„მე გავიმარჯვებ და ამ გამარჯვებით დაიწყება ყველაზე დიდი პროცესი“…-გაიცანით კოკა ჯახუტაშვილი, ახალგაზრდა კანდიდატი თანამედროვე ხედვებითა და ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილებით.
„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთავარ ღირებულებას ადამიანი წარმოადგენს. ვიბრძვი უკეთესი საქართველოსთვის, რომლის ფუნდამენტიც ძლიერი სოფელი და ფერმერად ქცეული გლეხობა უნდა იყოს… ვიბრძვი იმისთვის, რომ პედაგოგები გათავისუფლდნენ პოლიტიკური კონიუქტურისაგან, რათა, მხოლოდ თავისუფალ პედაგოგს შეუძლია აღზარდოს ღირსეული მომავალი თაობა… ვიბრძვი იმისთვის, რომ სოფელი არ დაიცალოს. როგორც მე, წლების შემდეგ დავბრუნდი და ვცდილობ შევცვალო არსებული რეალობა უკეთესობისკენ, ამაში მინდა ბევრი მიმდევარი გამიჩნდეს ქვეყნის მასშტაბით და ერთად დავუბრუნოთ ქართულ სოფელს ძველი ღირსება“-ასე დაიწყო „გურიის მოამბესთან“ საუბარი, დვაბზუ-ბახვის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატობის კანდიდატმა, კოკა ჯახუტაშვილმა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დღევანდელი სოფლებისთვის არადამახასიათებელი მიდგომებითა და შეთავაზებებით შეეცდება დაამახსოვროს თავი თანასოფლელებს: „მათ უნდა იგრძნონ, რომ დეპუტატი ხალხს ემსახურება. რეალური თვითმმართველობა კი, ნიშნავს ხალხთან ერთად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღებას“-გვითხრა კანდიდატმა.
საკმაოდ ახალგაზრდა და ენერგიული კანდიდატი, ახლა აქტიურად მართავს წინასაარჩევნო კამპანიას და როგორც ამბობენ, გამარჯვების დიდი შანსიც აქვს.
მას მისი ამომრჩევლები კარგად იცნობენ. იცნობენ მისი პოლიტიკური ხედვებითა და სამომავლო გეგმებით, თუმცა, ჩვენ შევეცდებით ჩვენს მკითხველებსა და ზოგადად ოზურგეთს ის სხვა კუთხით გავაცნოთ.
საიდან მოდის, რისი გაკეთების სურვილი აქვს, როგორ იხსენებს ბავშვობას და პირველ სიყვარულს? კოკა ჯახუტაშვილი „გურიის მოამბესთან“ ამ და სხვა საკითხზე საინტერესოდ საუბრობს.
– მე ვარ კოკა ჯახუტაშვილი, დავიბადე ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში. 90-იანი წლების ბოლოს ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, გარემო-პირობების გასაუმჯობესებლად თბილისში გადავსულიყავით საცხოვრებლად ..მოგეხსენებათ თბილისში ცხოვრებამ შეტყუება იცის და ჩვენც ჩავებით ქალაქის ცხოვრების ფერხულში. თუმცა, მამაჩემისგან სულ მესმოდა, რომ აუცილებლად საცხოვრებლად უნდა დაბრუნებულიყო მის მშობლიურ სოფელში…სასკოლო არდადეგების დადგომა და ჩემი გურიაში წამოსვლა ერთი იყო… ასაკით ახალგაზრდა ვარ, თუმცა კარგად მახოვს სოფელში ნადის ტრადიცია, ჩაის კრეფა..
დიდ ბებიასთან და ბებიასთან ერთად დავდიოდი ჩაის ნაკვეთებში. მაშინ ბებიაჩემისთვის მითქვამს; ,, მე ამ სოფლის ხელმძღვანელი გავხდები- მეთქი“.
ეს ამბავი ბებომ შემახსენა,როდესაც ოფიციალურად დავსახელდი კანდიდატად.
ოჯახი და სიყვარული
- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ოთხნი ვიყავით; მე, დედა, მამა და ჩემი ძმა, მაინც ასე ვიტყვი, რომ დიდ ოჯახში გავიზარდე. ბედნიერი ვარ, რომ ბებია- ბაბუებთან ხშირი ურთიერთობა მქონდა.
დედა და მამა დაუღალავად შრომობდნენ ჩემი და ჩემი ძმისთვის კეთილდღეობისთვის. ჩემი ძმა ჩემზე 5 წლით უფროსია და ოჯახის ტვირთის აწევაც ჩემზე ბევრად ადრე მოუწია. თითქმის ყველა ჩემს ,,კაპრიზსა“ თუ სურვილს მისრულებდა და ყოველთვის ცდილობდა ყველაფერში ჩემი საყრდენი ყოფილიყო. ეს დღემდე ასეა.
რაც შეეხება სიყვარულს, როდესაც 14 წლის გავხდი ერთ-ერთ საღამოზე, ერთი ძალიან ლამაზი გოგო გავიცანი და შემიყვარდა…მერე ბევრმა წელმა გაიარა და დღეს ჩვენ ერთად ვართ. გვყავს 6 წლის ვაჟი და ერთად ვეწევით ცხოვრების რთულ გზას.
თითქმის არ გვიჩხუბია ამ წლების მანძილზე, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაბედნიეროთ. როდესაც ჩემი სურვილი გავუმხილე და გურიაში წამოსვლა შევთავაზე, არც დაფიქრებულა და უყოყმანოდ დამთანხმდა, რადგან იცის, რომ ხალხის დახმარება და რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა ეს ის საქმეა, რისი კეთებაც მაბედნიერებს.
პოლიტიკა და მიზნები, მიღებული გადაწყვეტილების სირთულეები
– ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთავარ ღრებულებას ადამიანი წარმოადგენს. თქვენს კითხვაზე შემიძლია მოკლედ ასე გიპასუხოთ- ვიბრძვი უკეთესი საქართველოსთვის, რომლის ფუნდამენტიც ძლიერი სოფელი და ფერმერად ქცეული გლეხობა უნდა იყოს… ვიბრძვი იმისთვის, რომ პედაგოგები განთავისუფლდნენ პოლიტიკური კონიუქტურისგან,რათა მხოლოდ თავისუფალ პედაგოგს შეუძლია აღზარდოს ღირსეული მომავალი თაობა. საბედნიეროდ, ასეთი მასწავლებლები არსებობენ. უბრალოდ, მათ თავისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდებათ.
ყველა დროის ყველაზე დიდმა პოლიტიკოსმა, უინსტონ ჩერჩილმა თქვა: ,,ერთი პედაგოგის ხელში იმაზე მეტი ძალაუფლებაა, რომელსაც ნებისმიერი მონარქი თუ პრემიერმინისტრიც კი ვერ იოცნებებდაო“.
ვიბრძვი იმისთვის, რომ სოფელი არ დაიცალოს. როგორც მე წლების შემდეგ დავბრუნდი და ვცდილობ შევცვალო არსებული რეალობა უკეთესობისკენ, მინდა, ამაში ბევრი მიმდევარი გამიჩნდეს ქვეყნის მასშტაბით და ერთად დავუბრუნოთ ქართულ სოფლებს ძველი ღირსება!
შენი მიდგომები და შეთავაზებები ამომრჩევლებს
_მინდა დღევანდელი სოფლისთვის არადამახასიათებელი მიდგომებით დავამახსოვრო თავი ჩემს თანასოფლელებს. მათ უნდა იგრძნონ, რომ დეპუტატი ხალხს ემსახურება. მინდა, რომ სიტყვა მსახურება ვაქციო ღირსებად. ვპირდები ამომრჩეველს, რომ ნებისმიერ საკითხს რომელიც განხილული იქნება საკრებულოს სხდომაზე და რომელშიც საზოგადოების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია, საჯარო განხილვის ფორმატით წარვუდგენ მათ და საერთო კენჭისყრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავეთანხმო თუ არა განსახილველ საკითხს. მაგალითისთვის ბიუჯეტის დამტკიცება შეგვიძლია ავიღოთ.
მე მჯერა, რომ მოსახლეობამ უკეთ იცის მათი საჭიროებები და ჩვენ მათი ხმა უნდა ვიყოთ საკრებულოში. ისინი ამისთვის გვქირაობენ ჩვენ.
რას შეცვლის კოკა ჯახუტაშვილი ოზურგეთის რეალობაში
_ არ მინდა დროს წინ გავუსწრო და მომავალში ვილაპარაკო, თუმცა, ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, კოკა ჯახუტაშვილი შეეცდება, რომ ოზურგეთის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს მოქალაქეებთან ერთად. ზუსტად ვიცი, რომ შევძლებ საზოგადოების გაერთიანებას, ახალგაზრდების გააქტიურებას. ამ ყველაფერში დეპუტატის მანდატი იქნება დამხმარე, რათა ჩვენს სიტყვას ფასი მიეცეს. ჩემთვის არ არსებობს ამომრჩევლების დაყოფა მათი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, რაც წლების მანძილზე ხდება. გეტყვით, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც მე არ მომცემენ ხმას, ზუსტად ისეთი მონდომებით ვიბრძოლებ, როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის. მჯერა, რომ თითოეულ ამომრჩეველს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, უყვარს ოზურგეთი და ჩემთან ერთად იბრძოლებს ოზურგეთისა და საქართველოს კეთილდღეობისთვის.
მჯერა,რომ ბევრი წელია ჩვენი ამომრჩეველი საგრძნობლად გაიზარდა პოლიტიკურად…. თუმცა ძალიან სამწუხაროა და ყურადსაღები, რომ ახლაც კი მიმდინარეობს ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა, თუ სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება.
ამომრჩეველს ვეტყოდი, რომ…
- ვიცი,რომ ბევრი წელია ჩვენი ამომრჩეველი საგრძნობლად გაიზარდა პოლიტიკურად. თუმცა, ძალიან სამწუხაროა და ყურადსაღები, რაც ახლა ხდება თავად იმ ადამიანების მხრიდან, ვინც საკრებულოში ხალხის მანდატის მისაღებად იბრძვის.
ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა, სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება… ამომრჩეველს ვეტყოდი, რომ-თუ თქვენს შეშინებას მოინდომებენ, მოაჩვენეთ რომ გეშინიათ… თუ თქვენ მოსყიდვას მოინდომებენ, თქვენი ხმა ძვირად შეაფასეთ… ძველ რომშიც კი, თავისუფალი მოქალაქის ხმა ძალიან ძვირი ღირდა… სამწუხაროა, რომ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. თუმცა, სწორედ ამიტომ, როდესაც მიხვალთ საარჩევნო ყუთთან, დაფიქრდით! თქვენს ხელში ერთი კალამი და მილიონობით ადამიანის ბედ-იღბალია! ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას ანგარებით ან შიშით! თქვენ იქ მარტო ხართ, თქვენს თავთან და თქვენს სინდისთან! დაფიქრდით, მოუსმინეთ გულსა და გონებას და მხოლოდ მაშინ შმოხაზეთ ის, ვინც გინდათ, როცა დარწმუნდებით, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის სიყვარულმა გიკარნახათ…
გზავნილი ახალგაზრდებს….
– მეც ახალგაზრდა ვარ და მეც ვყოფილვარ იმ მდგომარეობაში, როდესაც ვთვლიდი,რომ ჩემს წინ არსებულ რეალობას ვერ შევცვლიდი და მინდოდა გავრიდებოდი სიტუაციას. თუმცა, ოჯახისა და მეგობრების დახმარებით მუდმივად ვაგრძელებდი ბრძოლას.მინდა მივმართო ჩემს თაობას; მეგობრებო, ვისაც გინდათ რომ შეცვალოთ რეალობა, იბრძოლეთ ჩვენთან ერთად! ვიბრძოლოთ ერთმანეთის მხარდამხარ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლისთვის! ირწმუნეთ, რომ ჩვენს ხელშია ჩვენი ცხოვრების გასაღები და დამიჯერეთ, ყველაფერი შეიცვლება. მე ამის მჯერა და დაიჯერეთ თქვენც! ყოველ დილით უთხარით თქვენ თავს, რომ შენ ეს შეგიძლია!
და ბოლოს…
– მე გავიმარჯვებ! როდესაც მოგება-წაგებაზე ვფიქრობ, ბარათაშვილის ,,მერანი“ მახსენდება: ,,ფუჭად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი ჩვენგან თელილი მერანო ჩემო, მაინც დარჩება“.
მე მჯერა, რომ ჩემი და ჩვენი გუნდის გამარჯვებით გაიმარჯვებს ხვალინდელი დღე. რადგან, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს თაობა, რომელმაც თავისი სათქმელი არ თქვა და თავისი აგური არ დადო ქვეყნის მშენებლობის პროცესში.
მე გავიმარჯვებ და ამ გამარჯვებით დაიწყება ყველაზე დიდი პროცესი, რომელიც არჩევნებისგან განხვავებით არა 2 თვე, არამედ 4 წელი გაგრძელდება! მე მჯერა, რომ აუცილებლად ვიტყვი ჩემს სათქმელს!
კოკა ჯახუტაშვილი 1997 წელს ოზურგეთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 143-ე საჯარო სკოლა. გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში განათლება მიიღო საჯარო მართვის სპეციალობის კუთხით. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაცია“ თავმჯდომარე. ხუთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი. კითხულობს საჯარო ლექციებს სტუდენტურ გაერთიანებებში.