების მომზადებით დამთავრებული. ბევრსაც ვერთობოდით – ვსეირნობდით, ვვარჯიშობდით, მეგობრებთან დავდიოდით და ხშირად თავადაც ვაწყობდით მეგობრულ ვახშმებსა და საღამოებს.

საოცრად კეთილი ადამიანია, ერთხელ სარდაფში თაგვი გაჩნდა და ვუთხარი, ხაფანგი დავდგათ-მეთქი, ცოტნეს მოსაკლავად შეეცოდა, ამიტომ ყუთით დაიჭირა და გაუშვა.

რაც შეეხება სიხისტეს, რასაც მე უფრო პირდაპირობას და პრინციპულობას დავარქმევდი, ამ თვისებას მართლაც ავლენდა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა თვლიდა, რომ უსამართლობა ხდებოდა.

– ცოტნე მეღვინეობით იყო გატაცებული…
– დიახ, ცოტნეს ჰობი მეღვინეობა­ იყო, ბოლო წლებში­ კი პროფესიონალურად მიუდგა საკითხს – აგრარულ უნივერსიტეტში დაამთავრა მეღვინეობის ერთწლიანი კურსი, სრულყოფილი ცოდნის მისაღებად ქიმიის პროფესორთანაც კი დაიწყო სიარული ინდივიდუალურ გაკვეთილებზე… ამის შემდეგ ჩამოასხა მაღალი ხარისხის ექსკლუზიური ღვინო “ოჯალეში”, ამზადებდა საუცხოო ხარისხის ევროპულად დაყენებულ ღვინოებს.

 

იმ ავადსახსენებელ დღემდე ერთი თვით ადრე დიდი ხნის ნატვრა აისრულა – სატვირთო მანქანებით მაღალი ხარისხის მიწა მოატანინა, შემდეგ საგანგებოდ შეარჩია ნერგები და რამდენიმე მეგობრის დახმარებით კოლხური კოშკის ეზოში ვაზი ჩაყარა. ყოველ მტკაველ მიწას თავს დასტრიალებდა და ეფერებოდა…

ცოტნეს მეგობრები ჩვენი თურქეთის კლინიკაში ყოფნის პერიოდშიც უვლიდნენ ვაზს, მაგრამ ერთხელაც ჭიშკარი გატეხილი, ვაზი აჩეხილი და ჩემი და ცოტნეს საწოლი დამწვარი დახვდათ. ეს ინფორმაცია მეზობლებმა და ცოტნეს მეგობრებმა მომაწოდეს. მომხდარი მხოლოდ მას შემდეგ დავიჯერე, რაც ფოტოები გამომიგზავნეს. ვფიქრობ, ამის გაკეთება მხოლოდ შინაურს შეეძლო.

– იმედია მალე დაბრუნდებით.
– დარწმუნებული ვარ, შინ მშვიდობით დავბრუნდებით, მაგრამ კოლხურ კოშკში – არა, მე და ცოტნე ჩემთან ვიცხოვრებთ.
“კვირის პალიტრა”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share