https://www.radiotavisupleba.ge/
დღეიდან, ფეხბურთის მოყვარულებს ერთთვიანი მარათონი გვეწყება. ევროპის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ზუსტად ერთი წლის დაგვიანებით იმართება, საღამოს, თბილისის დროით 23:00 საათიდან, რომში აიღებს სტარტს, იტალიისა და თურქეთის ნაკრებების მატჩით.
პირველად, ევროპირველობების ისტორიაში, ტურნირის ჯგუფური ეტაპის თამაშებს თორმეტი ქვეყანა უმასპინძლებს. ექვსივე ოთხგუნდიანი ჯგუფის შეხვედრები ორ-ორ ქვეყანაში გაიმართება. პანდემიის გამო, იყო რისკი, შეჯიბრება მაყურებლების გარეშე ჩატარებულიყო, მაგრამ უეფამ მკაცრი შეზღუდვისგან თავი შეიკავა და ტრიბუნებზე გარკვეული რაოდენობის გულშემატკივრების დაშვება გადაწყვიტა.
მომავალი ჩემპიონატი ევრო-2020-ის სახელით შევა ისტორიაში და ტურნირის გამარჯვებული ნაკრებიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონად გამოცხადდება.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და გამოვლინდება ის თექვსმეტი ნაკრები, რომლებიც მერვედფინალის საგზურს მოიპოვებენ. პლეი ოფში გავლენ ექვსივე ჯგუფის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები და ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი. მერვედფინალები 26-29 ივნისს გაიმართება, მეოთხედფინალები – 2-3 ივლისს, ნახევარფინალები – 6-7 ივლისს, ევროპის ჩემპიონის ვინაობა კი 11 ივლისს გაირკვევა, ლონდონში.
აქვე ევრო-2020-ის ქვეჯგუფები:
A ჯგუფი: იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი.
B ჯგუფი: ბელგია, დანია, ფინეთი, რუსეთი.
C ჯგუფი: ავსტრია, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა.
D ჯგუფი: ხორვატია, ჩეხეთი, ინგლისი, შოტლანდია.
E ჯგუფი: პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი.
F ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, პორტუგალია.
ანრი დელონეს სიკვდილის შემდეგ ხორცშესხმული იდეა
ევროპის ქვეყნებს შორის ჩემპიონატის გამართვის იდეით ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, მსაჯი და საფეხბურთო ფუნქციონერი, ფრანგი ანრი დელონე ჯერ კიდევ 1927 წელს გამოსულა, ფიფას წევრების ყრილობაზე, მაგრამ მისი სიტყვები მაშინ სერიოზული განხილვის საგანი არ გამხდარა.
1954 წელს დაარსდა უეფა – ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი. ანრი დელონე კი ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა და უფრო აქტიურად დააყენა ახალი შეჯიბრების შესახებ წინადადება. რეაქციაც უკვე აბსოლუტურად განსხვავებული იყო – იდეა მოუწონეს და რამდენიმე წელიწადში შეძლეს შეჯიბრების ორგანიზება, მაგრამ იდეის ავტორი პირველ ჩემპიონატს ვერ მოესწრო. ევროპის ჩემპიონატის მთავარი ჯილდო – საჩემპიონო თასი სწორედ ანრი დელონეს სახელობისაა.
პირველ ტურნირს 1960 წელს საფრანგეთმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებებმა მიიღეს. ჩემპიონი საბჭოთა კავშირი გახდა, რომელმაც ფინალში იუგოსლავიას მოუგო, ანგარიშით 2:1.
ტურნირის ეტაპობრივი განვითარება
ევროპის ჩემპიონატი ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის. თავიდან შეჯიბრებას ევროპის ნაციონალური თასი ერქვა. ევროპის ჩემპიონატი კი 1968 წლიდან ეწოდება.
პირველი ხუთი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხ-ოთხი ნაკრები თამაშობდა და შეჯიბრება ხუთი-ექვსი დღე გრძელდებოდა.
1980 წლიდან, ევროპირველობაზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა გაორმაგდა. შემდეგ, თექვსმეტი წელი დასჭირდა მონაწილეთა რაოდენობის თექვსმეტამდე გაზრდას. კიდევ ოცი წლის მერე – 2016 წელს კი ოცდაოთხგუნდიანი ფორმატი დამტკიცდა, რომელიც დღემდე მოქმედებს.
გამარჯვებულ ქვეყანაში ანრი დელონეს თასი ოთხი წლით რჩება, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე.
ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის წინ, ახალი თასი დამზადდა. ის ვერცხლისაა, რვა კილოგრამს იწონის და სამოცი სანტიმეტრის სიმაღლისაა.
მსოფლიოს ჩემპიონატისგან განსხვავებით, ევროპირველობაზე არ იმართება მატჩი მესამე ადგილისთვის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აღარ იმართება 1984 წლიდან. 1960 წლიდან 1980 წლის შეჯიბრების ჩათვლით, ევროკონკურენციაში ბრინჯაოს მედლისთვის თამაშებიც ტარდებოდა.
ევროპის ქართველი ჩემპიონები და ფრანგი ბომბარდირი
ევროპის წინა თხუთმეტი ჩემპიონატიდან, ყველაზე მეტჯერ – სამ-სამჯერ დაეუფლნენ თასს გერმანელები (1972, 1980 და 1996) და ესპანელები (1964, 2008 და 2012). საფრანგეთის ნაკრები ორჯერ (1984 და 2000)გახდა ჩემპიონი. თითო ტიტული აქვთ საბჭოთა კავშირს (1960), იტალიას (1968), ჩეხეთს (1976), ნიდერლანდებს (1988), დანიას (1992), საბერძნეთსა (2004) და პორტუგალიას (2016).
1960 წელს, ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სამი ქართველი ფეხბურთელიც თამაშობდა: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელი. მათ გარდა, ევროპირველობაზე, კიდევ სამ ქართველ ფეხბურთელს აქვს მედალი – ვერცხლის პრიზიორები არიან რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა (ორივე 1972) და თენგიზ სულაქველიძე (1988).
ერთი ევროპირველობის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ფრანგი მიშელ პლატინია, რომელმაც 1984 წლის ჩემპიონატზე ცხრა გოლი გაიტანა. პლატინი ამ მაჩვენებლით ევროპის ჩემპიონატებზე დაგროვებული გოლების საერთო რაოდენობითაც ლიდერობს, ოღონდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, რომლის ანგარიშზეც ასევე ცხრა გოლია. რონალდუმ მომავალ ტურნირზეც უნდა ითამაშოს და ერთპიროვნულად გალიდერების რეალური კანდიდატიცაა. მასვე, ფინალურ ეტაპზე ჩატარებული მატჩებითაც შეუძლია პირველ ადგილზე გადასვლა. პორტუგალიელ ვარსკვლავს აქამდე თოთხმეტ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მხოლოდ ორი თამაშით ჩამორჩება ლიდერებს – ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ მეკარეს ედვინ ვან დერ საარს და ფრანგ მცველ ლილიან ტურამს.
დაბოლოს, კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, ევროპის ჩემპიონატების ისტორიიდან:
- აქამდე არასოდეს მომხდარა, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ნაკრებს ტიტული ზედიზედ მოეპოვებინოს.
- 1992 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შემთხვევით მოხვედრილი დანიის ნაკრები გახდა ჩემპიონი. სკანდინავიელები მონაწილეთა სიაში ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩასვეს, მას შემდეგ, რაც იუგოსლავიის ნაკრები მოკვეთეს შეჯიბრებიდან.
- 1968 წელს, საბჭოთა კავშირისა და იტალიის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულებული ნახევარფინალის შემდეგ, ფინალისტის ბედი მონეტის აგდებით გადაწყდა, იტალიელთა სასარგებლოდ.
- 1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ამოქმედდა მატჩისშემდგომი პენალტების სერიის წესი.
- ესპანელი ფერნანდო ტორესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატების ორ ფინალში აქვს გოლი გატანილი (2008 და 2012 წლებში).