თბილისში მაჰათმა განდის ძეგლს დადგამენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძეგლი ქართულ მხარეს საჩუქრად ინდოეთმა გადასცა.
მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიიღებს.
რა ვიცით ინდოეთის სულიერ ლიდერზე
30 წელზე მეტი, მაჰათმა განდი ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის ერთადერთ საბრძოლო იარაღად არაძალადობრივ ბრძოლის ფილოსოფიას, “სატიაგრაჰას” იყენებდა. განდიმ სწორედ თავისი პაციფიზმით, მშვიდი და გაწონასწორებული ბუნებით, არამატერიალისტური მისწრაფებებითა და ინდოეთის სიყვარულით, შეძლო სამშობლო დიდი ბრიტანეთის კოლონიალური მმართველობისგან დაეხსნა.
“თვალი თვალის წილ, მთელი სამყაროს დაბრმავებით სრულდება”, – ამბობდა განდი.
ცნობილია, რომ განდის მამა შვილს ბავშვობიდანვე იმ სულიერი მოტივით ზრდიდა, რომ ცოცხალი არსებებისთვის ზიანი არ უნდა მიეყენებინა და ადამიანების მიმართ მეტი შემწყნარებლობა გამოეჩინა. მაჰათმა განდის ცხოვრების გზაც სწორედ ასეთმა საფუძველმა განაპირობა.
მიუხედავად იმისა, რომ აღმსარებლობა განდის ოკეანის გადალახვას უკრძალავდა, მან მაინც მიიღო გადაწყვეტილება და იურიდიული განათლების მისაღებად ინგლისში წავიდა.
1893 წელს ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხვდა, სადაც კლასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ის მოუწოდებდა მოსახლეობას, არ დამორჩილებოდნენ მთავრობის უსამართლო კანონებს და საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად ებრძოლათ.
სამშობლოში 1915 წელს დაბრუნდა, რის შემდეგაც, შეიცვალა როგორც მისი, ისე ინდოეთის ცხოვრებაც.
მან ნელ-ნელა უარი თქვა ჩვეულებრივ ევროპულ ტანსაცმელზე და ინდური ნაციონალური სამოსით დაიწყო სიარული. ის მოუწოდებდა ინდოელებს, ყოფილყვნენ უბრალოები და ერთმანეთის მიმართ უფრო შემწყნარებლები გამხდარიყვნენ.
განდი კოლონიზატორის მოშორებას ისე ცდილობდა, რომ ბრიტანეთს სხვა გზა არ დარჩენოდა და ინდოეთიდან წასულიყო. მოსახლეობას მოუწოდებდა, არ ჩაეცვათ ინგლისის მიერ წარმოებული ტანსაცმელი და თავად შეეკერათ. ის ასევე მოუწოდებდა ხალხს, თავად ეწარმოებინათ მარილი, რადგან მისი წარმოების უფლება ინდოეთში იმ დროისთვის მხოლოდ დიდ ბრიტანეთს ჰქონდა.
1947 წელს განდის ძალისხმევისა და “სატიაგრაჰას” მეშვეობით, ინდოეთმა ინგლისისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოელ ხალხს თავისუფლება სურდა, ინდუსებსა და ისლამის მიმდევრებს შორის უთანხოება იყო. განდის უამარავი ცდის მიუხედავად, ეს კონფლიქტი ვერ გვარდებოდა და ამიტომ, 1948 წელს მან შიმშილობა დაიწყო. განდი ამბობდა: “სიკვდილი ჩემთვის გახდება სასწაულებრივი ხსნა. მიჯობს მოვკვდე, ვიდრე ვიყო უძლური და ვიყო თვითმხილველი ინდოეთის თვითმკვლელობისა”.
განდი სიკვდილის პირას იყო. ამან თითქოს დროებით გაჭრა, მან შიმშილობაც შეწყვიტა, თუმცა ინდოეთი ორ ნაწილად მაინც გაიყო, პაკისტანად და ინდოეთად.
იმის გამო, რომ განდი ინდოეთის მუსლიმი მოსახლების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას იჩენდა, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა – 1948 წელს, ლოცვისკენ მიმავალი განდის წინ ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ჩაიმუხლა, თითქოს კურთხევის მიღება უნდოდა. თუმცა მოულოდნელად, მან იარაღი ამოიღო და განდი მოკლა. “ო, ღმერთო“, – ეს იყო მაჰათმა განდის ბოლო სიტყვები.
“იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში”, – ამბობდა მაჰათმა განდი.