პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას, სადაც სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაცია მან ფორმულას დაუდასტურა და თქვა, რომ არჩევნებზე ის გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავა. მისივე თქმით, მას ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აქვს.
“დამოუკიდებლად კენჭისყრაზე უარი მქონდა ნათქვამი, არ ვაპირებდი. შემდეგ, მთელი ძალისხმევის შემდეგ [სოფლიდან] ვერცერთმა გაბედა ოპოზიციის მხრიდან წასულიყო კანდიდატად და ასე თუ ისე, იძულებული გავხდი თვითონ დავმდგარიყავი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მოძრაობა იქნება, ლეიბორისტები, ლელო, თუ ნებისმიერი, ჩემთვის მთავარია, ქართულ ოცნებას შევებრძოლო. გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავალ. ყველა პარტიის მხარდაჭერა მაქვს გარდა ქართული ოცნებისა”, – თქვა მაჩალიკაშვილმა ფორმულასთან საუბარში.