„ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა“ – განაცხადა დღეს, 7 ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლები იკლებდა, თუმცა ნელ-ნელა ახალი შემთხვევების ზრდა იწყება.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა და ყველა მაჩვენებელი თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში იკლებდა – ინცინდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც ქვემოთ წამოვიდა, რეპროდუქციის ინდექსი, მაგრამ ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვით. ბოლო 3 დღეა წინა ორ კვირასთან შედარებით სამშაბათიც, ოთხშაბათიც, ხუთშაბათიც 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს წინა სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იყო და ასევე ორი კვირის წინა სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ანუ ეს ძალიან ყურადღების მისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ნელ-ნელა ისევ ახალი შემთხვევების ზრდა გვეწყება. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს… ამიტომ ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს.
ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დავარდა და ბოლო ერთი კვირაა 7-8-9 ათასის ფარგლებში ვართ. ეს დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია ვიდრე აგვისტოში გვქონდა და 2.5-ჯერ ნაკლებია ვიდრე სექტემბერში გვქონდა. ეს ძალიან ცუდია“ – აღნიშნა გამყრელიძემ.