ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს და, ამასთან, ჩვენი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას უცხოეთში იღებს.
მოგეხსენებათ, ნებისმიერი დიასპორა სამშობლოს სახეს წარმოადგენს და ამიტომაც დიასპორის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იმყოფებით, თქვენზე არის დამოკიდებული საქართველოსა და, ზოგადად, ქართველებზე განწყობის შექმნა და შეხედულების ჩამოყალიბება. ამ დატვირთვას ბევრი თქვენგანი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ ეს რეალობაა და იგი არასდროს არ უნდა დაივიწყოთ.
ეცადეთ, ასახელოთ სამშობლო, ჩვენი წინაპრები, თქვენი ახლობლები და ოჯახი; ეცადეთ, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგოთ თქვენს შვილებს.
სამშობლო მარტო გეოგრაფიული ადგილი არ არის; სამშობლო შენი ენაა, შენი კულტურაა, შენი ისტორიაა, შენი წინაპრების განცდებითა და ლოცვით გაჯერებული ჰაერია, მათი სისხლითა და ოფლით მორწყული მიწა-წყალია, მათი საფლავებია…
სამშბლო, ღმერთისგან ბოძებული ერთადერთი სახლია, რომლის გარეშეც ამქვეყნად ყოველთვის ვიქნებით მიუსაფარნი, როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა გვქონდეს სხვაგან.
ამ გრძნობებისა და განწყობების განმტკიცების სურვილმა განაპირობა, რომ წლების წინ საზღვარგარეთ გაიხსნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობები, – ეპარქიები. იქ მყოფ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ უცხოეთში დაბადებულ ჩვენს მომავალ თაობას მშობლიური გარემო შეუქმნან: ასწავლონ ქართული ენა და მწერლობა, ისტორია, ქართული ცეკვა და სიმღერა, ტრადიციები… ხოლო მრევლი ღვთის სადიდებლად გააერთიანონ და ერთმანეთს დააკავშირონ.
მინდა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით იღვწის, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საელჩოებს პანდემიის პირობებში გაწეული მუშაობისთვის; მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ, სირთულეების მიუხედავად, დღეს შედგა თქვენთან შეხვედრა.
გვჯერა, პრეზიდენტიც და ხელისუფლებაც დიასპორაზე ზრუნვას მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებენ, რაც დიდი შედეგის მომტანი იქნება ყველასთვის.
დავსძენ იმასაც, რომ, მართალია, ამ განსაცდელმა მსოფლიოს ცხოვრების ახალი წესები შესთავაზა და სერიოზული პრობლემებიც შექმნა, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ.
ყველაფერი მაინც ღვთის ხელშია და მას მიენდეთ. ამასთან გთხოვთ, იცხოვროთ ოჯახისა და ერთმანეთის გასახარად, იცხოვრეთ ღვთის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ და თქვენ იქნებით ბედნიერნი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!